#OK! ცნობილია კერძების ჩამონათვალი, რომლითაც დონალდ ტრამპს დიდ ბრიტანეთში გაუმასპინძლდნენ

1 hour ago 1

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დიდ ბრიტანეთში მეორე სახელმწიფო ვიზიტის პირველი დღე მეფე ჩარლზ მესამის სახელით მის პატივსაცემად გამართული წვეულებით დასრულდა.

სახელმწიფო წვეულება ეს არის დიპლომატია ძვირფასი ჭურჭლითა და რჩეული კერძებით სავსე მდიდრულ სუფრასთან, ეს არის სახელმწიფო ვიზიტის თვალისმომჭრელი კულმინაცია და ოქროსა და ბროლის დღესასწაული.

ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა გულმოდგინედ იზრუნა იმაზე, რომ წვეულებას დონალდ ტრამპზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოეხდინა.

წვეულება უინძორის სასახლის წმინდა გიორგის დარბაზში გაიმართა. ეს იყო სანახაობა ინტერიერში, რომელიც ერთდროულად შუასაუკუნეების ნადიმებსაც მოგვაგონებდა და ჰარი პოტერის ფილმებსაც.

მაღალი რანგის სტუმრებს დახვეწილ უნიფორმებში გამოწყობილი სასახლის პერსონალი დახვდა, ისეთივე დისციპლინირებული და კარგად გაწვრთნილი, როგორც ის ჯარისკაცები, რომლებიც წვეულების დაწყებამდე აღლუმში მონაწილეობდნენ. ჭურჭელი განლაგებული იყო იდეალურად სწორ ხაზზე, მილიმეტრის სიზუსტით – სულ 1452 მოწყობილობა 160 სტუმარზე და თითოეულზე ხუთი სასმისი.

ტრამპის ვიზიტის საპატივცემულოდ გამართულ წვეულებაზე სტუმრებს ფრანგულად შედგენილი მენიუდან გაუმასპინძლდნენ:

  • ჰემფშირული კრესი-სალათის პანაკოტა, პარმეზანის ქაფქეიქის ბისკვიტით და მწყრის კვერცხებით.
  • ნორფოლკური ქათმის ბალოტინი ყაბაყში, სურნელოვან სოუსთან ერთად
  • ვანილის ნაყინი კენტის ჟოლოს სორბეტით და მოწალული„ვიქტორიას“ ჯიშის ქლიავით.

თეთრი სახლის ჟურნალისტებმა საზეიმო წვეულების მენიუ და ღვინის ბარათი გამოაქვეყნეს, საიდანაც ვგებულობთ, რომ სტუმრებს უინსტონ ჩერჩილის საყვარელი შამპანური შესთავაზეს და ღვინოების შესანიშნავი არჩევანი შესთავაზეს:

Wiston Estate, Cuvée 2016 წლის,

Domaine Bonneau de Martray, Corton-Charlemagne, Grand Cru 2018 წლის,

Ridge Vineyards, Monte Bello, 2000 წლის,

Pol Roger, Extra Cuvée de Réserve, 1998 წლის.

ვახშმის შემდეგ, ტრამპისადმი პატივისცემის ნიშნად, რომელიც აშშ-ის 45-ე და 47-ე პრეზიდენტია, სტუმრებს 1945 წლის Warre’s Vintage Port მიართვეს. ასევე კონიაკი Hennessy 1912 Cognac Grande Champagne, რომელიც სწორედ იმ წელს არის ჩამოსხმული, როცა ტრამპის დედა – მერი ენ მაკლაუდი დაიბადა.

Donald Trump & Mom Mary Anne MacLeod at an unspecified event, undated. (Photo by David Allen/Getty Images)

ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ალკოჰოლურ სასმელებს არ სვამს. ამის შესახებ ტრამპმა თავად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძმამ თხოვა ეს არასოდეს გაეკეთებინა. ფრედ ტრამპი 1981 წელს, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა, როცა დონალდ ტრამპი 35 წლის იყო. ტრამპის უფროსი ძმა ალკოჰოლიზმთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

სპირტიან სასმელებთან ამერიკის პრეზიდენტის დამოკიდებულების გათვალისწინებით, წვეულების ორგანიზატორებმა შექმნეს უალკოჰოლო კოქტეილი სახელწოდებით Transatlantic Whisky Sour , რომელიც კლასიკური Whisky Sour-ის „ბრიტანულ-ამერიკული ინტერპრეტაციაა“.

გავრცელებული ინფორმაციით, წვეულებაზე მეფე ჩარლზმა ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების საერთო ისტორიასა და უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

„დღეს, როცა ტირანია ისევ ემუქრება ევროპას, ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები უკრაინის მხარდასაჭერად, ერთად ვდგავართ რათა აგრესია შევაკავოთ და მშვიდობას მივაღწიოთ“, – განაცხადა ჩარლზ მესამემ.

სრულად წაკითხვა