#OK! ცხოვრებაში ყოველი სირთულე წარმატების წყაროდ ვაქციე – ნათია თოფჩიძე

3 weeks ago 13

„მე ვარ ადამიანი, რომელსაც სხვების გაბედნიერება ძალიან ახარებს“, – ამბობს პიარმენეჯერი, ნათია თოფჩიძე. ის საქართველოს ულამაზესი რეგიონიდან, აჭარიდან, ქალაქ ბათუმიდანაა. ნათია სხვადასხვა ესთეტიკური ცენტრისა და რესტორნის პიარმენეჯერია. წარმატებული კარიერის მიღმა არაერთი დაბრკოლება გადაულახავს, რამაც ის კიდევ უფრო გააძლიერა. დღეს კი ცდილობს, სხვა ქალებს მისცეს მოტივაცია და მაგალითი იმისა, რომ პრობლემის გადასაჭრელად გზა ყოველთვის არსებობს.

როგორი იყო თქვენი პროფესიული გზა?

დავამთავრე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დასავლეთევროპული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. გახსნის დღიდან ვმუშაობდი ბათუმის აეროპორტში, საავიაციო უშიშროების ზედამხედველი ინსპექტორის პოზიციაზე. მალევე მივხვდი, რომ სიამოვნებას მანიჭებდა ადამიანებთან კომუნიკაცია და მინდოდა საქმიანობის სფეროს შეცვლა, კერძოდ, სილამაზის ინდუსტრიაში მეცადა ბედი, რადგან ძალიან მაინტერესებდა და მომწონდა ეს სფერო. ბავშვობიდან ზღვა იდეებით სავსე ვარ, მიყვარდა ყურადღების, სითბოს გაცემა და ადამიანების სიურპრიზებით გაოცება, ჩემმა მეგობრებმა „ადამიანი-დღესასწაულიც“ კი შემარქვეს. 15 წლის წინ, როცა არც კი იცოდნენ, სიტყვა „ინფლუენსერი“ რას ნიშნავდა, ჯერ გავხდი ესთეტიკური ცენტრის პიარმენეჯერი, შემდეგ უკვე რესტორნის და ასე, ჯაჭვური პრინციპით გრძელდება დღემდე.

როგორც ვხვდები, თქვენს პროფესიულ ცხოვრებას თქვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს.

დიახ. სადაც კი მიმუშავია, ყველას სახელი ვიცი, დღემდე ვმეგობრობ მათთან და ყოველთვის თბილად ვხვდები. მე მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ და სულ ვამბობ, გამიმართლა, რომ მაქვს ისეთი სამსახური, რომელსაც არ აღვიქვამ სამსახურად, რადგან ის მე მაბედნიერებს. ვცდილობ შევქმნა ყველგან სამუშაო გარემო, სადაც ლოიალურობა, ერთმანეთზე ზრუნვა და სამართლიანობაა.

პიარმენეჯერობა უმრავლესობას მხოლოდ რეკლამა ჰგონია. ეს ასე არ არის. აბრევიატურა public relationship ნიშნავს საზოგადოებასთან ურთიერთობას, პიარმენეჯერი კი არის შუამავალი პირი, რომელიც ეხმარება კონკრეტულ კომპანიასა თუ ობიექტს საზოგადოებასთან ორმხრივ სწორად კომუნიკაციაში. მან უნდა შეძლოს სწორი ინფორმაციის მიტანა ადრესატამდე და შესაფერისი იმიჯისა და რეპუტაციის დამკვიდრება. ვიღაცისთვის შესაძლოა რთულია, მაგრამ ჩემთვის ძალიან მარტივი გამოდგა, რადგან თანდაყოლილი უნარ-ჩვევები მქონდა. როგორც აღვნიშნე, მიყვარდა და მსიამოვნებდა ადამიანების მოსმენა, მათთვის სასიამოვნო განწყობის შექმნა, რათა თავი განსაკუთრებულად ეგრძნოთ, და ეს მხოლოდ სტუმარს არ ეხება. სამწუხაროდ, საქართველოში ობიექტების უმრავლესობა სათანადოდ არ აფასებს თავის თანამშრომელს. პიარი კი, უპირველესად, შიდა პიარით იწყება, რომ სამსახურში მისვლა ჯერ თანამშრომლებს უნდა უხაროდეთ, როცა ასეა, მაშინ ეს ემოცია სტუმარზეც გადამდებია.

პირადი ცხოვრება…

ტოქსიკური ურთიერთობა მქონდა ერთ ადამიანთან, ძალიან ეჭვიანი იყო, საკუთარი თავის განვითარებასა და წარმატებაში ხელს მიშლიდა. სწავლაშიც კი… სამწუხაროდ, ქალებს გვჩვევია სიყვარულის მორევში გადავარდნა და საყვარელი ადამიანის ბედნიერებისთვის საკუთარის დათმობა. დღეს კი ვხვდები, ყველაზე დიდი შეცდომა სწორედ ეს იყო. როცა ადამიანს უყვარხარ, ამაყობს შენით და სტიმულს გაძლევს, უფრო დიდ მწვერვალებსა და წარმატებას მიაღწიო კარიერაში. ხვალინდელი დღე გარანტირებული არავის გვაქვს. მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა – დღეს უამრავი შესაძლებლობა ეძლევათ, სწავლა და განათლება მიიღონ, უპირველესად იფიქრონ კარიერაზე და ჩამოყალიბდნენ წარმატებულ პიროვნებებად. ამის მერე კი შეიძლება ცხოვრება დაუკავშირო ისეთ პიროვნებას, რომელმაც იცის თქვენი ფასი, ეყვარებით და უფრო მეტის კეთების სტიმულს მოგცემთ.

შვილი

საქართველოში, როგორც ალბათ ყოველი მეხუთე ქალი, ვარ მარტოხელა დედა. მყავს 19 წლის შვილი რეზი. ის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიამაყეა. როცა მას ვუყურებ, ვხვდები, თუ როგორ ვუყვარვარ უფალს, რომ მისი სახით დამასაჩუქრა… რეზის აქვს დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, უკეთილშობილესი პიროვნებაა, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ სწავლაზე.

რას ნიშნავს ბათუმი და ბათუმელობა თქვენთვის?

ვამაყობ, რომ ბათუმელი ვარ. ბათუმი სიყვარულის, მეგობრობის, სიმშვიდის, ახალი ენერგიისა და იდეების ქალაქია. ყოველი კუთხე, კუნჭული, ქვაც კი მიყვარს. აქ, ნებისმიერ ქუჩაზე ყოფნისას, ვგრძნობ, რომ სახლში ვარ – ყველგან ნაცნობი სახე მხვდება, მათი მოკითხვა და ჩახუტება კი სიყვარულითა და ბედნიერებით მავსებს.

თვისება, რომელიც ყველაზე მეტად გეხმარებათ წარმატებაში…

ბათუმი პატარა ქალაქია, ყველა ერთმანეთს იცნობს და იციან ჩემი პრინციპები, როცა გადავწყვეტ, სადმე კონკრეტული პროდუქციისა თუ ობიექტის პიარს, ერთგული ვარ. სხვა კომპანიების შემოთავაზებებს – უფრო მაღალი ანაზღაურების ფასად – არასოდეს ვცვლი! ჩემი დამოკიდებულება და აზრი არ იყიდება, ვარ ერთგული როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე, ჩემს საქმიანობაში, ალბათ ამ თვისებებმა განაპირობა ჩემი წარმატებაც.

რას ურჩევდით ქალებს, ვინც ახლა იწყებს კარიერას?

ვისწავლე, რომ ცხოვრებაში ყოველი სირთულე საკუთარი წინსვლისა და წარმატების წყაროდ უნდა ვაქციო. ქალი, როგორც დედა, ძლიერია. მგონია, რომ ქალები კიდევ ვერ ვიაზრებთ, თუ რა ძალა გვაქვს და რამდენი რამ შეგვიძლია. გიყვარდეთ საკუთარი თავი და იყავით თავდაჯერებულები. წაიქეცით?ამაყად წამოდექით, განაგრძეთ წინ სიარული და გჯეროდეთ, უფალი ყოველთვის იმ ადამიანის გვერდითააა, ვის გულშიც ის ცხოვრობს და არასოდეს დაგტოვებთ გასაჭირში. ადამიანებმა შეიძლება მიგატოვონ, მაგრამ ის არასოდეს.

სამომავლო გეგმები

ძალიან ბევრი იდეა მაქვს, რისი განხორციელებაც მინდა. მიუხედავად ამდენი კაფე-რესტორნისა, ვფიქრობ, მაინც აკლია ხალხს ისეთი მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც ყველა ადამიანს გააბედნიერებს, ამასთანავე, კომფორტული იქნება შშმ პირებისთვისაც, რათა თავი განსხვავებულად არ იგრძნონ.

ძალიან მიყვარს სიცოცხლე, ვაფასებ უფლისგან ბოძებულ ყოველ წამს და ხშირად ვამბობ, მიუხედავად ბევრი გასაჭირისა, სანამ ცოცხალი ვართ, იმდენად ძლიერად უნდა იყოს სიცოცხლის სიყვარული ჩვენში, რომ სხვა ადამიანისთვისაც გადამდები გავხადოთ. მინდა ყოველ ნაბიჯზე ბედნიერ ადამიანს ვხედავდე. სხვისი წარმატება და ბედნიერება თუ არ გახარებს, მაშინ არც ადამიანი ყოფილხარ.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა