წარმატება არ არის შემთხვევითი მოვლენა, ის ხანგრძლივი პროცესია ყოველდღიური შრომის, გამბედაობისა და თვითრწმენის. ქალები, რომლებმაც გაბედეს, სცადეს, გადაწყვიტეს, დღეს სტერეოტიპებს ანგრევენ და ახალი რეალობის შექმნას ახერხებენ, უკვე წარმატებული ლიდერები არიან. სწორედ ასეთი ქალები გვსტუმრობენ დღეს, ქალები, რომლებმაც თავიანთ სფეროში შეუძლებელი შესაძლებლად აქციეს. ისინი გვიყვებიან საკუთარ ამბავს, რომელიც სავსე იყო გამოწვევებით, პატარა თუ დიდი გამარჯვებებით და შეცდომებით, რომელიც გარდაუვალია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, რის შემდეგაც გამარჯვებას სულ სხვა გემო, ელფერი და ფასი აქვს. ეს ისტორიები მათთვისაა, ვინც დღეს იწყებს კარიერას, ვინც ოცნებობს ან ეძებს შთაგონებას, ან ორჭოფობს, სცადოს თუ არა, ან ელოდება ნიშანს სამყაროსგან. და თუ შენ ახლა ამას კითხულობ, გეტყვი, რომ წარმატებას თავად შენ ქმნი! უბრალოდ, გაბედე, მხოლოდ შენ შეგიძლია პატარ ნაბიჯებით მიხვიდე იქ, სადაც ყოველთვის გინდოდა მისვლა. გაბედე და ირწმუნე საკუთარი თავის.
ანჟელა ბაკურაძე, დერმატო-კოსმეტოლოგი

კარიერული გზის დაწყება ადვილი არ ყოფილა, მითუმეტეს გამოცდილებისა და ფინანსების გარეშე. მქონდა მხოლოდ სუფთა, ცარიელი ხელები და დიდი სურვილი, რომ ამ ხელებით რაღაც ლამაზი შემექმნა. ჩემი პროფესიული ინტერესი და მოტივაცია საწყის ეტაპზე განსაზღვრა საგვარეულო მალამოების ტრადიციამ, რომელიც მერგო დიდი ბებიისგან. სილამაზის სფერო ჩემთვის არ ყოფილა უბრალოდ საქმიანობა – ეს იყო გამოტანილი შინაგანი მოწოდება, რომელსაც თან მოჰყვა წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და თავდადება.
90-იანი წლების ქაოსური გარემო არანაირად არ უწყობდა ხელს ესთეტიკის განვითარებას. პაციენტების მომსახურება გვიწევდა თვითნაკეთი აპარატებით – ერთ-ერთი ასეთი იყო ხის ყუთში აწყობილი ელექტროეპილატორი, რომელიც დღემდე სიმბოლოდ მახსენებს იმ დროის რთულ, მაგრამ გონებაგახსნილ მუშაობას. დენის არარსებობა გვაიძულებდა ალტერნატიული გზების ძიებას – ჩემი მეუღლე თავად აწყობდა სპეციალურ სისტემებს აკუმულატორებით, დენის გარდამქმნელებითა და ხიდების მოწყობილობებით, რათა ჩემი სამუშაო ოთახისთვის მინიმალური ელექტროენერგია მიეწოდებინა.
32 წელია ამ საქმეში ვარ და არასოდეს შევჩერებულვარ – ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც შემიძლია ჩემი პაციენტებისთვის ხარისხიანი, თანამედროვე და ინდივიდზე მორგებული მომსახურება. ესთეტიკა ჩემთვის არის არა მხოლოდ ვიზუალური გარდასახვა, არამედ ადამიანის თავდაჯერებულობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერა – ეს ჩემი ყოველდღიური მიზანია.
ისინი, ვინც ახლა იწყებთ კარიერულ გზას და ფიქრობთ, რომ ჯერ ადრეა, ან ძალა არ გაქვთ, მინდა გითხრათ, რომ მე აქამდე სუფთა ხელებით მოვედი.
რაც მაქვს, ყველაფერი ამ ხელებმა შექმნეს მიეწოდებინა შრომით, სიყვარულითა და რწმენით.
არასდროს შეგეშინდეთ პატარა ნაბიჯების. სილამაზის ინდუსტრია დიდია, მაგრამ ადგილი ყველასთვის არის, ვისაც გულწრფელად უყვარს ის, რასაც აკეთებს. და როცა ამ საქმეს სიყვარულით ემსახურები, სილამაზე გიბრუნდება – ბევრად უფრო ძლიერად, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდი.
ანა შარვაძე, ექიმი-სტომატოლოგი და კლინიკური დირექტორი, ლიცენზირებული სოციალური მენეჯერი (NY, USA) ჯანდაცვისა და ბიზნესის მიმართულებით, ინოვაციური პროექტების ავტორი და დამფუძნებელი:

გახლავართ ორი ამერიკული ბიზნესსექტორის დამფუძნებელი: Alcon Trans Corporation – სატრანსპორტო სფერო და Happy Senior Homecare LLC – პაციენტთა ამბულატორიული მოვლის სერვისები. ასევე, საქართველოში GAD – ქართულ-ამერიკული სტომატოლოგიური კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი.
უნივერსიტეტის დამთავრების დღეს, ჩემთვის მნიშვნელოვან მომენტში, ჩემი პირველი საჯარო ხედვა ვთქვი: „ერთ დღეს ჩვენი ძალები ერთ სივრცეში შეიკრიბება და ადამიანი იქნება ჩვენი საერთო მიზანი – ჯანმრთელობა, სანდო პროფესიონალიზმი და პროგრესი“.
ეს არ ყოფილა მხოლოდ ემოცია, ეს იყო ხედვა, გეგმა და პასუხისმგებლობა, რომელიც შემდეგ ჩემს გზად ვაქციე. ემიგრაციის სირთულეებისა და მარტოობის მიუხედავად, მქონდა ყოველთვის ერთი მიზანი: ჩემს სამშობლოში შემექმნა პროფესიული სივრცე, სადაც ხარისხი სტანდარტი იქნებოდა. ამიტომ გავბედე კომფორტის ზონის დატოვება და ამერიკაში წასვლა საერთაშორისო გამოცდილების მისაღებად, ფინანსური დამოუკიდებლობისა და პროფესიული სტანდარტების განსამტკიცებლად.
დღეს საქართველოში მალე გაიხსნება მიმდინარე პროექტი GAD – ქართულ-ამერიკული სტომატოლოგიური კვლევითი ცენტრი, სადაც პროფესიონალიზმი არის წლების შრომის, დისციპლინისა და პროგრესის შედეგი.
ეს მაგალითი აჩვენებს, რომ მიზანს ძალა აქვს, თუ მას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვები და არ გეშინია სირთულეების. წარმატება მოაქვს ყველაფერს, რაშიც გულსა და ენერგიას ჩადებ – შრომას, ცოდნას, მოთმინებასა და რწმენას.
ქალებს ვეტყოდი: არავის მისცეთ უფლება, დაგიწესოთ საზღვრები. თქვენი შესაძლებლობა ბევრად დიდია, ვიდრე დღეს წარმოგიდგენიათ. იყავით ძლიერი გადაწყვეტილებებში, ნაზი ადამიანობაში და შეუპოვარი მიზნებში. არ შეგეშინდეთ შეცდომების, მათზე სწავლობთ. არ ჩაიკარგოთ სირთულეებში, ისინი დროებითია. გახსოვდეთ, ქალი, რომელიც საკუთარ მიზანს მისდევს, საკუთარ ძალას აღიარებს და საკუთარ რთულ გზას ქმნის, შეუჩერებელია.
ნესტან წურწუმია, ეკონომისტი, „ბიგ დეის“’ დამფუძნებელი:

ბავშვობიდან მინდოდა საკუთარი საქმე მქონოდა – ბიზნესი, რომელიც შემოსავლის წყაროსთან ერთად ჩემი იდეებისა და ენერგიის რეალიზაციის საშუალება იქნებოდა. დამოუკიდებლობა და საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის მიზიდავდა. გამოცდილებებმა მასწავლა, რომ ბიზნესი მხოლოდ იდეა კი არა, პასუხისმგებლობა, გამბედაობა და მუდმივი განვითარებაა. ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ, მცირე პროექტებიდან დიდ მიზნებამდე მივედი და საბოლოოდ გადავწყვიტე, ოცნება რეალობად მექცია. დღეს ბიზნესი ჩემთვის თავისუფლებაა, ზრდის შესაძლებლობა და პიროვნული განვითარების გზა.
ჩემი საქმიანობა ბავშვთა გასართობ ინდუსტრიას უკავშირდება, რომელიც დღეს უკვე დასავლეთ საქართველოს სამ ქალაქში – ზუგდიდში, ფოთსა და ქუთაისში – ერთიანი ქსელის სახით ფუნქციონირებს. ახლა კი მიმდინარეობს აქტიური მუშაობა დედაქალაქში, თბილისის ცენტრალურ უბანში დამატებით კიდევ ერთი გამორჩეული ფილიალის გახსნაზე. პარალელურად წარმატებით ვმუშაობ მეორე მიმართულებითაც – საკონდიტრო ნაწარმის წარმოება. მაღალი ხარისხი, გამორჩეული გემოები და სტანდარტებზე მორგებული წარმოება უკვე ორ ქალაქშია წარმოდგენილი. ეს არის ბრენდი, რომელიც მუდმივად ვითარდება, ქმნის სიახლეებს და მომხმარებლებს სანდო, გემრიელ და სტაბილურ პროდუქტს სთავაზობს.
ოჯახი ჩემი წარმატების საყრდენი და მთავარი ინსპირაციაა. მყავს მეუღლე და ხუთი შვილი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემი მეუღლის მხარდაჭერა, რომელიც არა მხოლოდ ცხოვრების პარტნიორი, არამედ ბიზნესის აქტიური თანამონაწილეცაა. ის ფინანსური მენეჯერის პოზიციაზეა ჩართული.
ბავშვთა გასართობი სივრცეების შექმნის იდეა ჩემში მეწარმეობისა და ბავშვებისთვის უსაფრთხო, ხარისხიანი გარემოს შექმნის სურვილს აერთიანებდა. 2018 წელს ზუგდიდში გავხსენი პირველი ობიექტი. სირთულეების მიუხედავად, გაუჩერებლივ წინსვლა გახდა ჩემი მთავარი პრინციპი. ჩემი წარმატება ეყრდნობა მიზნის სიძლიერესა და საკუთარი თავის რწმენას.
წარმატება არ არის შემთხვევითობა, ის სწორი არჩევანისა და მუდმივი განვითარების შედეგია. მჯერა, რომ საკუთარი თავის რწმენა წარმატების საფუძველია – ყოველდღიურად ახალი ნაბიჯების გადადგმა, დისციპლინა, შრომა და პოზიტიური დამოკიდებულება ნებისმიერ იდეას რეალობად აქცევს.
დაიწყეთ იქიდან, სადაც ხართ, იმით, რაც გაქვთ. იდეალური მომენტი არასდროს დგება, მაგრამ პირველი ნაბიჯი ყოველთვის ქმნის ახალ კარს და ახალ შესაძლებლობებს. ენდეთ საკუთარ თავს, რადგან პოტენციალი თქვენშიც ზუსტად იმავე მასშტაბითაა, როგორც ნებისმიერ წარმატებულ ადამიანში. წარმატება იწყება ერთი გადაწყვეტილებით – ვცდი. და ეს გადაწყვეტილება შეგიძლიათ დღესვე მიიღოთ.
მელანო გვენეტაძე, ფილოლოგი, ჟურნალისტი, ამჟამად საქმიანობს ესთეტიკის სფეროში:

წარმატების გზა ჩემთვის არ დაწყებულა ერთ კონკრეტულ მომენტში – ეს იყო პროცესი, რომელიც საკუთარი თავის გაცნობით, შრომით, შეცდომებითა და მათგან სწავლით ავაგე. სილამაზის სფერო ჩემთვის მხოლოდ საქმიანობა არაა, არამედ ადამიანებთან ურთიერთობა, ნდობა, პასუხისმგებლობა და მუდმივი განვითარებაა. თავიდან რთული იყო, იყო შიში და მარცხი, მაგრამ არასდროს დამიკარგავს სურვილი, მებრძოლა მიზნებისთვის. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ წარმატება მხოლოდ ცოდნა არაა – ის მოითხოვს ყურადღებას, ემპათიას, პატივისცემასა და უნარს, თითოეული სტუმარი განსაკუთრებული გახადო.
ბიზნესი ყოველთვის მოითხოვს მოთმინებას, გადაწყვეტილებების მიღებასა და რისკს. ჩემი სალონი ნელ-ნელა იქცა სივრცედ, სადაც ადამიანები სერვისითა და ატმოსფეროთი ბრუნდებიან. განვითარება აუცილებელია და ყოველი ახალი გამოწვევა ახალი შესაძლებლობაა. ჩემი წარმატების გზა ერთი წინადადებით ასე შემიძლია შევაჯამო: ეს არის ძალის, რწმენის, გატაცებისა და საკუთარი თავის გაუმჯობესების ყოველდღიური ბრძოლა. ბრძოლა, რომელიც წარმატებით მთავრდება! წარმატება კი არ არის ერთჯერადი მიღწევა. ეს არის უწყვეტი პროცესი, სადაც ყოველდღიური პატარა ნაბიჯები საბოლოოდ დიდ შედეგად იქცევა. როდესაც შენი პროფესია შენთვის მხოლოდ შემოსავლის წყარო კი არ არის, არამედ ის სივრცეა, სადაც საკუთარ თავს ავლენ. ადგილი, სადაც ადამიანების ნდობა შენს ხელშია და ყოველი მომხმარებელი შენი სამუშაოს პირდაპირი შეფასებაა.
ქალებო, უპირველესად, ნუ შეგეშინდებათ! ყველა ბიზნესი იწყება იმ ადგილიდან, სადაც ჯერ ვერ გცნობენ. ეს ნორმალურია, მთავარია არ დაკარგოთ მოტივაცია იმ დღეებში, როდესაც შედეგებს ვერ ხედავთ – ეს დღეები კი არ არის დაკარგული, იქ დაგროვილი ენერგია და გამოცდილება მოულოდნელად ერთ დღეს სწორედ იქ აფეთქდება, სადაც საჭიროა. მეორე, არავინ დაგიჯერებთ, თუ თქვენ არ გწამთ საკუთარი თავის. თავდაჯერება არაა ხმამაღალი განცხადება, არამედ ყოველდღიური საქმის კეთებაა, ისე, რომ სამტკიცებელი არაფერი გჭირდეს.
ბიზნესში წარმატება პრინციპებით მოდის – შექმენით საკუთარი სტანდარტები, იყავით თქვენი ბრენდის სახე, დაიწყეთ იმ რესურსებით, რაც გაქვთ. ნაბიჯ-ნაბიჯ შექმენით გზა, დაიჯერეთ თქვენი იდეა და იყავით საკუთარი გუნდი, მენეჯერი და მოტივატორი. ნუ შეადარებთ თავს სხვებს – წარმატება ინდივიდუალურია და საკუთარი ადგილი თავად უნდა შექმნათ.
თეკლა (თეა) გეთიაშვილი, იურისტი, ჟურნალისტი, მწერალი, არტთერაპევტი, ნეიროლინგვისტური პროგრამირების პრაქტიკოსი ფსიქოლოგი:

მეხუთე წელია ფსიქოლოგიაში აქტიურად ჩავები, ამავდროულად, ვარ სრულიად განსხვავებულ სფეროში ხელმძღვანელის პოზიციაზე და მაქვს ჩემი პოდკასტი სახელწოდებით – „სეანსი“. ასევე, გახლავართ არტთერაპევტი, თუმცა ძირითად მიმართულებად არჩეული მაქვს ნეიროლინგვისტური პროგრამირება, რადგან მოგეხსენებათ, NLP არის ახალი მიმდინარეობა ფსიქოლოგიაში, რომელიც სწავლობს ადამიანის ტვინს ნეირონულ დონეზე, იყენებს ტექნიკებს, რომლებიც ეხმარება ადამიანს, უკეთ გაიგოს საკუთარი თავი, ჩამოაყალიბოს სასურველი მიზნები და უფრო ეფექტურად იმოქმედოს მათ მისაღწევად.
ვიტყოდი, ამ გზაზე მოვხვდი სრულიად შემთხვევით-მეთქი, მაგრამ სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება. რამდენიმე წლის წინ ჩემს ცხოვრებაში დადგა მორიგი ურთულესი მომენტი, როდესაც გავაცნობიერე, რომ ყველაფერს ვკარგავდი – ადამიანებს, კარიერას, სტატუსს. ერთი დღე-ღამე ავიღე ჩემს თავთან ტაიმ-აუტი, ჩავიკეტე, ვიტირე, გამოვიგლოვე საკუთარი მდგომარეობა და შემდეგი დღე მოვანდომე ფიქრს, თუ როგორ უნდა დამეწყო ნულიდან და რა შეიძლებოდა გამეკეთებინა ისეთი, რომ იმ ძველი ყველაფრისგან და ყველასგან შორს ვყოფილიყავი, დამეწყო ახალი საქმე და პირველ რიგში საკუთარი თავისგან მიმეღო ვალიდაცია, რომ თეკლა, ბრავო, შენ ეს შეძელი!
დავჯექი, ჩამოვაყალიბე ჩემი ძლიერი მხარეები (NLP ფსიქოლოგიაში ნათელი წერტილები ჰქვია): ვიზუალი, ხმის ტემბრი, გონება (ფსიქოლოგია, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეწაფებოდი), თავდაჯერებულობა და მძიმე წარსული, სადაც მილიონჯერ ჩავიფერფლე და მილიონჯერვე უფრო დიდი აღვდექი, ეს აუდიტორიისთვის დიდი სტიმული იქნებოდა.
ავდექი, ჩავრთე კამერა და დავიწყე „თეკლას რჩევების“ ვიდეოების ჩაწერა ტიკტოკისთვის. თავიდან მყავდა 3 გამომწერი, აქედან ორი ოჯახის წევრი იყო. პარალელურად დავიწყე nlp-ის შესწავლა და პრაქტიკაში გამოყენება. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემი თავის ახალი ვერსია თავადვე ვშობე, სამშობიარო ტკივილები იყო საკმაოდ მძიმე, მაგრამ პროდუქტიული.
წარმატება მოაქვს მუხლჩაუხრელ მუშაობას საკუთარ თავზე და ინვესტიციის ჩადებას თვითგანვითარებაში. ქალებს ვეტყოდი, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მოიპოვონ საკუთარი თავის რწმენა, დარწმუნდნენ თავიანთ შესაძლებლობებში, დასახონ მიზანი და მიჰყვნენ მას ბოლომდე, არასოდეს შეუშინდნენ სირთულეებს და აუცილებლად ყველაფერი გამოუვათ.
როდესაც თომას ედისონს ჰკითხეს, მას შემდეგ, რაც 9999 მარცხი განიცადა ნათურის გამოგონების დროს და 12 ლაბორატორია ააფეთქა, თუ რა აძლევდა ძალას, მუდმივი წარუმატებლობების მიუხედავად გადაედგა კიდევ ერთი ნაბიჯი, თქვა: მე, უბრალოდ, აღმოვაჩინე 9999 გზა, რომლითაც აღარ უნდა გავიარო.
სოფო სუხიტაშვილი, პროგრამისტ-ეკონომისტი, „ბოდი ესთეტიკის“ დამფუძნებელი:

„ბოდი ესთეტიკის“ შექმნის იდეა 2018 წელს გაჩნდა. განვლილი გზა სავსე იყო გამოწვევებით, ფინანსური სირთულეებით, მუდმივი დაძაბულობით, გაურკვევლობით და კითხვებით „გამოვა თუ არა?“ უძილო ღამეები, მუშაობა 24/7-ზე – თითოეულ პატარა დეტალში ჩადებული უამრავი ენერგია და შრომა იქცა იმ ყველაფრის საფუძვლად, რომელმაც დღეს წარმატებული საქმე შექმნა.
ჩვენი კომპანიის მთავარი ღირებულება არის ადამიანური დამოკიდებულება, ჩვენთვის არავინაა მხოლოდ პაციენტი, ყველა, ვინც „ბოდი ესთეტიკში“ შემოდის, ჩვენი ისტორიის ნაწილი ხდება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ „ბოდი ესთეტიკში“ თავი ყველამ იგრძნოს დაცულად, დაფასებულად და ლამაზად.
წარმატება მოაქვს საქმის სიყვარულს, ყოველდღიურ შრომას და მებრძოლ ხასიათს, იმას, რომ სირთულეების მიუხედავად, არ ნებდები. ახალგაზრდებს ვურჩევ: არ დაელოდოთ იდეალურ დროს, დაიწყეთ ახლა, არ შეგეშინდეთ შეცდომების და ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი ძალის.
მარიამ ბრეგაძე, L&B DECOR-ის დიზაინერი:

დედის და დეიდის შექმნილ ესთეტიკურ სამყაროში გავიზარდე და მათი გზის გაგრძელება დღეს ჩემი მთავარი მოწოდებაა. ბავშვობიდან ხელოვნება ჩემი ყოველდღიურობა იყო – ოჯახში ყველა მუსიკით სუნთქავდა, ბაბუის ძმის, მოქანდაკისა და მხატვრის ნამუშევრებმა კი ჩემი განსხვავებული ხედვა ჩამოაყალიბა. ხელოვნება ჩემთვის არასდროს ყოფილა უბრალოდ ჰობი – ეს იყო ენა, სადაც საკუთარ თავს ვპოულობდი. ვმღერი, ვუკრავ, ვხატავ და ამ მრავალფეროვანმა უნარებმა იქამდე მომიყვანა, სადაც დღეს ვარ – სივრცეების სამყაროში, სადაც ემოციებს ფორმას ვაძლევ. ჩვენს ოჯახში ხშირი იყო ინტელექტუალური და სადღესასწაულო შეხვედრები, სუფრების საკუთარი ხელით გაფორმება კი ყოველთვის განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდა. სწორედ იმ ბავშვობის ემოციებს ვაქცევ დღეს დიზაინად.
L&B DECOR-ის ღონისძიებების დეკორი 3 წელია არსებობს. ბრენდი, რომლის არსიც დედაჩემისა და დეიდაჩემის ხელში ჩამოყალიბდა. ეს არ ყოფილა უბრალოდ ბიზნესი, ეს იყო ოჯახური საქმე, ფესვებამდე გულიანი და კეთილსინდისიერი. როდესაც მათ გზაზე მე გამოვჩნდი, ბრენდის სუნთქვამ ახალი ტონი შეიძინა.
გამოვირჩევით მრავალპროფილურობით – ტექსტილის დიზაინით, საბავშვო ხაზით, ფარდების სალონით, „ბუბუსის“ აქსესუარებით. შემდეგ მოვიგეთ „აწარმოე საქართველოს“ გრანტი, განვაახლეთ ტექნოლოგია და უკვე ბუნებრივად მივედით იქამდე, რომ ბრენდს ღონისძიებების დიზაინი და ორგანიზება დამატებოდა. დღეს ვქმნით საქორწინო, კორპორაციულ, საიუბილეო და უამრავ სხვა ტიპის სივრცეს – თითოეული მათგანი ჩემთვის პატარა ხელოვნების ნამუშევარია.
ის ფაქტი, რომ 3 წელიწადში მთელი ქვეყნის მასშტაბით შეგვიყვარა საზოგადოებამ, ყველაზე დიდი მადლობის ტოლფასია. ხშირად გგონია, რომ ცვალებადი ქარები შენს წინააღმდეგ უბერავს, მაგრამ რეალურად ისინი გიბიძგებენ დაწინაურებისკენ.
ქალებს, ვინც ახლა იწყებენ კარიერულ გზას, მინდა ვუთხრა: არ შეგეშინდეთ დიდი ოცნებების და თქვენი განსხვავებულობის – ხშირად სწორედ ეს ქმნის მომავალს. იყავით განათლებული, შრომისმოყვარე, მშვიდი საკუთარი თავის მიმართ და ენდეთ ინტუიციას. წარმატება ყოველდღიური მცირე ნაბიჯების, დინჯი შრომისა და ერთგული სვლის შედეგია. ყველაფერი შესაძლებელია, თუ მიზანი გაქვთ, მთავარია, რასაც აკეთებთ, სიყვარულით აკეთოთ, რადგან სიყვარულით შექმნილი საქმე არასდროს ქრება.
თიკო წითაძე, ექიმი-ორთოდონტი:

2021 წელს მივიღე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება – ჩემს ქალაქში დაბრუნება და თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სტომატოლოგიური და ორთოდონტიული კლინიკის შექმნა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ თანამედროვე ტექნიკის მოზიდვა, არამედ გუნდის ფორმირება, რომელიც პროფესიონალიზმით, სიზუსტითა და ადამიანურობით გამოირჩეოდა.
ორთოდონტია მხოლოდ კბილების გასწორება არ არის, ეს არის პროცესის სწორად დაგეგმვა, დეტალებში ჩაღრმავება და თითოეული პაციენტის უნიკალური შემთხვევის გათვალისწინება.
პაციენტთან კომუნიკაცია ჩემთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ყოველთვის ვცდილობ, ყველა ნაბიჯი გასაგებად ავუხსნა, რათა მათ იცოდნენ, რატომ ვატარებთ თითოეულ მკურნალობას. მჯერა, რომ საუკეთესო შედეგი იქმნება მაშინ, როცა პაციენტი და ექიმი ერთ გუნდად მუშაობენ.
დღეს ჩემი კლინიკის მთავარი ძალა არის პროფესიონალების გუნდი, რომელიც თითოეულ საქმეს ზედმიწევნითი სიზუსტითა და პასუხისმგებლობით ასრულებს. ჩვენი წარმატება არის სტაბილური განვითარება, მუდმივი სწავლა, ინოვაციებზე სწრაფი რეაგირება და პაციენტების ნდობა, რომელიც ყოველდღიურად გვაძლიერებს.
ყველა ქალს, ვინც ახლა იწყებს პროფესიულ სვლას, ბიზნესს ან თავის გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამს, ერთი რამ მინდა ვუთხრა, არ შეგეშინდეთ, ყოველი დიდი ცვლილება იწყება ძალიან პატარა, თითქოს უხილავი ნაბიჯებით. დაიჯერეთ თქვენი ძალის. ქალებს საოცარი ინტუიცია, გამძლეობა და შემართება გვაქვს. სწორედ ეს თვისებები გვაძლევს საშუალებას, იქ შევძლოთ, სადაც სხვები ფიქრობენ, რომ შეუძლებელია.
იყო რთული მომენტები, როცა მეც მარტო მომიწია გადაწყვეტილებების მიღებამ და ბევრჯერ თავიდან დაწყებამაც. მაგრამ საბოლოოდ ერთ რამეს მივხვდი: ყველაზე დიდი საიდუმლო არის მუდმივი შრომა, შეუჩერებელი შემართება და არასდროს დანებება. როცა არ ნებდები, გზა აუცილებლად ჩნდება!
ლიანა ბედინაძე, პედაგოგი და ლიტერატურული შემოქმედი:

მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილებითა და ჩამოყალიბებული ხედვით შევქმენი სივრცე, სადაც სწავლება, აღზრდა და კულტურული განვითარება ჰარმონიულად ერთიანდება. ასოციაცია „მცოდნელის“ დირექტორის რანგში ვმუშაობ პედაგოგების განვითარებასა და თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე. ჩემი ხელმძღვანელობით განხორციელებული სემინარები, ტრენინგები და ინოვაციური პროექტები ადასტურებს ჩემს რწმენას, რომ ძლიერი მასწავლებელი ქმნის ძლიერ მომავალს.
შემოქმედებით სფეროში მაქვს დამკვიდრებული სახელი, როგორც პოეტს. ჩემი ლექსები გამოირჩევა სენსიტიურობით, სიღრმითა და ემოციური ინტელექტით, რაც კიდევ უფრო ამდიდრებს ჩემს პროფესიულ პროფილს.
ჩემი კარიერული და პიროვნული ზრდის ძირითადი საყრდენებია: განათლებისადმი უანგარო სიყვარული, დაუღალავი შრომა და თვითგანვითარება, შემოქმედებითი ხედვა, ლიდერული უნარები, სიმტკიცე და პასუხისმგებლობა, სოციალური მისია.
ჩემი პროფესიული ფილოსოფიის საფუძველია „ყოფაქცევის კულტურა“ – მიდგომა, რომელიც ბავშვის განვითარების აკადემიურ ცოდნას სცდება და ყურადღებას ამახვილებს ქცევაზე, ემოციების მართვაზე, ურთიერთობებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე. ამ პრინციპებზე შექმნილი წიგნები ხელს უწყობს დაწყებით კლასებში ეთიკური ქცევის, კრიტიკული აზროვნების, ემოციური ინტელექტისა და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას.
მწამს, რომ ლიდერობა იწყება პასუხისმგებლობის აღებით – შეცდომები განვითარებაა, ხოლო თამამი გადაწყვეტილებები ქმნის ძლიერ შედეგებს.
- ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობები: ბევრ ქალს დაბრკოლებებს არასწორი თვითშეფასება უქმნის.
- განათლება – მუდმივი პროცესი. ნურასდროს შეწყვეტთ სწავლას.
- იპოვეთ საქმე, რომელიც გულით გიყვართ. ნამდვილი წარმატება იწყება იქ, სადაც პროფესია ხდება მოწოდება.
- იყავით გაბედულები და ეძებეთ ახალი გზები.
- ნუ შეგეშინდებათ შეცდომების.
- ძლიერი პროფესიული ქსელი. საუკეთესო წარმატებები იქმნება თანამშრომლობით. დააფასეთ თქვენი გუნდი, კოლეგები და პროფესიული პარტნიორები.
- იზრუნეთ საკუთარ ემოციურ კეთილდღეობაზე. დაიცავით ბალანსი კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის.
- იყავით ლიდერი, რომელიც სხვებს შთააგონებს.
წარმატებული ქალი არამხოლოდ აღწევს საკუთარ მიზნებს, იგი შთააგონებს სხვებს. გამოხატეთ ლიდერული ღირებულებები: სამართლიანობა, ეთიკა, გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობა. ქალი, რომელიც სხვებს აძლიერებს, ქმნის ძლიერი საზოგადოების საფუძველს.
სალომე ხურციძე, სურსათის სპეციალისტი, „ნოას სთორის“ დამფუძნებელი:

მაქვს საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია ქუთაისში. განსხვავებული, ვინტაჟური სტილის სამოსი გათვლილია 0 თვიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. მისი შექმნის იდეა 4 წლის წინ გამიჩნდა, როცა ჩემი მეორე შვილი, ნოა დაიბადა. სწორედ ჩემი შვილია შთაგონების წყარო და ამ მაღაზიასაც მისი სახელი „ნოას სთორი“ დავარქვი.
თავდაპირველად ვმუშაობდი ონლაინ, შემდეგ გადავწყვიტე, რომ მიზნები უფრო განმევითარებინა. ამისთვის საკმარისი არ იყო მხოლოდ ონლაინგაყიდვები და გავხსენი საკუთარი მაღაზია, სადაც მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, ადგილზე ნახონ ყველა სამოსი და შეარჩიონ მათთვის სასურველი მოდელები. ჩემს წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს მეუღლეს, ოჯახის წევრებს და, რა თქმა უნდა, მეგობრებს. მათი დახმარებით გავიარე ეს გზა და მოვედი აქამდე.
მთავარია ადამიანს გქონდეს სურვილი, მიზანი და დაუზარელი შრომა ამ მიზნის მიღწევისთვის. ყველა ქალი უნდა იყოს ძალიან თვითდაჯერებული და ნებისმიერ გამოწვევას უნდა შეხვდეს თავდაჯერებულად. ეს აუცილებლად მოუტანს მას წარმატებას.
ნინო ქურასბედიანი, საჯარო სამართლის მაგისტრი, საჯარო მმართველობის დოქტორი, ბიზნესკონსულტანტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში და 11 წლის ლიზიკოს დედა:
ჩემი პროფესიული გზა თანამედროვე მმართველობის ერთ-ერთ ყველაზე გამოწვევით მიმართულებას უკავშირდება – მონაცემთა დაცვასა და საოპერაციო პროცესებში ინფორმაციულ უსაფრთხოებას. წლებია, საჯარო და კერძო სექტორს პროცესების სწორ არქიტექტურაში, რისკების გამჭვირვალედ შეფასებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში ვეხმარები, რომელიც სამომავლო შედეგებშიც აისახება.
ჩემი საქმიანობა არის ადამიანების ღირსების დაცვა, მათი პირადი ისტორიების პატივისცემა და ნდობის შენარჩუნება იმ ორგანიზაციებში, სადაც გადაწყვეტილებები ხშირად უხილავი შედეგებით წაიკითხება. ჩემს საქმიანობას სოლიდურს ხდის, იყო პასუხისმგებლიანი, რის შედეგადაც გადაწყვეტილებებს ადამიანების ცხოვრებაზე უშუალო გავლენა აქვს.
დღეს უკვე ვეღარც ვითვლი, ამ წლების განმავლობაში რამდენი წარმატებულად დასრულებული საქმეა ჩემს სახელზე და ეს იმის შედეგიც არის ალბათ, რომ ჩემამდე მოსული გამოწვევის შეფასება ჩემთვის არასდროს ხდება მხოლოდ დოკუმენტის შინაარსით, სულ მახსოვს, რომ ამის უკან დგანან ადამიანები. წლებმა დამარწმუნა, რომ ჩემთან მხოლოდ იმიტომ არ მოდიან, რომ კვალიფიციური ვარ, არამედ იმიტომ, რომ ვეიმედები და მეყრდნობიან. პრინციპულობა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი და ნდობის გამართლება არის ჩემი ყველაზე ძვირფასი და ღირებული აქტივი.
წარმატება პრიზი არ არის, ეს შენი შრომის და დისციპლინის შედეგია. სამყარო მხოლოდ მათ აძლევს აღიარებას, ვინც აფასებს იმას, რაც დღეს აქვს და აცნობიერებს, რომ ეს მხოლოდ მისი სიყოჩაღის შედეგი არ არის. თუ გინდა, რომ პიედესტალზე დროებით არ იდგე, უნდა გააცნობიერო, რომ შენი გამარჯვებების უკან ადამიანები დგანან. სწორხაზოვანი ხედვა და „მოკლე მეხსიერება“ ხშირად გვიკარგავს რეალობის აღქმას და ასეთი მოჩვენებითი წარმატება ძალიან მალე ქრება. ჩემი პატივისცემა და მადლიერება იმ ადამიანებს, ვინც ჩემს გამარჯვებებს ქმნიან და მაძლევენ შესაძლებლობას, ყოველი დღე ვიზეიმო.
მარიამ ლაფერაშვილი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპევტი:

ჩემი საქმიანობა იქ იწყება, სადაც ბავშვების ემოციები, ქცევები და ყოველდღიური გამოწვევები ერთიანდება. უკვე 6 წელია ვმუშაობ ბავშვებთან, რომლებიც სამყაროს საკუთარი უნიკალური რიტმით აღიქვამენ და ჩემი დიდი პრივილეგიაა მათ გვერდით ყოფნა.
წარმატების გზა არ ყოფილა ერთი გრძელი ნახტომი. უფრო პატარა ნაბიჯების, თვითშემეცნების, მკაცრი თვითდისციპლინისა და უდიდესი შრომის შედეგი იყო. ბევრი სწავლა, ბევრი პრაქტიკა, უამრავი წარუმატებლობა და კიდევ უფრო მეტი მცდელობა. დღემდე არ მივიჩნევ თავს „სრულყოფილ სპეციალისტად“, ამ სფეროში მუდმივი განვითარება მნიშვნელოვანია.
პირადად ჩემთვის წარმატება თამამ ნაბიჯებს მოაქვს. პატარა ყოველდღიურ გამარჯვებებსა და საკუთარ შესაძლებლობებთან მუდმივ შეჯიბრს.
ქალებს, ვინც ახლა იწყებენ კარიერას, ვეტყოდი მთავარს: არ დაელოდოთ „იდეალურ“ დროს, დაიწყეთ იქიდან, სადაც ახლა ხართ და იმ ცოდნით, რაც გაქვთ. ვფიქრობ, რომ იდეალური დრო არ არსებობს, ეგ ხალხის გამოგონილი მოლოდინია უმოქმედობის გასამართლებლად.
მაია მალიანოვა, ექიმი-კოსმეტოლოგი, 11-წლიანი გამოცდილებით ესთეტიკურ მედიცინაში და ფრანგული ბრენდის Biologique Recherche‑ის Skin Expert:

დღეს ვცხოვრობ და ვმუშაობ ნიუ-იორკში. შეერთებულ შტატებში გადასვლა იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც შესაძლებლობა მომცა, ახალი კარი გამეღო. მივიღე ნიუ-იორკის სამედიცინო ლიცენზია და უკვე ბრუკლინის კლინიკაში ვაგრძელებ ჩემს კარიერას. ამასთან ერთად, ვავითარებ ჩემს მცირე ბიზნესს, რომელიც ჩემს გამოცდილებასა და იდეებთან ერთად იზრდება.
ესთეტიკურ მედიცინაში ჩემი გზა 2014 წელს დაიწყო – მუდმივად ვვითარდები, ვსწავლობ და ვხვეწ უნარებს პროფესიაში, რომელიც ჩემთვის მხოლოდ საქმე არაა, ეს ჩემი მოწოდებაა. ყოველი ეტაპი, თითოეული კურსი, საერთაშორისო კონგრესი თუ ტექნიკა ჩემს პროფესიულ სტილს აყალიბებდა. ესთეტიკა ჩემთვის არის არა მხოლოდ გარეგნობის კორექცია, ეს არის ადამიანისთვის თავდაჯერების, სინათლისა და შინაგანი ჰარმონიის დაბრუნება. ჩემი პროფესიული გზა არის უწყვეტი განვითარება – ახალი მასალები, ტექნოლოგიები, ბრენდები და ცოდნა, რომლებიც ყოველდღე მახალისებს და მაძლიერებს.
ჩემთვის წარმატება ერთჯერადი მოვლენა არაა, ის აგურ-აგურ შენდება – მოთმინებით, შრომით და სწორად არჩეული მიმართულებით. არსებობს სამი რამ, რომელიც წარმატებას ქმნის: უწყვეტი სწავლა – ახალი ცოდნა არის საფუძველი, რომელიც სპეციალისტს ძლიერ პროფესიონალად აყალიბებს, დისციპლინა და შრომა – მოტივაცია შეიძლება შეიცვალოს, თუმცა შედეგს ყოველდღიური ნაბიჯები ქმნის. როცა საქმე გიყვარს, შრომაც ბუნებრივად მოდის და საკუთარი თავის რწმენა – ქალი კარიერაში მაშინ ხდება ძლიერი, როცა თავს აღარ ადარებს სხვებს და იწყებს საკუთარი გზის ნდობას.
ხშირად მეუბნებიან, რომ წარმატებას მივაღწიე, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, მე ჯერ კიდევ გზაში ვარ. წინ უამრავი იდეა, პროექტი და მიზანია, რომლებიც უფრო მასშტაბურ მიღწევებამდე მიმიყვანს. ვხედავ თავს მომავალში დიდ, ფართო და შემოქმედებით პროექტებში, სადაც ჩემს პროფესიულ პოტენციალს სრული ძალით გამოვხატავ.
ქალებს ვეტყოდი: არ შეგეშინდეთ ნელი ნაბიჯებით დაწყების; იარეთ მუდმივად წინ; ისწავლეთ ყოველდღე; გიყვარდეთ თქვენი საქმე და არ დაკარგოთ საკუთარი თავი, რადგან სწორედ ეს არის თქვენი მთავარი ძალა.
მარიამ ჯანელიძე, ხელოვანი:

ამ ეტაპზე ვარ საკუთარი თავის და ჩემი კომპანიის ბრენდის განვითარებაზე ორიენტირებული. ამ სფეროში უკვე 9 წელია ვსაქმიანობ. დასაწყისში ჩემი მიმართულება იყო კლასიკური და სპორტული სამოსის შერწყმა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ (ზრდის პროცესში) მივხვდი, რომ კლასიკური სამოსი ჩემთვის უპირველესია.
გამომდინარე იქიდან, რომ ცხოველები და ფრინველები უზომოდ მიყვარს, ჩემთვის სილამაზისა და ესთეტიკის მხრივ ძალიან ლამაზია სამოსზე გადატანილი ორნამენტი, წინა კოლექციაში გამოყენებული მაქვს ნაქარგი ჩიტის ფრთები, რაც თავისუფლებასა და სიძლიერეს ასახავს.
გზას წარმატებამდე ახლავს გამოწვევები და რისკი, მე ჯერ კიდევ განვითარების პროცესში ვარ და იმის მესამედისთვისაც არ მიმიღწევია, რაც ჩაფიქრებული მაქვს. ძალიან რისკიანი ვარ, ხანდახან უკან რომ ვიხედები, ჩემი თავის მიკვირს – ეს მე შევძელი ?! თუმცა ასეა. მთავარია რწმენა საკუთარი შესაძლებლობების, შეუპოვარი ხასიათი, გარისკვა და დაცემის შემდეგ მყარად წამოდგომა, არ უნდა შეგაშინოს დაბრკოლებებმა.
და რაც უმთავრესია, წარმატების შემდეგ უნდა დარჩე ადამიანად. უშუალო და, უბრალოდ, ადამიანი ჩემთვის ყველაზე ლამაზი და დასაფასებელია.
ტექსტი: სოფიო მალანია, მარიამ შულაია
ფოტო: ალექსეი სეროვი, გვანცა ზარქუა, ნინი გორდაძე

4 days ago
11







English (US) ·
Georgian (GE) ·