ფერს ყველა კულტურაში თავისი დატვირთვა აქვს. წითელი ფერი ტრადიციულად ძლიერებასთან და ფუფუნებასთან ასოცირდება, წითელი ხალიჩა კი პატივის, დიდებისა და იმ უმაღლესი მწვერვალების სიმბოლოდ იქცა, რომლებსაც ადამიანები ცხოვრების მანძილზე აღწევენ. უდიდესი პატივისცემის ნიშნად, წითელი ხალიჩით სახელმწიფოს მეთაურებს, ცნობილ მსახიობებსა და ვარსკვლავებს ხვდებიან.
წითელი ხალიჩის ისტორია და მნიშვნელობა
წითელი ხალიჩის ისტორია საუკუნეებს ითვლის. პირველად ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში, ბერძენი დრამატურგის, ევროპული ტრაგედიის მამად წოდებული ესქილეს პიესაში ახსენეს, რომელიც ტროას ომში გამარჯვებული ბერძენი მეფის, აგამემნონის დაბრუნებაზე გვიამბობს.
აგამემნონის ცოლმა, კლიტემნესტრამ ქმარს ვერაფრით აპატია, რომ ომში წასვლის წინ ღმერთებს მათი თხუთმეტი წლის ქალიშვილი იმ იმედით შესწირა, რომ ეს მსხვერპლი ომში გამარჯვებას მოუტანდა.
მეფის არყოფნისას კლიტემნესტრამ საყვარელი გაიჩინა, თუმცა არც აგამემნონი დაბრუნებულა მარტო – ტყვე ქალი მოიყვანა, რომელზეც თავდავიწყებით იყო შეყვარებული. შეურაცხყოფილმა ცოლმა ქმრის ღალატს ისე უპასუხა, როგორც მხოლოდ მიტოვებულ ქალს შეეძლო ბერძნულ ტრაგედიაში – მან ქმარს წითელი ხალიჩა დაუგო, როგორც მოახლოებული სიკვდილის სიმბოლო.
ზუსტად არავინ იცის როგორ დაიღუპა აგამემნონი. ისტორიკოსები დღემდე კამათობენ, ის ცოლმა მოკლა თუ საყვარელმა, მაგრამ ერთი რამ ცხადია – წითელი ხალიჩა მისთვის საბედისწერო ნიშანი გახდა. გადმცემის მიხედვით, თავდაპირველად აგამემნონს ხალიჩაზე ფეხის დადგმის ეშინოდა, რადგან ძველ საბერძნეთში წითელი ფერი ღვთაებრივად ითვლებოდა და მასზე ფეხის დადგმის უფლება მხოლოდ ღმერთებს ჰქონდათ.
ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ აგამემნონმა წითელი ხალიჩა გაიარა და ხმამაღლა თქვა -„მხოლოდ ღმერთები იმსახურებენ პატივისცემას“.
ბერძნულ მითოლოგიაში აგამემნონის ტრაგედია იმის შეხსენებაა, რომ ვინც თავს ღმერთს გაუტოლებს, სწორედ წითელ ხალიჩაზე დაასრულებს სიცოცხლეს.
წითელი ხალიჩა თანამედროვე ეპოქაში
თანამედროვე მსოფლიოში წითელი ხალიჩა ვარსკვლავური ღონისძიებების განუყოფელი ნაწილია. ის განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის და ემოციების ტალღას აღძრავს ადამიანებში, რომლებიც დიდხანს ელიან, რომ თავიანთ კერპებს ერთი წუთით მაინც მოჰკრან თვალი.
თანამედროვე სამყაროში წითელი ხალიჩა დახვეწილობისა და ელეგანტურობის სიმბოლოა, რომელიც განსაკუთრებულობის ატმოსფეროს ქმნის.
ფოტოებზე წითელი ხალიჩა ზოგჯერ უსასრულოდ გრძელი მოჩანს, თუმცა როგორც წესი, მისი საშუალო სიგრძე მხოლოდ სამი მეტრია, სიგანე – დაახლოებით 120 სანტიმეტრი. გამონაკლისა „ოსკარის“ დაჯილდოება და სხვა მასშტაბური ცერემონიებია, სადაც ხალიჩა გაცილებით გრძელია და ბილიკს მთლიანად ფარავს.
წითელი ხალიჩა „ოსკარის“ ცერემონიაზე – ტრადიცია, რომელმაც საუკუნეს გაუძლო
„ოსკარის“ ცერემონიაზე წითელი ხალიჩის ტრადიცია შედარებით გვიან დამკვიდრდა, თუმცა პირველად 1922 წელს, სიდ გრაუმანის ფილმის, „რობინ ჰუდის“ პრემიერაზე გამოჩნდა. სწორედ ამ დღეს გამოვიდნენ ფილმის რეჟისორი და მსახიობები პირველად წითელ ხალიჩაზე.
ამის შემდეგ წითელი ხალიჩა თანდათან მნიშვნელოვანი კინემატოგრაფიული და მუსიკალური ღონისძიებების ნაწილად იქცა, მაგრამ „ოსკარზე“ პირველად მხოლოდ 1961 წელს გამოჩნდა. ამ დროს მას უფრო პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა – ვარსკვლავებს იმ დარბაზისკენ მიუთითებდა, სადაც ცერემონია ტარდებოდა.
მალე გაირკვა, რომ მაყურებელს ფილმებზე ნაკლებად არც ვარსკვლავების სამოსის, სამკაულებისა და ვარცხნილობების ნახვა აინტერესებდა. ასე იქცა წითელი ხალიჩა ცოცხალ გამოფენად ტელეკამერებისა და მაყურებლებისათვის და დღემდე ასეთად დარჩა.
ასევე დაგაინტერესებთ