ეს ჩანაწერი ნიშნავს, რომ შესაძლოა, ხუთშაბათს, 10 აპრილს, - როდესაც ასამბლეა საქართველოს შესახებ გამართავს დებატებს - „ქართული ოცნების“ წევრების რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება ამჯერად საერთოდ არ მოახდინონ.
რა ხდება - კონტექსტი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამლეამ საქართველოზე 2025 წლის 29 იანვრის კენჭისყრაზე მიიღო კრიტიკული რეზოლუცია, რომლითაც მოითხოვა:
- ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება
- პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება
- ამასთან, PACE-ში „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება მხოლოდ შეზღუდული უფლებებით ცნო და 2025 წლის აპრილამდე „გამოსაცდელი ვადა“ მისცა.
რეზოლუციაში ასევე ეწერა:
- „კომიტეტს სურს მკაფიო გარანტიები ხელისუფლებისგან, რომ ისინი ნამდვილად მზად არიან, შეცვალონ დემოკრატიული უკუსვლა და შეასრულონ წევრობის ვალდებულებები“;
- „დაუყოვნებლივ აღმოფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და შექმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალ თვეებში გამოცხადებული, ჭეშმარიტად დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩატარებას“.
პასუხად „ქართულმა ოცნებამ“ ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა.
ამჟამად ასამბლეას დაწყებული აქვს მუშაობა 7-11 აპრილის სესიაზე. საქართველოზე 10 აპრილს გაიმართება დებატები.
8 აპრილს კი გამოქვეყნდა PACE-ის რეზოლუციის პროექტი საქართველოსთან დაკავშირებით.
ახალი რეზოლუცია ერთგვარად აჯამებს იმ მოვლენებისა, რაც იანვრის შემდეგ განვითარდა.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, „ქართული ოცნების“ „დემოკრატიული უკუსვლა“ - „ხელს ვერ შეუწყობს ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებას, - თუკი ისინი დაესწრებიან ასამბლეის სესიას სამომავლოდ.
ამასთან, რეზოლუციის პროექტით, ასამბლეა აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობა „დელეგაციის არა არჩევანი, არამედ ვალდებულებაა“.
რა წერია რეზოლუციის პროექტში - ვრცლად
რეზოლუციის პროექტს ორი ავტორი ჰყავს:
- ბოსნიელი პარლამენტარი საბინა ჩუდიჩი, რომელიც წარმოადგენს ევროპულ პარტია ALDE-ს („ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“)
- პორტუგალიელი პარლამენტარი ედიტ ესტრელა, რომელიც წარმოადგენს „სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფს“
რეზოლუციის 4-გვერდიანი პროექტის ძირითადი აქცენტები ასეთია:
- ასამბლეა მწუხარებას გამოთქვამს ქართული დელეგაციის წევრების „გადადგომის“ გამო და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ასამბლეაში მონაწილეობა ვალდებულებაა და არა არჩევანი“;
- თუკი წინა რეზოლუციაში ასამბლეამ არაერთი საკითხი დასვა, რაშიც პროგრესის მიღწევას ელოდა აპრილისათვის, ახლა „დანანებით შენიშნავს, რომ სასწრაფო რეკომენდაციები არ შესრულებულა და ქვეყანაში ვითარების გაუარესება გაგრძელდა“;
- საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა არ განხორციელებულა; საარჩევნო კოდექსის ახალმა ცვლილებებმა მმართველ გუნდს მოუტანა უპირატესობა, ცესკოს დამოუკიდებლობა კიდევ უფრო შესუსტდა და 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ნდობაზე დამყარებულ გარემოში ვერ ჩატარდება;
- ასამბლეა შეშფოთებულია დემონსტრანტების, ჟურნალისტების დევნის გამო, ასევე, სამოქალაქო ორგანიზაციების ანგარიშების გაყინვის გამო;
- ასამბლეა მოუწოდებს ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტს, ეწვიოს საქართველოს სამუშაო ვიზიტით;
- მიესალმება „პოლიციის ძალადობის შემცირებას“, თუმცა შეშფოთებულია, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობის ეპიზოდები სათანადოდ არ გამოუძიებიათ, რაც „დაუსჯელობის გარემოს“ ქმნის; განსაკუთრებით გმობს პოლიტიკოს ელენე ხოშტარიასადმი არაადამიანურ მოპყრობას;
- შეშფოთებას გამოხატავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების გამო, რაც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს;
- აღწერს მედიის თავისუფლების მიმართულებით ვითარების გაუარესებას და აკრიტიკებს ახალ შემზღუდავ კანონებს;
- ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების გათავისუფლებას;
- მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“, რასაც ახასიათებს, როგორც კანონს, რომელსაც „აქვს იგივე მიზნები, რაც „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს, თუმცა შემოაქვს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა;
- ასამბლეა „გმობს“ პარლამენტში „2003-2012 წლების ხელისუფლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის“ საქმიანობას და კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეთათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
- ასამბლეა განსაკუთრებით შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ სურვილით, რომ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ აკრძალოს.
- დაბოლოს, ასამბლეა, რეზოლუციის პროექტის თანახმად, ამბობს, რომ რეკომენდაციების შეუსრულებლობა და „ზოგადად, საქართველოში განგრძობადი დემოკრატიული უკუსვლა არ შეუწყობს ხელს საქართველოს დელეგაციის [წევრებისათვის] უფლებამოსილების ცნობას, - იმ შემთხვევისათვის, თუკი საქართველს დელეგაციის წევრები სამომავლოდ დაესწრებიან ასამბლეის სესიის რომელიმე ნაწილს“.
როგორც რადიო თავისუფლება წერდა, საქართველოს შემთხვევა ძალიან ჰგავს აზერბაიჯანისას.
2024 წელს აზერბაიჯანის დელეგაციამაც, რომელიც საქართველოს მსგავსად ერთპარტიული იყო, თავად გამოაცხადა, რომ PACE-ში საქმიანობას წყვეტდა, სანამ ასამბლეა მხარს არ დაუჭერდა მათი უფლებამოსილების ცნობას.
ამის მიზეზად ასამბლეამ დაასახელა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა, ოპოზიციის და დამოუკიდებელი მედიის დევნა და ქმედებები, რომლებმაც ყარაბაღიდან სომხური მოსახლეობის განდევნა გამოიწვია.
მსგავსი პრობლემები ჰქონდა წარსულში რუსეთსაც, რომელიც 1996-2022 წლებში იყო ევროსაბჭოს წევრი.