Shell-მა ირანთან ომის წყალობით მოგება გააორმაგა

4 hours ago 8

ბრიტანულ-ჰოლანდიური ნავთობკომპანია Shell-ის წმინდა მოგება 2026 წლის მეორე კვარტალში 2025 წელთან შედარებით ორჯერ მეტია და 9,84 მილიარდ დოლარს აღწევს, იტყობინება Reuters-ი.

შემოსავლებმა მოლოდინს გადააჭარბა ენერგომატარებლებზე ფასების ზრდისა და ახლო აღმოსავლეთში ომის დროს ბაზრის არასტაბილურობის ზრდის წყალობით.

თავად კომპანიის მიერ მოწოდებული კონსენსუს-პროგნოზის მიხედვით, ანალიტიკოსები მოელოდნენ, რომ Shell-ის წმინდა მოგება 8,92 მილიარდ დოლარს შეადგენდა, წინა წლის 4,26 მილიარდ დოლართან შედარებით.

Shell-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანიის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები კვარტლის განმავლობაში ნომინალური სიმძლავრის 102%-ით მუშაობდნენ, რათა მაქსიმალურად ესარგებლათ საწვავის მაღალი ფასებით, რამაც ხელი შეუწყო თვითმფრინავის საწვავის წარმოების 20%-ით გაზრდას.

ამის შემდეგ Shell-ის აქციები 1,6%-ით გაძვირდა, რაც ევროპის უფრო ფართო ენერგეტიკულ სექტორში 0,4%-იან ზრდას აღემატება.

9,84 მილიარდი დოლარის ოდენობის მაჩვენებელი კომპანიის ყველაზე დიდი მოგებაა 2022 წლის შემდეგ, როდესაც ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.

Shell-ის ინტეგრირებულმა გაზის ბიზნესის მოგებამ მნიშვნელოვნად გადააჭარბა მოლოდინს და 2,7 მილიარდ დოლარი შეადგინა, რაც 55%-ით მეტია 2025 წლის მაჩვენებელზე. Shell-ში შედის თხევადი ბუნებრივი აირის მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო განყოფილება.

ეს მოხდა იმის მიუხედავადაც კი, რომ გაზის მოპოვება წინა კვარტალთან შედარებით 31%-ით შემცირდა.

ქიმიური მრეწველობისა და ნავთობპროდუქტების განყოფილებამ, რომელიც ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის ნაწილსაც მოიცავს, ასევე გადააჭარბა მოლოდინს და მოგება 2,9 მილიარდ დოლარამდე გაზარდა წინა წლის 118 მილიონი დოლარიდან.

ნავთობის ფასები ხუთშაბათს 1%-ზე მეტით დაეცა წინა დღის მკვეთრი ზრდის შემდეგ, რადგან ინვესტორებმა სპარსეთის ყურის ძირითადი საზღვაო მარშრუტების მეშვეობით მომარაგებაზე გადაიტანეს ყურადღება.
ირანის წინააღმდეგ თებერვალში აშშ-ის და ისრაელის მიერ დაწყებული ომის საპასუხო ნაბიჯად ირანმა გადაკეტა ჰორმუზის სრუტე, რომელშიც ნაოსნობა ომამდე თავისუფლად ხდებოდა და რომლის გავლითაც ომამდე მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლების მეხუთედი გადიოდა.

აშშ-მა შემდგომ დაბლოკა ირანის ნავსადგურები. შემდგომ ზავს და მემორანდუმს მოგვიანებით მოჰყვა კვლავ საომარი მოქმედება ირანის წინააღმდეგ, რასაც ირანმა სპარსეთით ყურის ქვეყნებში აშშ-ის ბაზების დაბომბვით უპასუხა.

მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად მოლაპარაკება მიმდინარეობს დაპირისპირებულ მხარეებს შორის, საომარი მოქმედება გრძელდება.

ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე დაკეტილი დარჩება მანამ, სანამ აშშ-ის „მუქარა“ და „ჩარევა“ რეგიონში საზღვაო ტრანსპორტში გაგრძელდება. ეს მოხდა სულ რაღაც რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც აშშ-ის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ირანში IRGC-ის ათობით სამიზნეზე თავდასხმა განახორციელეს.

სრულად წაკითხვა