რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი იუწყება, რომ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, „საერთაშორისო მოხალისეთა რაზმი“ „გეორგიევსკი“ შექმნა, რომელის მიზანიც რუსეთის დახმარებაა.
სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ მასალაში არ არის ნახსენები უკრაინა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს წამოიწყო, თუმცა ნახსენებია რუსეთის ის სასაზღვრო ოლქები და ანექსირებული დონეცკი, რომელიც ამ ომის დროს დაზარალდა:
„მან [ფარცხალაძემ] ხაზგასმით აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების დაწყებიდანვე ის და მისი გუნდი აქტიურად ეხმარებოდნენ რუს სამხედრო მოსამსახურეებსა და მშვიდობიან მოსახლეობას ДНР-ში [რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკი], კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებში“.
ამის შემდეგ მასალაში მოყვანილია ოთარ ფარცხალაძის ციტატა, რომელშიც საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ამბობს:
„დღეს, როდესაც რუსეთი ებრძვის დასავლურ ზეწოლას საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად, მე მზად ვარ დავეხმარო სამშობლოს ლიდერის მიერ დასახული ყველა მიზნის მიღწევაში“.
რუსეთის სამთავრობო სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ფარცხალაძემ „ნებაყოფლობით გადაწყვიტა მეორე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა რუსეთის მხარეს“:
„დარწმუნებული ვარ, რომ მტრის დამარცხების სიმბოლოს, ისევე როგორც მაშინ, კვლავ რუსი და ქართველი აღმართავს. ჩვენმა თანამოაზრეებმა და მხარდამჭერებმა, რომლებიც ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების გაერთიანებას, ასევე ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვას ემხრობიან, შექმნეს საერთაშორისო ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“, - განაცხადა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ.
radiotavisupleba ახალი ამბები