სოციალურმა ქსელმა TikTok-მა აშშ-ში 170 მილიონი მომხმარებლის მომსახურება განაახლა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ 90 დღით გადაავადებს TikTok-ის აკრძალვის ამოქმედებას.
19 იანვარს, ღამით სოციალური ქსელებით გავრცელებულ განცხადებაში TikTok-ი დონალდ ტრამპს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მასთან ერთად იმუშავებს საკითხის გრძელვადიან მოგვარებაზე, რაც შესაძლებელს გახდის აშშ-ში TikTok-ის შენარჩუნებას.
იმ მიზეზით, რომ TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance პეკინს აძლევს ამერიკელების შესახებ მონაცემების შეგროვებისა და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის შესაძლებლობას, შეერთებული შტატების კონგრესმა 2024 წლის აპრილში კანონი მიიღო და ByteDance-ს მოსთხოვა პლატფორმა ამერიკულ კომპანიას მიჰყიდოს.
ჩინურმა კომპანიამ, რომელმაც კანონი მომხმარებელთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასა, TikTok-ის გაყიდვაზე უარი თქვა. აშშ-ში ამ სოციალური ქსელის ამკრძალავი კანონი 2025 წლის 19 იანვარს ამოქმედდა და TikTok-ი გაითიშა.
19 იანვარს დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ინაუგურაციის შემდეგ გამოსცემს TikTok-ის აკრძალვის გადავადების ბრძანებას.
ინაუგურაცია დღეს, 20 იანვარს გაიმართება.
ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე ვაშინგტონში, კომპლექს Capital One Arena-ზე მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ TikTok-ი დაბრუნდა და ის უნდა შეინარჩუნონ. დონალდ ტრამპის თქმით, ეს სოციალური ქსელი მოსწონს, რადგან რესპუბლიკელებს არჩევნებში გამარჯვებასა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მოპოვებაში დაეხმარა.