USAID-ი, - შეერთებული შტატების სააგენტო საერთაშორისო განვითარებისთვის - სახელმწიფო დეპარტამენტს შეუერთდება, თანამშრომელთა მნიშვნელოვანი შემცირების ფონზე - თუმცა დარჩება ჰუმანიტარული დახმარების გამცემ უწყებად. ეს ინფორმაცია CBS News-ს აშშ-ის სამმა ოფიციალურმა პირმა მიაწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ამ ნაბიჯის შესახებ, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ. 3 თებერვლისთვის კვლავაც ბუნდოვანი რჩება დაფინანსების შემცირების თაობაზე დისკუსიების შედეგი.
CBS News-ს წყაროებმა უთხრეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დანიშნა USAID-ის ადმინისტრირების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად. ეს ცნობა შემდეგ თავად რუბიომ დაუდასტურა ჟურნალისტებს, რომლებიც მას თან ახლდნენ სალვადორში ვიზიტისას. რუბიოს თქმით, სააგენტოს ყოველდღიური მართვის უფლებამოსილება მან სხვა პირს გადააბარა - თუმცა ამ პირის ვინაობა არ დაუსახელებია.
USAID 120 სახელმწიფოში მონაწილეობს ჰუმანიტარულ, განვითარებასა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ პროგრამებში. კონგრესში მოქმედი ორპარტიული კვლევის სამსახურის თანახმად, სააგენტო "დახმარებას უწევს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებს და კონფლიქტით მოცულ ქვეყნებს; ხელმძღვანელობს აშშ-ის ძალისხმევას სიღარიბესთან, დაავადებებთან ბრძოლაში და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში; და ეხმარება აშშ-ის კომერციულ ინტერესებს, განვითარების პროცესში მყოფი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერით".
საგარეო დახმარება - რომლის მხოლოდ ერთი ნაწილია USAID-ი - საერთო ჯამში შეადგენს ფედერალური ბიუჯეტის ერთ პროცენტზე ნაკლებს.
რუბიომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გადასახადებით მოპოვებული თანხები აშშ-ის ინტერესების გამყარებას უნდა მოხმარდეს და დასძინა, რომ "USAID-ის ისტორია მოიცავს ამის უგულებელყოფას და საკუთარი თავის ერთგვარ გლობალურ საქველმოქმედო ორგანიზიად მიჩნევას".
თუმცა USAID-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეერთება - ხარჯების დაზოგვის მიზნით - სავარაუდოდ სამართლებრივ კითხვებს წარმოშობს. USAID-ი 1961 წელს დაარსდა, კონგრესის გადაწყვეტილებით და მისი დახურვისთვის პრეზიდენტს ასევე კონგრესის თანხმობა დაჭირდება.
ტრამპმა 2 იანვარს განაცხადა, რომ სააგენტოს "მართავს რადიკალი შეშლილების ჯგუფი. და ჩვენ მათ იქიდან გამოვიხმობთ".
ტრამპის მილიარდერი მრჩეველი, ილონ მასკი ამბობს, რომ USAID-ის შესახებ პრეზიდენტთან დეტალური საუბარი ჰქონდა. "ის დათანხმდა, რომ ჩვენ [სააგენტო] უნდა დავხუროთ" - თქვა მასკმა თავის პლატფორმაზე X.
CBS News-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტრამპის მაღალი რანგის მრჩევლებს შორის ყველა არ იზიარებს სააგენტოს სრულად დახურვის მართებულობას.