WP: ბალტიის ზღვაში კაბელების დაზიანება სავარაუდოდ, შემთხვევითობა იყო და არა რუსეთის საბოტაჟი

7 hours ago 4

ბალტიის ზღვაში სატვირთო გემების მიერ ოპტიკურ-ბოჭკოვანი და ელექტროკაბელების დაზიანება სავარაუდოდ, შემთხვევითობა იყო და არა რუსეთის საბოტაჟი. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის სპეცსამსახურებში ამ საკითხზე კონსენსუსი ყალიბდება.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა.

The Washington Post-ის წყაროთა თანახმად, ევროპელ და ამერიკელ გამომძიებლებს ამ დრომდე არ აღმოუჩენიათ იმის ნიშნები, რომ კომერციული გემების მიერ ღუზებით კაბელების დაზიანება წინასწარ განზრახული ქმედება იყო, ან მოსკოვის მითითებით მოხდა.

ამერიკული გამოცემის ცნობით, დღემდე მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის სადაზვერვო მონაცემები მიუთითებს, რომ ინციდენტები გამოწვეული იყო ცუდი მომსახურების მქონე გემების ეკიპაჟების გამოუცდელობით.

2024 წლის დეკემბრის ბოლოს ფინეთმა დააკავა ტანკერი Eagle S, რომელიც ეჭვმიტანილია 25 დეკემბერს, ბალტიის ზღვაში ფინეთსა და ესტონეთს შორის ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა ელექტროკაბელის, Estlink 2-ის დაზიანებაში.

კუკის კუნძულების დროშით მცურავი ტანკერის კაპიტანი და ეკიპაჟის ერთი წევრი საქართველოს მოქალაქეები არიან.

გამოცემა The Washington Post-ის წყაროთა თანახმად, ფინეთის დაზვერვის სამსახური საერთო ჯამში, იზიარებს დასავლელი კოლეგების შეფასებას, რომ ელექტროკაბელის დაზიანება შემთხვევითობა იყო, თუმცა, რუსეთის ჩარევას ჯერჯერობით სრულად არ გამორიცხავს. ფინეთში გამოძიება გრძელდება.

ტანკერი Eagle S სავარაუდოდ, შედის რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტში, რომელიც უკრაინაში ომის გამო მოქმედი საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით ახდენს რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას.

2024 წლის 17 ნოემბერს, ბალტიის ზღვაში დაზიანდა ფინეთის და შვედეთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი. გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ვერსია იყო საბოტაჟი, თუმცა 3 დეკემბერს შვედეთის პოლიციამ განაცხადა, რომ წინასწარი შედეგებით, ინციდენტი არ გამოუწვევია განზრახ ქმედებას.

2024 წლის 18 ნოემბერს ბალტიის ზღვაში დაზიანდა გერმანია-ფინეთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელიც. ორივე შემთხვევაში ეჭვმიტანილია ჩინეთის გემი Yi Peng 3.

სრულად წაკითხვა