WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ სომხეთის უსაფრთხოების ფორმულა, რომელიც 2022 წლამდე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) გარშემო იყო აგებული, თავისი არსით პრიმიტიული იყო. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციაზე „ყოვლისმომცველი უსაფრთხოება და მდგრადობა“ განაცხადა.

„2022 წლის სექტემბრის მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ თუ აზროვნების წესს არ შევცვლით, სომხეთის რესპუბლიკას დავკარგავთ. ხუთი ნაბიჯი დაგვაკლდა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დაკარგვამდე. უსაფრთხოება მრავალმხრივი მოვლენაა. 2022 წლამდე არსებული უსაფრთხოების ფორმულა თავისი არსით პრიმიტიული იყო, რადგან ერთი წინადადებისგან შედგებოდა: „ОДКБ ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“. ამ წინადადებას არც პრეამბულა ჰქონდა და არც გაგრძელება”, – თქვა ფაშინიანმა,

როგორც ის ამბობს, სომხეთი ათწლეულების განმავლობაში სწორედ ამ გზით მიდიოდა და ზუსტად იცოდა, თუ სად მიიყვანდა ეს გზა.

2022 წლის სექტემბერში მთიან-ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის დროს, სომხეთის ხელისუფლებამ ОДКБ-ს დახმარებისთვის მიმართა და ორგანიზაციის მისიის გაგზავნა მოითხოვა. ორგანიზაციამ სომხეთში ფაქტების შემსწავლელი მისია გაგზავნა, თუმცა სომხეთის ხელისუფლება მოგვიანებით უკმაყოფილებას გამოთქვამდა ორგანიზაციის რეაგირებით.

სომხეთსა და ОДКБ-ს შორის ურთიერთობები ამის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა. 2024 წლის თებერვალში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში მონაწილეობა „პრაქტიკულად გაყინა“, ხოლო 2025 წლის იანვარში მან ხელი მოაწერა კანონს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ.