WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი სირიას მოუწოდებს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმოს.

ცხინვალი აცხადებს, რომ ფონ დერ ლაიენის განცხადებებში სირიის ხელისუფლებაზე „პოლიტიკური შანტაჟისა“ და “სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენულ გადაწყვეტილებებში ჩარევის” ნიშნები დაინახა.

„ასეთ განცხადებებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად და დამოუკიდებელი ქვეყნების შიდა საქმეებსა და სუვერენულ გადაწყვეტილებებში ჩარევად მივიჩნევთ“, – ნათქვამია დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

დე ფაქტო უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი თავისი ქმედებებით „დემოკრატიისა და ტრადიციული ევროპული ღირებულებების საფუძვლებს ანულირებს, რომლებიც სრულად დავიწყებულია“.

ცხინვალის დე ფაქტო საგარეო უწყების შეფასებით, „განათლებული ევროპისთვის“ უფრო მნიშვნელოვანია „ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა“ და „ნაციზმის იდეოლოგების და მიმდევრების პროპაგანდა“.

„სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხებმა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის უფლება სისხლის ფასად და უდიდესი დანაკარგებით დაიცვეს, არჩევანი უკვე გააკეთეს და ქალბატონ ფონ დერ ლაიენისა და ევროპის კარნახი არაა საჭირო, როგორი უნდა იყოს მათი მომავალი“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებების დამოუკიდებლობა სირიამ 2018 წელს აღიარა. ევროკავშირი ამ აღიარებას არ ცნობს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უჭერს მხარს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ეს პოზიცია „კოალიცია ცვლილებისთვის“ წერილზე საპასუხოდ დააფიქსირა. კოალიცია ევროკომისიის პრეზიდენტს სთხოვდა, სირიასთან ურთიერთობისას დღის წესრიგში დაეყენებინა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების საკითხი.

კოალიციის ცნობით, ფონ დერ ლაიენმა საპასუხო წერილში დაადასტურა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და აღნიშნა, რომ ევროკომისია სირიის ხელისუფლებასთან კომუნიკაციისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების საკითხს დააყენებს. სწორედ ამ წერილში დაფიქსირებულ პოზიციას მოჰყვა ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება.