აგვისტოში ფულადი გზავნილები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.2%-ით $322-დან $295 მლნ-მდე შემცირდა.
კლების უმთავრესი მიზეზი რუსეთიდან გზავნილების 88%-იანი ვარდნაა. თუ 2025 წლის აგვისტოში რუსეთიდან საქართველოში $41 მლნ გადმოირიცხა, 2026 წლის აგვისტოში ის $5.1 მლნ-მდე შემცირდა, რამაც რუსეთი მესამიდან მე-11 პოზიციაზე დახია. თავის მხრივ, ასეთი დრამატული ვარდნა „ზოლოტაია კორონას“ დასანქცირების შემდეგ დაფიქსირდა. სანქციების დაწესების შემდეგ გზავნილების რუსულმა სისტემამ საქართველოში გადმორიცხვები შეაჩერა.
ფულად გზავნილებში რუსეთი წლების განმავლობაში უცვლელ პირველ ადგილს იკავებდა, თუმცა მისი წილი თანდათან მცირდებოდა. 2012 წელს რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 56%-ს შეადგენდა, 2021 წელს 18%-ს. 2015-2021 წლებში რუსეთიდან წილობრივი კლება ძირითადად სხვა სახელმწიფოებიდან გზავნილების მოცულობის ზრდით იყო გამოწვეული.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მდგომარეობა გარკვეული პერიოდით მკვეთრად შეიცვალა. 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილები თანხობრივად 5-ჯერ გაიზარდა და $2 მლრდ-ს გადააჭარბა, წილობრივად კი 47%-ს მიაღწია. ეს ის პერიოდია, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველოში არაერთი რუსი ჩამოვიდა. გზავნილებმა პიკს ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ 2022 წლის მეოთხე კვარტალში მიაღწია, იმ პერიოდში ყოველი გამოგზავნილი 100-დან 60 დოლარი რუსეთზე მოდიოდა.
2023 წლიდან მიგრაციის ეფექტი ნელ-ნელა შემცირდა. 2024 წელს რუსეთმა გზავნილებში პირველად მესამე ადგილზე გადაინაცვლა და იგივე პოზიცია 2025 წელსაც შეინარჩუნა.
გრაფიკი 1: ფულადი გზავნილები რუსეთიდან

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
2026 წლის ივლისში ევროკავშირმა რუსული ფულადი გზავნილების კომპანია „ზოლოტაია კორონა“ დაასანქცირა. თუ 2025 წლის აგვისტოში აღნიშნული გზავნილების კომპანიით საქართველოში $67 მლნ გადმოირიცხა, 2026 წლის აგვისტოში ის 99.96%-ით $29 ათასამდე შემცირდა.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილები აშშ-დან 8%-ით $59-დან $64 მლნ-მდე, იტალიიდან 4%-ით $53-დან $55 მლნ-მდე, გერმანიიდან 7%-ით $29-დან $31-მლნ-მდე, ხოლო მთლიანი ევროკავშირიდან 4%-ით $144-დან $150 მლნ-მდე გაიზარდა.
netgazeti