პროსამთავრობო მედიის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა დენის კულანინი, რუსეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და პროევროპულ პროტესტში მონაწილეობდა.
თუმცა, ადვოკატის ინფორმაციით, დენის კულანინი არ გათავისუფლებულა. ის ვარაუდობს, რომ კულანინი, სავარაუდოდ საემიგრაციო სამსახურში ჰყავთ და რუსეთში დეპორტაციისთვის ამზადებენ.
“„იმედისგან” მაქვს ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა სიაშია. რეალურად შეწყალებულია, არ არის შეწყალებული, მიგრაციაშია, სად არის – ინფორმაცია არ მაქვს. თუ გამოშვებულია, დიდი ალბათობით, მიგრაციის დეპარტამენტში იქნება”, – ეუბნება ნეტგაზეთს ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე.
მისი თქმით, ამ დროისთვის ვერც ერთი უწყებიდან ვერ ახერხებს დაზუსტებული ინფორმაციის მოძიებას.
მისი თქმით, ცოტა ხნის წინ მიიღეს კანონი, რომელიც ძალოვან უწყებებს აძლევს უფლებამოსილებას ქვეყნიდან გააძევონ უცხოელი, რომელსაც საქართველოში დანაშაული აქვს ჩადენილი.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ შესაძლოა სწორედ ამ სცენართან გვქონდეს საქმე.
მისი თქმით, კულანინის რუსეთში დეპორტაცია დაუშვებელი და საფრთხის შემცველია, ვინაიდან მას წერილი აქვს გავრცელებული ციხიდან სადაც უკრაინას დიდებას და მშვიდობას უსურვებს, რუსეთში კი ომზე თითქმის ნებისმიერი განცხადების ინტერპრეტირება შეუძლიათ ისე, რომ ადამიანის ბრალი წაუყენონ.
“კი, რა თქმა უნდა, საშიშია [დეპორტაცია]. ამ ეტაპისთვის საშიშია, იმიტომ რომ ციხიდან არაერთი წერილი გამოაგზავნა, სადაც მხარდაჭერას გამოხატავს უკრაინის მიმართ. ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ, რუსეთში ნებისმიერი განცხადება, რომელიც ომს ეხება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს პირის მიმართ და იქ ნამდვილად არავინ დაინდობს მას”, – უთხრა ნეტგაზეთს ადვოკატმა.
ადვოკატი აპირებს დაუკავშირდეს სახალხო დამცველის აპარატსაც დახმარების თხოვნით.
კულანინი 2025 წლის 28 მარტს დააკავეს პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე პოლიციის მანქანის მინის ჩამტვრევის ბრალდებით და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
რაც შეეხება მის წერილებს ციხიდან. მან 2025 წლის ივნისში გაავრცელა წერილი, რომელშიც წერს:
“მნიშვნელობა არ აქვს, ქართველი ხარ, უკრაინელი თუ რუსი, ჩვენ ყველას თავისუფალ და სამართლიან საზოგადოებაში გვინდა ცხოვრება. ტოტალიტარიზმის, ავტორიტარიზმისა და დიქტატორების გარეშე. ვისაც ეს არ უნდა, ამ წერილს არც წაიკითხავს. მე ჩემიანებს მოგმართავთ. საქართველოს თავისუფლებას ვუსურვებ! არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა. უკრაინას — დიდება და მშვიდობა! რუსეთს — თავისუფლება პუტინის რეჟიმისგან”.
netgazeti