ავსტრია, უნგრეთთან ერთად, ევროკავშირის წევრი ის იშვიათი სახელმწიფოა, რომლის მთავრობის წევრიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენელს შეხვდა.
თუმცა შეხვედრის შემდეგ საერთო პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, [შეხვედრის] დღის წესრიგში ბევრი რთული საკითხი“ იყო.
„როდესაც საქმე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას ეხება, საქართველოს უკუსვლა აქვს“, - განაცხადა მან და დასძინა: „ეს, როგორ ავსტრიული, ისე ევროპული პერსპექტივიდან დასანანია“.
მინისტრის განცხადებით, ისინი ხედავენ რეფორმებიდან უკუსვლას კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების საკითხებში:
„ჩვენ ვხედავთ უკან გადადგმულ ნაბიჯებს ისეთ სფეროებშიც კი, როგორიცაა კანონმდებლობა, რომელიც ეხება სამოქალაქო საზოგადოებას და დარღვევები 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, როგორც ეს OSCE/ODIHR-მა დაადგინა“, - თქვა ბეატე მაინლ-რაიზინგერმა.
„შედეგად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამჟამად შეჩერებულია“, - განაცხადა მან.
„მე ძალიან ნათლად ვუთხარი ჩემს ქართველ კოლეგას, რომ ჩვენ ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების და მედიის წარმომადგენლების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს თავისუფლების, შეკრებისა და გამოხატვის უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან“, - განაცხადა ავსტრიელმა მინისტრმა.
მისი განცხადებითვე, „ძალადობის ყველა შემთხვევა უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები დასაჯონ“.
მან თქვა, რომ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს ხელისუფლების დაფინანსება და 120 მილიონი ევროს დახმარება შეწყვიტა, ასევე შეაჩერა 30 მილიონი ევრო „მშვიდობის ევროპული ფონდიდან“ საქართველოს დასახმარებლად და არც 2025 წლისთვის არ გეგმავენ დახმარების გამოყოფას.
„თუმცა ევროკავშირი და ავსტრია გააგრძელებენ ქართველი ხალხისა და საზოგადოების მხარდაჭერას და მოუწოდებენ პოლიტიკურად პასუხისმგებელ პირებს, რომ გადალახონ განხეთქილებები და პოლარიზაცია“, - განაცხადა მან.
ავსტრიელმა მინისტრმა ისაუბრა დიალოგის საჭიროებაზე, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციასთან.
„როგორც უკვე ვთქვი, ვწუხვართ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ. მოვლენების შემდგომი მიმდინარეობა მთლიანად "ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული“, - განაცხადა მინისტრმა ბეატე მაინლ-რაიზინგერმა.
„დარწმუნებული ვარ, რომ საკითხი, როგორ გააგრძელოთ გზა ევროკავშირისკენ, მთლიანად თქვენი გადასაწყვეტია და, რა თქმა უნდა, ეს არის სუვერენული გადაწყვეტილება, მაგრამ ასევე ნათელია, რომ ჩვენ მივესალმებით თქვენს უფრო აქტიურ ძალისხმევას ევროპული გზისკენ“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ემხრობა დიალოგს: „ვეწინააღმდეგები კარის მთლიანად დახურვას“.
„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს შემაჯამებელი განცხადება, რომელიც 26 მარტს გამოქვეყნდა, არცერთ ამ პუნქტს არ შეხებია.
სამინისტროს პრესცენტრი წერდა, რომ:
- „მინისტრებმა მიმოიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის, რეგიონალური უსაფრთხოებისა და სხვა მიმდინარე აქტუალური საკითხები“;
- „განსაკუთრებით დადებითად შეფასდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და ის ფაქტი, რომ საქართველოში არაერთი ავსტრიული კომპანია ოპერირებს. მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას“;
- „ავსტრიულმა მხარემ გამოხატა დაინტერესება საქართველოში მეტი ავსტრიული ინვესტიციის განხორციელებით ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და დაკავშირებადობის სფეროში. ასევე, დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკური პროგრესი“
- „ავსტრიის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ კვლავაც დაადასტურა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი და განაცხადა, რომ მზადაა ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად“.