აზერბაიჯანის თვითმფრინავის კატასტროფა შესაძლოა, რაკეტით ზემოქმედებას გამოეწვია

11 hours ago 3

აზერბაიჯანის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ყაზახეთში ჩამოვარდა, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ცეცხლმა დააზიანა.

ეს ვერსია აქტიურად განიხილება სოციალურ ქსელებსა და რუს სამხედრო ბლოგერებსა და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტებს შორის მას შემდეგ, რაც გავრცელდა კატასტროფის რაიონში გადაღებული ვიდეოკადრები.

ვიდეომასალაში ჩანს, რომ თვითმფრინავს აქვს დაზიანებები, რომლებიც შესაძლოა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ზემოქმედების შედეგი იყოს.

აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავმა Embraer 190, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, კატასტროფა 25 დეკემბერს, დილით განიცადა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტში დაშვების მცდელობისას.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო საგენტოების თანახმად, გროზნოს აეროპორტმა თვითმფრინავი ძლიერი ნისლის გამო ვერ მიიღო და გაგზავნა დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალის აეროპორტისკენ, სადაც უამინდობის გამო დაშვება ისევ ვერ მოხერხდა და თვითმფრინავმა გეზი ყაზახეთისკენ აიღო.

25 დეკემბერს, დილით რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინული დრონებით შეტევას იგერიებდა ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე რესპუბლიკაში.

სამგაზვრო თვითმფრინავში, რომელიც ნაწილებად დაიშალა, 67 ადამიანი იმყოფებოდა - აზერბაიჯანის, რუსეთის, ყაზახეთის და ყირგიზეთის მოქალაქეები.

25 დეკემბრის ღამის მონაცემებით დადასტურებული იყო 38-ის სიკვდილი. ყაზახეთის ხელისფლების ინფორმაციით, კატასტროფას გადაურჩა 29 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. აზერბაიჯანის პროკურატურა 32 გადარჩენილის შესახებ იუწყებოდა.

ზიგიერთი მათგანის ინფორმაციით, თვითმფრინავმა გროზნოში დაშვება სამჯერ საცადა. ერთ-ერთმა გადარჩენილმა რუსეთის პროპაგანდისტულ არხს RT-ს უთხრა, რომ იყო აფეთქება, თუმცა არა თვითმფრინავის შიგნით.

კატასტროფის ვერსიებად განიხილება ფრინველების გუნდთან თვითმფრინავის შეჯახებაც და ტექნიკური გაუმართაობა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელმაც ავიაკატასტროფის გამო სანქტ-პეტერბურგში, დსთ-ს ლიდერთა არაფორმალურ სამიტში მონაწილეობა შეწყვიტა და რუსეთიდან ბაქოში დაბრუნდა, 25 დეკემბერს განაცხადა, რომ არსებობს არაერთი ვერსია, კატასტროფის გამომწვევ კონკრეტულ მიზეზზე საუბარი ჯერ ნაადრევია და მას გამოძიება დაადგენს.

26 დეკემბერი აზერბაიჯანში გლოვის დღედაა გამოცხადებული.

სრულად წაკითხვა