ხუთშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს სურს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციასთან ითანამშრომლოს, თუ შეერთებულ შტატებს ეს სერიოზულად სურს, მაგრამ პირველი ნაბიჯი ვაშინგტონმა უნდა გადადგას.
ტრამპი, რომელიც თეთრ სახლში 20 იანვარს დაბრუნდება, თავს შეთანხმებების ოსტატად წარმოაჩენს და პირობა დადო, რომ უკრაინაში ომს სწრაფად დაასრულებს, თუმცა არ განუმარტავს თუ ამის მიღწევას როგორ შეძლებს, გარდა იმისა, რომ პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ზელენსკი დაითანხმოს ბრძოლა შეწყვიტონ.
ტრამპის მიერ უკრაინაში საგანგებო დესპანად შერჩეულმა გადამდგარმა გენერალ-ლეიტენენტმა კით კელოგმა 18 დეკემბერს „ფოქს ნიუსს“ უთხრა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ორივე მხარე მზად არის და ტრამპი საუკეთესო პოზიციაშია იმისთვის, რომ ომის დასამთავრებელი შეთანხმება გააფორმოს.
აშშ-ის ოფიციალური პირები რუსეთს კორუმპირებულ ავტოკრატიად მიიჩნევენ. რუსეთი შეერთებული შტატებისთვის საფრთხის შემცველი ყველაზე დიდი სახელმწიფოა, რომელიც აშშ-ის არჩევნებში ჩაერია, აშშ-ის მოქალაქეები ყალბი ბრალდებების საფუძველზე დააპატიმრა და აშშ-ის მოკავშირეების წინააღმდეგ დივერსიული აქტები ჩაატარა.
რუსი ოფიციალური პირები კი ამბობენ, რომ აშშ დაკნინების გზაზე მდგარისახელმწიფოა, რომელმაც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის ინტერესები არაერთხელ უგულებელჰყო და იმავდროულად რუსეთის შიგნით განხეთქილებას თესავს, რათა რუსული საზოგადოება დაყოს და ამერიკის ინტერესები დააწინაუროს.