WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აზერბაიჯანში ჰიჯაბის ტარების შეზღუდვის წინააღმდეგ გამართული პროტესტის მონაწილეებს აკავებენ. ოპოზიცია ხელისუფლებას აქტივისტების დევნაში ადანაშაულებს, სოციალურ ქსელში კი მომხმარებლები აცხადებენ, რომ რელიგიური სამოსის გამო მოსწავლეებისთვის განათლების მიღების შეზღუდვა მათი უფლებების დარღვევაა.

12 ოქტომბრიდან აზერბაიჯანის სკოლებში გაკვეთილებზე აღარ უშვებენ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, რომლებიც ჰიჯაბის მოხსნაზე უარს ამბობენ. რამდენიმე სკოლასთან მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა პროტესტის ნიშნად გაკვეთილები ქუჩაში ჩაატარეს, რასაც დაკავებები მოჰყვა.

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 ოქტომბერს ბაქოში 37 ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა. უწყების მტკიცებით, აქციის მონაწილეები პედაგოგებთან კონფლიქტში შედიოდნენ, სკოლებს აზიანებდნენ და სატრანსპორტო მოძრაობას აფერხებდნენ. აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებდა.

გამოცემა “კავკაზსკი უზელის” ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული იყო შაჰიზიარ გუსეინოვა, რომელიც 13 ოქტომბერს ქალიშვილის სკოლაში არდაშვების გამო პროტესტს გამოთქვამდა. მისი თქმით, პოლიციელები გათავისუფლებას იმ პირობით სთავაზობდნენ, რომ ქალიშვილს ჰიჯაბს მოხდიდა ან სკოლიდან გამოიყვანდა. 48-საათიანი დაკავების შემდეგ გუსეინოვა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. 17 ოქტომბერს მან განაცხადა, რომ მისი ხელახლა დაკავებაც სცადეს.

აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის აქტივისტ მატანათ თურანს კი, რომელიც 13 ოქტომბერს დააკავეს, გამოცემის ინფორმაციით, 17 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მანამდე რაიონულმა სასამართლომ მას შინაპატიმრობის უფლება მისცა, თუმცა პროკურატურამ ეს ზომა გაასაჩივრა.

როგორც “კავკაზსკი უზელი” წერს, ჰიჯაბის შეზღუდვას პატიმრობიდან აპროტესტებს ჟურნალისტი ფოლად ასლანოვიც, რომელიც სახელმწიფო ღალატის საქმეზე სასჯელს იხდის. მან 8 ოქტომბერს შიმშილობა დაიწყო. მისი მეუღლის, გულმირა ასლანოვას ინფორმაციით, ჟურნალისტი მე-15 სასჯელაღსრულების დაწესებულების კარცერში გადაიყვანეს. ასლანოვის 13 წლის ქალიშვილსაც სკოლაში გაკვეთილებზე აღარ უშვებენ.

ჰიჯაბის შეზღუდვები აზერბაიჯანის სკოლებში მოსწავლეთა ჩაცმულობის წესების ცვლილებას უკავშირდება. ახალი რეგულაციებით, მოსწავლეებს ეკრძალებათ ისეთი სამოსის ტარება, რომელიც სასკოლო ფორმის ერთიან სტანდარტს ან განათლების სეკულარულ ხასიათს არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ წესებში ჰიჯაბი პირდაპირ ნახსენები არ არის, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ შეზღუდვა სწორედ მას ეხება.

 Reutersფოტო: Reuters