ალბანეთში მეექვსე დღეა გრძელდება მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებსაც თან ახლავს შეტაკებები პოლიციასთან, ძალადობა და ხანძრის გაჩენის შემთხვევები. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ განაცხადა, რომ ხელისუფლების აზრით, პროტესტის გაღვივებასთან კავშირი აქვთ რუსეთსა და ირანს.
თუმცა ხელისუფლებას ჯერჯერობით არ წარმოუდგენია აქციებთან რუსეთის კავშირის რაიმე მტკიცებულება.
"შეიქმნა ათი ათასობით ყალბი პროფილი სპეციალურად იმისთვის, რომ თავი გაასაღონ ალბანელებად, რომლებსაც სურთ ბუნების დაცვა. მოხდა მათი მობილიზაცია, ისევე, როგორც ათასობით და ათასობით სხვისი მობილიზაცია განხორციელდა ირანის ტერორისტული რესპუბლიკის მიერ, ალბანეთის ბუნების დასახავად" - წერს რამა. მისი თქმით, საქმე არ ეხება შემთხვევითობას.
აქციები ლოზუნგით "ფლამინგოს რევოლუცია" ალბანეთში მაისში დაიწყო, მათ ბიძგი მისცა გეგმამ სამხრეთის დაცულ სანაპიროზე აშენდეს ელიტური ტურისტული კომპლექსი. ამ გეგმის მხარდამჭერ ინვესტორებს შორისაა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი.
სააგენტო Reuters-ს სოფლის მცხოვრებნი ივლისში ეუბნებოდნენ, რომ მათი მიწა არამართებულად გაიყიდა. სააგენტო შემდგომში იუწყებოდა, რომ კაცს, რომელმაც ეს მიწა გაყიდა, პროკურატურა ეძებდა ნარკოტიკების ტრეფიკინგის ეჭვის საფუძველზე - თუმცა ეს ბრალდებები მისმა ადვოკატმა უარყო.
შემდგომში დემონსტრანტებმა დაიწყეს კორუფციის, ეკონომიკური უთანასწორობისა და ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ გამოსვლაც.
ოქტომბერში აქციებმა ახალი ძალით იფეთქა - მას მერე, რაც მათ სტუდენტები შეუერთდნენ. მიზეზად ორგანიზატორებმა დაასახელეს სწავლის მაღალი გადასახადი, ცუდი პირობები უნივერსიტეტებში, კორუფცია და დასაქმების პერსპექტივების ნაკლებობა. 13 ოქტომბერს პირველი შეტაკებები მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მათი მთავარი მიზანი ედი რამას ხელისუფლების გადადგომაა.
რამა აცხადებს, რომ არ გადადგება. მისი თქმით, აქციები საფრთხეს უქმნის არა მის ხელისუფლებას, არამედ ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. მონტენეგროსთან ერთად, ბალკანეთის ქვეყნებს შორის ალბანეთი ლიდერია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში.
ტირანასა და სხვა ქალაქებში პოლიციასთან შეტაკებები ყოველდღე ხდება. დემონსტრანტები პოლიციელებს ესვრიან ქვებს, მეტალის საგნებს, ბოთლებს აალებადი ნივთიერებით. პოლიცია იყენებს წყლის ჭავლს და ცრემლმდენ გაზს.
არეულობის შედეგად დაზიანდა განათლების და იუსტიციის სამინისტროების, პარლამენტის, საკონსტიტუციო სასამართლოს, ბანკების და კომერციული საწარმოების შენობები. დაკავებულია ასობით ადამიანი, დაჭრილია 150-ზე მეტი პოლიციელი.
რამას ადმინისტრაციას თან სდევს კორუფციული სკანდალები, ანალიტიკოსები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ალბანეთი ერთგვარი თავშესაფარია ნარკოტიკების და იარაღის ტრეფიკინგიდან მიღებული ფულის გათეთრების მოსურნე დაჯგუფებებისთვის - რაც ართულებს ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას.
radiotavisupleba ახალი ამბები