ალეკო ელისაშვილს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

2 weeks ago 43

ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობის ბრალდებით მიმდინარე ერთი ეპიზოდის განხილვა სასამართლოში დასრულდა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

გადაწყვეტილება დღეს, 10 ივლისს, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. მუხლი, რომლითაც ალეკო ელისაშვილს ასამართლებდნენ, 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ელისაშვილს, რომელიც გიორგი გელაშვილს გაძევებული ჰყავდა სასამართლოს უპატივცემულობის საბაბით, ბოლო სხდომაზე დასწრებისა და საბოლოო სიტყვის თქმის უფლება მისცეს. დაახლოებით 2 თვეა ალეკო ელისაშვილს სასამართლოში განცხადება აღარ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ელისაშვილს ედავებიან 2025 წლის 29 ნოემბერს, შაბათს, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცალკე მდგომ, დამხმარე ე.წ. კანცელარიის შენობაში ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობას.

გარდა ამისა, 30 მარტს მას ახალი ბრალიც წაუყენეს, თითქოს, ელისაშვილმა 2025 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძარი გააჩინა. ელისაშვილი უარყოფს, რომ შარშან მაისში მომხდარ ინციდენტზე პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში თვითონაა. თუმცა ჯერ კიდევ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, გასული წლის პირველ დეკემბერს დაადასტურა, რომ კანცელარიაში ცეცხლის გაჩენის განზრახვა ჰქონდა. თუმცა არც მას და არც მის ადვოკატებს არცერთ ეტაპზე არ გაუზიარებიათ და არ დათანხმებიან წარდგენილ ბრალდებას.

„გეტყვით, რამ დამარტყა და რამ მიკბინა. რა მოხდა და რატომ ვარ აქ. მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის, ძალადობისთვის, რომლის ერთ-ერთი განმახორციელებელი სტრუქტურა ხართ თქვენ. ტყუილუბრალოდ ციხეში ყრით ადამიანებს. ვინმეს მოკვლის სურვილი რომ მქონოდა, არცერთი მანდატური ცოცხალი არ იქნებოდა. საკმაოდ კარგად ვფლობ იარაღს“, — თქვა მაშინ ელისაშვილმა.

„გამოძიება დაიწყო სხვა მუხლით [სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით. სასჯელის ზომად ითვალისწინებს 5 წლამდე პატიმრობას] და ეს იყო შედარებით ადეკვატური“, — ამბობდნენ ელისაშვილის ადვოკატები საქმის განხილვის ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე.

დღესაც, საქმის განხილვის დასასრულს, ადვოკატები ამბობენ, რომ სასამართლოში არ წარმოდგენილა არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ელისაშვილის ქმედებას შეეძლო ისეთი „აპოკალიფსური“ შედეგების გამოწვევა, რაც მისი ქმედების ტერორისტულ აქტის მოწყობის მცდელობად კვალიფიკაციისთვის იქნებოდა საკმარისი.

ჯერ კიდევ სხდომის ჩატარებამდე, ისევ ბრალდებულის სტატუსის მქონე ალეკო ელისაშვილზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვინც მის ქმედებას არ თვლის დანაშაულებრივად, ის თავადაც არის ტერორისტული დამოკიდებულებისა და განწყობის.

ამავე თემაზე:

სრულად წაკითხვა