WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„დიდი პატივია ჰესენის მშვიდობის პრიზის მიღება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის. მადლობელი ვარ ამ აღიარებისთვის“, – წერს ფაშინიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე და ჰესენის მშვიდობის პრიზის მინიჭებისთვის მადლობას იხდის.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს 18 სექტემბერს, გერმანიის ქალაქ ვისბადენში, ჰესენის მშვიდობის პრემია გადასცეს. პრემია ფაშინიანს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის მიენიჭა. ჰესენის მიწის პარლამენტის ინფორმაციით, ჯილდო ასევე აფასებს ფაშინიანის ძალისხმევას სომხეთში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით.

დაჯილდოების ცერემონია ჰესენის მიწის პარლამენტში გაიმართა.

პრემია, რომელიც 25 ათასი ევროთია დაჯილდოებული, 1994 წლიდან ალბერტ ოსვალდის ფონდის მიერ გაიცემა და მშვიდობისა და საერთაშორისო ურთიერთგაგების ხელშეწყობისთვის გამორჩეულ დამსახურებას აღიარებს.

ჯილდოს მიღებისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისთვის ჰესენის მშვიდობის პრემიის მიღება დიდი პატივია და მადლობა გადაუხადა ალბერტ ოსვალდის ფონდის სამეურვეო საბჭოს.

მისი თქმით, 2025 წლის 8 აგვისტოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა, რასაც საფუძვლად ვაშინგტონში მიღებული ერთობლივი დეკლარაცია და ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ სამშვიდობო შეთანხმების ინიციალირება დაედო.

ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა როგორც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ისე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და განაცხადა, რომ ალიევი ამ ჯილდოს „თანაბრად იმსახურებს“. მან ასევე მადლობა გადაუხადა სომხეთისა და აზერბაიჯანის ხალხებს მშვიდობის მხარდაჭერისთვის.

„მშვიდობა დამყარდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ის, რა თქმა უნდა, სრულყოფილი არ არის“, – განაცხადა ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ კვლავ არსებობს ჰუმანიტარული საკითხები, მათ შორის უგზო-უკვლოდ დაკარგულები, დაკავებულები და ნაღმებისგან ტერიტორიის გაწმენდა.

ფაშინიანის თქმით, მიღწეული მშვიდობა თავისთავად მოცემულობად არ უნდა ჩაითვალოს და საჭიროა მისი გაძლიერება და ინსტიტუციონალიზაცია, რათა ის სტაბილური და შეუქცევადი გახდეს.

„მშვიდობას უნდა მოვუფრთხილდეთ და მისთვის უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაჯილდოების შემდეგ.

მისივე თქმით, ჰესენის მშვიდობის პრემია მხოლოდ მისი პირადი მიღწევის აღიარება არ არის და იგი რეგიონში მშვიდობის დამყარებაში სომხეთისა და აზერბაიჯანის, ორივე ქვეყნის ხალხებისა და საერთაშორისო პარტნიორების წვლილს ასახავს.