20 იანვარს დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.
როგორც ინაუგურაციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, „ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება“.
სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა სხვადასხვა მიმართულებაზე ისაუბრა, მათ შორის, ეკონომიკაზე, იმიგრაციაზე, გენდერულ პოლიტიკაზე და სხვა.
ტრამპმა ერთ-ერთ მიზნად ინფლაციის დამარცხება დაასახელა.
„ჩემი კაბინეტის ყველა წევრს მივმართავ, გააერთიანონ მათ ხელთ არსებული უზარმაზარი უფლებამოსილებები, რათა დაამარცხონ რეკორდული ინფლაცია და სწრაფად შეამცირონ ხარჯები და ფასები. ინფლაციის კრიზისი გამოწვეული იყო ენერგიის მასიური ჭარბი ხარჯვითა და მზარდი ფასებით. ამიტომაც დღეს მე გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ენერგეტიკის სექტორშიც…
ამერიკა კვლავ იქნება მწარმოებელი ქვეყანა და ჩვენ გვაქვს ისეთი რამ, რაც არცერთ სხვა მწარმოებელ ქვეყანას არ ექნება: ნავთობისა და გაზის ყველაზე დიდი მარაგი და ჩვენ ვაპირებთ მის გამოყენებას…
ჩვენ დავწევთ ფასებს, შევავსებთ ჩვენს სტრატეგიული რეზერვებს და გვექნება ამერიკული ენერგიის ექსპორტი მთელ მსოფლიოში
ჩვენ კვლავ ვიქნებით მდიდარი ერი და ამაში სწორედ თხევადი ოქრო დაგვეხმარება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისივე თქმით, ის დაასრულებს ახალ მწვანე შეთანხმებას, გააუქმებს ელექტრომობილების მანდატს, გადაავარჩენს ამერიკის ავტოინდუსტრიას.
რაც შეეხება იმიგრაციას, ტრამპის განცხადებით, დაიწყება მილიონობით „კრიმინალი ემიგრანტის“ დაბრუნების პროცესი იმ ქვეყნებში, ისინი ამერიკაში ჩავიდნენ.
„ჩვენ აღვადგენთ ჩემს პოლიტიკას „დარჩი მექსიკაში“… დავასრულებ „დაჭერისა და გათავისუფლების“ პრაქტიკას და ჯარს გავგზავნი სამხრეთ საზღვარზე, რათა აღვკვეთოთ კატასტროფული შემოჭრა ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის თქმით, მას სურს იყოს „მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი“.
„ჩვენ ვიქნებით ისეთი ქვეყანა, როგორიც არ არის სხვა, სავსე თანაგრძნობით, გამბედაობითა და განსაკუთრებულობით. ჩვენი ძალა შეაჩერებს ყველა ომს და მოიტანს ერთიანობის ახალ სულს სამყაროში, რომელიც იყო ბოროტი, სასტიკი და სრულიად არაპროგნოზირებადი. ამერიკას კვლავ პატივს სცემენ და აღფრთოვანებულნი იქნებიან მისით…
ჩემი ყველაზე საამაყო მემკვიდრეობა იქნება მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი. აი, ვინ მინდა ვიყო: მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი.
მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ გუშინდელიდან, ჩემ მიერ თანამდებობის დაკავებამდე ერთი დღით ადრე, ახლო აღმოსავლეთში მძევლები ოჯახებში ბრუნდებიან…
ჩვენ კიდევ ერთხელ ავაშენებთ უძლიერეს არმიას, რომელიც მსოფლიო ოდესმე უნახავს. ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ იმ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებითაც, რომლებსაც ჩვენ დავასრულებთ და, ალბათ, რაც მთავარია, იმ ომებით, რომლებსაც არასდროს ვაწარმოებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპა ერთ-ერთ მიზნად ასევე დაასახელა პანამის არხის დაბრუნება.
„პანამის შეთანხმება ჩვენთვის დაირღვა. ჩვენი გარიგების მიზანი მთლიანად დაირღვეულია. ამერიკულ გემებს უწევთ ზედმეტად მეტის გადახდა და არანაირად არ ექცევიან მათ სამართლიანად რაიმე ფორმით, ეს მოიცავს შეერთებული შტატების საზღვაო ძალებსაც. უპირველეს ყოვლისა, ჩინეთი მართავს პანამის არხს და ჩვენ ის არ მათთვის მიგვიცია, ჩვენ იგი პანამას მივეცით და მას უკან ვიბრუნებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის თქმით, მექსიკის ყურის სახელს გადაარქმევენ და ამერიკის ყურეს უწოდებენ.
„ამერიკა დაიბრუნებს თავის კანონიერ ადგილს, როგორც უდიდესი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე პატივსაცემი ერი დედამიწაზ და აღაფრთოვანებს მთელ მსოფლიოს.
ძალიან მალე ჩვენ შევცვლით მექსიკის ყურის სახელს ამერიკის ყურით და ჩვენ აღვადგენთ დიდი პრეზიდენტის უილიამ მაკკინლის სახელს მაკკინლის მთაზე, სადაც ის უნდა იყოს და სადაც ეკუთვნის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ისაუბრა გენდერულ პოლიტიკაზეც განაცხადა, რომ „დღეიდან, შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი: მამრობითი და მდედრობითი“.