ამერიკის სავაჭრო პალატა კობახიძეს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს

1 week ago 13

ამერიკის სავაჭრო პალატის გამგეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, ღია წერილით მიმართავს და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვს.

ღია წერილში ნათქვამია, რომ ამ კანონის მიღებით დაზარალდება უცხოური დახმარებით მოქმედი პროგრამები, ასევე დაბრკოლდება ქვეყნის მისწრაფება, გახდეს ევროკავშირის წევრი და დაზიანდება როგორც საქართველოს რეპუტაცია, ისე - საინვესტიციო გარემო.

"პროექტები, რომლებსაც საქართველოს ისეთი პარტნიორები აფინანსებენ, როგორებიცაა ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას ეკონომიკურად, განათლების, ჯანდაცვის, საჯარო მმართველობისა და სხვა მხრივ. ეს პროექტები ემსახურება საქართველოს განვითარების საჭიროებებს და დაფინანსებულია საქართველოს მოკავშირეების მიერ. მათთვის „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ იარლიყის მიკუთვნება აკნინებს ამ პროექტების სანდოობას. ბევრი ორგანიზაცია უარს იტყვის ასეთ იარლიყზე და დაიხურება", - წერია მიმართვაში.

კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში ასევე ნათქვამია, რომ თუ მთავრობას ამ ორგანიზაციების გამჭვირვალეობა მართლაც სურს, უფრო შესაფერი ზომა იქნებოდა, მაგალითად, ფინანსური ანგარიშგების წესში შესულიყო ცვლილება.

"კანონი ასევე არ არის თავსებადი გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებთან. თანამედროვე დემოკრატიებში, როგორიცაა აშშ და ევროკავშირი, უცხოელ ლობისტებს ხშირად მოეთხოვებათ რეგისტრაცია, მაგრამ ამ კანონების სამიზნე არ არის სამოქალაქო საზოგადოება და ეს კანონები არ ეხება ყველა ორგანიზაციას, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება. უდიდესი უარყოფითი გავლენის გათვალისწინებით, რაც შეიძლება ჰქონდეს ამ კანონს, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იგი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და საერთაშორისო, დემოკრატიულ, საუკეთესო პრაქტიკას, გთხოვთ გაიხმოთ იგი შეძლებისდაგვარად დაჩქარებულ ვადებში“, - წერს ამერიკის სავაჭრო პალატის გამგეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში.

მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ კანონის სულისკვეთება დასავლურია და ის მხოლოდ ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფადაა აუცილებელი.

„ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტის ოფიციალური დასახელებაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ამ კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაცია მოუწევთ იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. ახალი რეგულაცია შეეხება იმ არასამეწარმეო იურიდიულ პირებსა და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა. თუ ყოველი წლის იანვარში ისინი წინა წლის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროში არ წარადგენენ, დაჯარიმდებიან.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა.

13 თვით ადრე კი, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში (AmCham) არის ყველაზე დიდი საერთაშორისო ბიზნესპალატა საქართველოში და აერთიანებს 230-ზე მეტ კომპანიას. 1998 წელს დაარსებული AmCham-ის მიზანია აშშ-საქართველოს კავშირების ხელშეწყობა და საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესება. "ჩვენ ამას ვაკეთებთ მთავრობასთან მუშაობით, რათა დავეხმაროთ ბიზნესის რეგულაციების გაუმჯობესებას, ხელი შევუწყოთ ქართველ და საერთაშორისო ინვესტორებს შორის კავშირებს და ბიზნესისა და მთავრობის კავშირების მხარდაჭერით", - წერია პალატის ვებგვერდზე.

სრულად წაკითხვა