“ან ხარ სახელმწიფოს და ხალხის, ან პარტიის ერთგული” – სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი

1 week ago 17

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი, თანასწორობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გიორგი ტყებუჩავა სოციალური ქსელით რუსული კანონის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ დღეს ვლინდება, საჯარო მოხელე სახელმწიფოს და ხალხის ერთგულია თუ პარტიის.

“დღევანდელი მოვლენები ტესტია – ან ხარ სახელმწიფოს და ხალხის, ან პარტიის ერთგული! თუ არ დგახარ პირველის გვერდით, მაშინ არა საჯარო მოხელე, არამედ პარტიის ინსტრუმენტი ხარ, საკუთარი მავნე ინტერესები – ხალხის ნების სახელით გაატაროს”, – წერს გიორგი ტყებუჩავა.

სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომელი იხსენებს ფიცს, რომელსაც საჯარო მოხელეები დებენ:

„შეგნებული მაქვს საჯარო სამსახურში ჩემთვის დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა და ვაცხადებ, რომ ერთგულად ვემსახურები ხალხსა და სახელმწიფოს, დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, კანონებსა და სხვა სამართლებრივ აქტებს, პატივს ვცემ საჯარო ინტერესებს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, კეთილსინდისიერად აღვასრულებ ჩემს მოვალეობებს.“

“ვარ საჯარო მოხელე. მოხელის სტატუსი არასდროს ყოფილა შემაკავებელი ფაქტორი, არც წინა წლებში და არც ახლა, სახელმწიფოსა და ხალხის ერთგული დავრჩენილიყავი. გადამწყვეტი მოვლენების დროს, ვმდგარვარ და ვიდგები აქციებზეც. ეს ჩვენი ვალდებულებაა და არა კეთილი ნება”, – წერს გიორგი ტყებუჩავა.


მესამე კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. თუმცა საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.

სრულად წაკითხვა