31 დეკემბერს, შუაღამის შემდეგ რამდენჯერმე მოხდა აფეთქება რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლსა და შავი ზღვის აკვატორიაში.
მოსკოვის მიერ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორად დანიშნული მიხაილ რაზვოჟაევი ირწმუნება, რომ აფეთქებები გამოიწვია რუსეთის საჰაერო თავდაცვის მიერ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების და უეკიპაჟო კატერების „მოგერიებამ".
რაზვოჟაევი ტელეგრამ-არხით იუწყება, რომ „ყველა სამსახური საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში მოიყვანეს“.
აფეთქებებს ადასტურებენ სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები. უკრაინას სევასტოპოლზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ სევასტოპოლში განთავსებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა. რუსეთს ყირიმი ანექსირებული აქვს 2014 წლიდან.
2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა სევასტოპოლზე დრონებით და რაკეტებით არაერთი შეტევა მიიტანეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 31 დეკემბერს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში გაანადგურეს 68 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 25 ბრიანსკის ოლქში, 17 - ყირიმის თავზე, 11 - კრასნოდარის მხარეში, 10 - სმოლენსკის ოლქში, 2 - ტვერის ოლქში, 1 - როსტოვში და ამდენივე - კურსკის და კალუგის ოლქებში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხმელეთზე შედეგების შესახებ არაფერს ამბობს.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.