WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მანანა კობახიძე აცხადებს, რომ არ სურს მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, იურისტობაც დასრულდეს.

ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებასთან“ ისაუბრა.

მანანა კობახიძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, საკონსტიტუციო სასამართლო 13 ოქტომბერს, მას შემდეგ დატოვა, რაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს.

თუმცა მანანა კობახიძემ სპეკულაციები უწოდა შეფასებებს, რომ მან თვითაცილების მცდელობითა და შემდეგ, გადადგომით თავი აარიდა დანაშაულში თანამონაწილეობას და განაცხადა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება და დამოუკიდებელი ნაბიჯი იყო და „არაფერი მეტი“.

მისი თქმით, თვითაცილება იმ ეტაპზე დააყენა, როცა საქმე პლენუმზე გადავიდა და უშუალოდ შეხება მოუწია. როგორც კობახიძე ამბობს, ეს მისმა „შინაგანმა რწმენამ თუ სამოსამართლო სინდისმა“ უკარნახა.

„ეს არის დეპუტატების სარჩელი, მოსარჩელეთა უმრავლესობა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელია და თუკი, ამავე პარტიის დამფუძნებელი წევრი, იმავდროულად პირველი თავმჯდომარე განიხილავდა საქმეს – რაც არ უნდა ფიცი ჰქონდეს დადებული, ქმნიდა თუ არა ეს გარემოებები ერთობლიობაში იმგვარ საფუძველს, რაც საზოგადოებაში, ობიექტურ დამკვირვებელში წარმოშობდა კითხვის ნიშნებს?” – აცხადებს მანანა კობახიძე.

ამასთან კითხვას, ოპოზოციური პარტიების აკრძალვა ქვეყანას დააზიანებს თუ არა, მანანა კობახიძე პირდაპირ პასუხს არ სცემს და აცხადებს, რომ სასამართლოდან წამოსვლიდან „ცხელ კვალზე“ მიმდინარე საქმეებზე კომენტარის გაკეთება სწორი არ იქნება.

საკონსტიტუციო სასამართლოს დატოვების შემდეგ, მანანა კობახიძე ამბობს, რომ ის ადვოკატთა ასოციაციის წევრობის აღდგენას აპირებს.

„სხვათა შორის, ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი ვარ, 2003-ში, გარეთ რომ რევოლუციური ტალღა იყო, პარლამენტის შენობაში ჩავაბარეთ მაშინ საადვოკატო ტესტირება პირველმა თაობამ, ვინც დავაფუძნეთ [ასოციაცია]; ბევრი ვიშრომე, ბევრი ვიბრძოლე, ძალიან დიდი ენერგია ჩავდე და არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ასე ვთქვათ, იურისტობაც დასრულდეს – აქედან გამომდინარე, აუცილებლად აღვიდგენ ასოციაციის წევრობას, ჯერჯერობით, როგორც დამოუკიდებელი ადვოკატი, დანარჩენს დრო გვიჩვენებს“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.


საკონსტიტუციო სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მათ შორისაა: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“. საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები მიყოლებით — 21, 22 და 23 ოქტომბერს — დაინიშნა.