საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ დაკავებულია ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი, რომელიც ხელს უწყობდა ქვეყანაში არაკონტროლირებადი საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელებას, მათ შორის ათეულობით მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ვირტუალური აქტივების ტრანზაქციების გზით.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებული, რომლის ვინაობაც უცნობია, „საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, ახორციელებდა ათეულობით მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ვირტუალური აქტივების ტრანზაქციებს, მათ შორის, ვირტუალური აქტივისა და ნაღდი ფულის კონვერტაციას“. მისივე თქმით, აღნიშნული საქმიანობით ბრალდებული „ხელს უწყობდა ქვეყანაში არაკონტროლირებადი საერთაშორისო ტრანზაქციების განხორციელებას“.
უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, ათეულობით საბანკო ბარათი, სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, ფულადი თანხა – 83 903 აშშ დოლარი, 300 ევრო და 79 600 აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.
დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
„მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მხილების, აგრეთვე გადასახადებისათვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის მიზნით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დაკავებას წინ უძღოდა დასავლეთის მიერ საქართველოში დაფუძნებული კრიპტოპლატფორმების წინააღმდეგ სანქციების დაწესება, რისი მიზეზიც რუსეთთან ან ირანთან დაკავშირებული ტრანზაქციების ხელშეწყობაში მათი სავარაუდო როლი გახდა.
This post is also available in:
civil ახალი ამბები