არასამთავრობოები: ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ივანიშვილის რეჟიმის ინტერესშია

20 hours ago 4

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა წინააღმდეგაც „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი კანონი მიიღო, აცხადებენ, რომ ამ პარტიის გადადგმული ნაბიჯები მიზანიმართულად აყენებს ეჭვქვეშ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხს.

ასე ეხმაურება 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიზალიბერალიზაციის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს.

„სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭება და ქართველებისთვის ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა არა ქართველი ხალხის, არამედ რუსეთისა და ივანიშვილის რეჟიმის ინტერესშია...

„ქართული ოცნება“ თავისი პოლიტიკითა და ანტიდასავლური პროპაგანდით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სწრაფად მიიღოს, რითაც ქართველი ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდება“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ისინი პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდებენ სანქციები აამოქმედონ „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ:

„საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მიმართონ სანქციები არა ქართველი ხალხის, არამედ იმ პირების მიმართ, ვინც არაკონსტიტუციური კანონების მიღებას, რეპრესიებსა და საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერი ჯგუფების დევნას ემსახურება...

დასავლელმა პარტნიორებმა უკვე გააუქმეს უვიზო რეჟიმი ოცნების მაღალი თანამდებობის პირებისთვის – მათ შორის, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის, ბევრს კი – პირდაპირ აუკრძალეს კონკრეტულ ქვეყნებში შესვლა. ახლა ივანიშვილის „ოცნებას“ იგივე ბედი სურს ქართველი ხალხისთვის“.

  • გუშინ, 17 აპრილს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ქვეყნებზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტია. მისი თქმით, „არის მცდელობა ადამიანების ემოციებზე ითამაშონ, რომ მერე ვიზა გექნება ასაღები“.
  • პაპუაშვილის თანაგუნდელმა ნინო წილოსანმა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა პატრიოტიზმს დაუპირისპირა - „კომფორტი [უვიზო მიმოსვლა] როცა წინააღმდეგობაში მოვა პატრიოტიზმთან, ეჭვიც არ მეპარება, რომ ქართველი ხალხი აირჩევს პატრიოტიზმს“.
  • „ხალხის ძალის“ ლიდერი სოზარ სუბარი კი საკითხს ისე წარმოაჩენს, თითქოს საქართველოს მოქალაქეებმა არჩევანი ვიზალიბერალიზაციასა და „ეროვნულ და ქრისტიანულ პოლიტიკას“ შორის უნდა გააკეთონ.
სრულად წაკითხვა