არგენტინის მთავრობამ წარადგინა კანონპროექტი ფოლკლენდის კუნძულებზე მოქმედი კომპანიების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გასატარებლად, რამაც შესაძლოა გაამწვავოს დაძაბულობა გაერთიანებულ სამეფოსთან იმ ტერიტორიის გამო, რომელიც ბრიტანეთის ხელშია, თუმცა მასზე პრეტენზიას არგენტინა აცხადებს.
ხუთშაბათს წარდგენილი წინადადება ამკაცრებს სანქციებს იმ კომპანიებისა და პირების მიმართ, რომლებიც არგენტინის ხელისუფლების ნებართვის გარეშე უკანონოდ მონაწილეობენ ფოლკლენდის კუნძულებზე, აგრეთვე არგენტინის საზღვაო სივრცეებსა და კონტინენტურ შელფზე „ნებისმიერი ტიპის საქმიანობაში, რომელიც მიმართულია განახლებადი ან არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსების ათვისებისკენ“.
ასევე შეიქმნება ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელსაც სათავეში არგენტინის პრეზიდენტი ჩაუდგება, რათა ზედამხედველობა გაუწიოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას და დაიცვას კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ეროვნული სუვერენიტეტი.
კანონპროექტის მიზანია, „დასაჯოს ისინი, ვინც უკანონოდ მოიპოვებს ჩვენს ბუნებრივ რესურსებს, შექმნას სტიმული მათთვის, რომ შეწყვიტონ ასეთი ქმედება და ეროვნული მთავრობა უზრუნველყოს იმ საშუალებებით, რომლებიც საჭიროა საგარეო საფრთხეებისგან თავის დასაცავად“, — ნათქვამია ხუთშაბათს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი კანონპროექტი მიზნად ისახავს 2011 წლის კანონმდებლობის განახლებას უფრო მკაცრი რეჟიმითა და უფრო ძლიერი სანქციებით, რომლებიც მიმართულია კომპანიების, მათი აქციონერებისა და მომწოდებლების წინააღმდეგ, ნათქვამია განცხადებაში.
არგენტინის მთავრობამ გასულ კვირას განაცხადა, რომ სანქციების დაწესების პროცედურები დაიწყო, სულ მცირე, 60 კომპანიისა და ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან ნავთობის ოფშორულ კვლევასთან იმ კუნძულების ირგვლივ, რომელთაც არგენტინა “მალვინის კუნძულებს” უწოდებს.
არგენტინამ, რომელიც 1982 წელს შეიჭრა თავისი ტერიტორიის მიმდებარე კუნძულებზე და მათ გამო 10-კვირიანი ომი ჰქონდა ბრიტანეთთან, სანამ დამარცხებოდა, დააჩქარა ძალისხმევა ნავთობის პროექტ „Sea Lion“-ში ჩართული კომპანიების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გასატარებლად მას შემდეგ, რაც ამ თვის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონმა, შესაძლოა, გადახედოს თავის ტრადიციულად ნეიტრალურ პოზიციას ფოლკლენდის კუნძულების გამო დავასთან დაკავშირებით.
დიდი ბრიტანეთისა და არგენტინის კონფლიქტის ისტორიული ფესვები
დავა ფოლკლენდის (არგენტინულ ტრადიციაში – მალვინის) კუნძულების გამო თითქმის ორ საუკუნეა გრძელდება. იგი შეიძლება სამ საკვანძო ეტაპად დაიყოს:
კოლონიური პერიოდი და მიტაცება (XVIII–XIX სს.)
კუნძულებს სხვადასხვა დროს ითვისებდნენ საფრანგეთი, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არგენტინამ, როგორც ესპანეთის გვირგვინის სამართალმემკვიდრემ, 1820 წელს არქიპელაგზე თავისი უფლებების შესახებ განაცხადა და იქ დასახლება დააარსა. თუმცა 1833 წელს დიდმა ბრიტანეთმა ძალის გამოყენებით დაამყარა კონტროლი კუნძულებზე და გააძევა არგენტინული ადმინისტრაცია. მას შემდეგ ლონდონი არქიპელაგს თავის „ზღვისიქითა ტერიტორიად” მიიჩნევს.
ფოლკლენდის ომი (1982 წელი)
1982 წლის აპრილში არგენტინის სამხედრო ხუნტამ ლეოპოლდო გალტიერის ხელმძღვანელობით, ღრმა პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისიდან მოსახლეობის ყურადღების გადატანის მცდელობით, კუნძულებზე სამხედრო დესანტი გადასხა, რასაც დიდი ბრიტანეთის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მარგარეტ ტეტჩერმა, მკაცრად უპასუხა და სამხრეთ ამერიკის ნაპირებისკენ ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ძლიერი დაჯგუფება გააგზავნა. ფოლკლენდის ომი 74 დღეს გაგრძელდა და არგენტინის სრული მარცხით დასრულდა. კონფლიქტმა დაახლოებით 650 არგენტინელი და 255 ბრიტანელი სამხედროს სიცოცხლე შეიწირა. მარცხმა ბუენოს-აირესში სამხედრო დიქტატურის დაცემა გამოიწვია, ხოლო კუნძულებზე სტატუს-კვო განმტკიცდა.
2013 წლის რეფერენდუმი
მკვიდრი ფოლკლენდელები საკუთარ თავს უფრო ხშირად უბრალოდ „კუნძულელებს“ უწოდებენ, თუმცა საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში, მათ მყარად შერჩათ მეტსახელი „კელპერსი“ (ინგლისური kelp-იდან — ასე ჰქვია გიგანტურ ყავისფერ წყალმცენარეებს, რომლებიც უზარმაზარი რაოდენობით იზრდება არქიპელაგის ირგვლივ სანაპირო წყლებში). თავდაპირველად მეტსახელი დამცინავად ითვლებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში ფოლკლენდელები მის, როგორც საკუთარი უნიკალური კუნძულოვანი იდენტობის სიმბოლოს, მიმართ სიამაყით განეწყვნენ.
სოციოკულტურულად ფოლკლენდელთა აბსოლუტური უმრავლესობა ბრიტანელია - თუმცა დღესდღეობით კუნძულებზე ცხოვრობს სხვა ეროვნებების მრავალი წარმომადგენელიც, ფილიპინელებიდან დაწყებული, ჩილელებით დამთავრებული.
2013 წელს არქიპელაგზე საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით ჩატარდა საგანგებო რეფერენდუმი, რომელზეც ამომრჩეველთა 99,8 პროცენტმა ხმა მისცა დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიის სტატუსის შენარჩუნებას. თუმცა არგენტინამ კენჭისყრის შედეგები არ ცნო და ეს იმით ახსნა, რომ კუნძულების მოსახლეობა ბრიტანელების მიერ იყო „ჩასახლებული“ 1833 წლის შემდეგ.
კუნძულებზე განთავსებულია ბრიტანეთის ორი სამხედრო ბაზა: სამხედრო-საჰაერო ბაზა „მაუნტ-პლეზანტი“ და სამხედრო-საზღვაო ბაზა „მარ-ჰარბორი“ - გაერთიანებული სამეფოს მუდმივი სამხედრო კონტინგენტით. გარდა ამისა, არქიპელაგზე არსებობს ადგილობრივი მცხოვრებლებისგან შემდგარი გასამხედროებული სახალხო ლაშქრობის დანაყოფი - Falkland Islands Defence Force.
ტრამპის კომენტარები მოჰყვა მის უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მისი აზრით, ბრიტანეთმა არ დაუჭირა მხარი მას ირანთან ომში.
ცენტრისტული და მემარცხენე ოპოზიციური ძალები მილეის დიდი ხანია ადანაშაულებენ იმაში, რომ იგი საკმარისად არ იცავდა არგენტინის პრეტენზიას მალვინის კუნძულებზე, ახლა კი აცხადებენ, რომ იგი პოლიტიკური მოტივებით მოქმედებს 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, სადაც სავარაუდოდ, ხელმეორედ არჩევისთვის ბრძოლას გეგმავს.
„Sea Lion-ის" ნავთობის საბადო სამხრეთ ატლანტის ოკეანეში, ფოლკლენდის კუნძულებიდან დაახლოებით 220 კილომეტრში ჩრდილოეთით, ჩრდილოეთ ფოლკლენდის აუზში მდბარეობს. საბადო, სავარაუდოდ, 917 მილიონი ბარელი ნავთობის რესურსს შეიცავს.
ოფშორული პროექტ Sea Lion-ის მფლობელებმა, ისრაელის კომპანია Navitas Petroleum-მა (65 %) და ბრიტანეთის Rockhopper Exploration-მა (35 %) განაცხადეს, რომ ნავთობის საბადოს პროექტი ფოლკლენდის კუნძულების მთავრობის მიერ გაცემულ კანონიერ ლიცენზიებს ფლობს, და მიანიშნეს, რომ არ ელოდებიან, რომ მილეის ქმედებები შეაფერხებს ან ჩაშლის მის განხორციელებას.
radiotavisupleba ახალი ამბები