„არსებობს მტკიცებულებები, რომ ისრაელი შიმშილს ომის იარაღად იყენებს“ — UN-ის კომისარი

4 weeks ago 15

გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში ვოლკერ ტურკი BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ღაზაში ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ისრაელი ატარებს და არსებობს „დამაჯერებელი“ მტკიცებულებები, რომ ისრაელი შიმშილს ომის იარაღად იყენებს.

მისი თქმით, თუ აღნიშნული განზრახვა დადასტურდება, ეს ომის დანაშაულს გაუტოლდება. გამოცემა წერს, რომ ისრაელის ეკონომიკის მინისტრმა გაეროს წარმომადგენლის გაფრთხილებებს „სრული სისულელე“ უწოდა და „უპასუხისმგებლო განცხადებად“ შეაფასა.

ისრაელის მხარე ირწმუნება, რომ ღაზაში აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიერ გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას ატარებს და ის, რომ ტვირთები პალესტინელებზე ვერ ნაწილდება, გაეროს ბრალია, რომელიც დისტრიბუციას ვერ უზრუნველყოფს.

მიუხედავად ამისა, BBC აღნიშნავს, რომ საკვებით დატვირთული სატვირთო მანქანების მთელი რიგი კვლავ დგას ღაზის საზღვართან და იქ შესვლას მხოლოდ ისრაელის გავლით, კომპლექსური ბიუროკრატიული შემოწმებების სერიის შემდეგ ახერხებენ. დახმარების შეტანა დაბრკოლებებს უკავშირდება იორდანიის მხრიდანაც, რამაც ეს და სხვა ქვეყნები აიძულა დახმარება საჰაერო გზით გაგზავნონ და ღაზაში პარაშუტებით ჩამოყარონ, რაც მიწოდების არაეფექტიანი და ხშირად სახიფათო გზაა.

გაეროს უმაღლესი კომისრის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ ისრაელი განგებ აყოვნებს ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთების შედინებას. ვოლკერ ტურკმა ისრაელზე ჰამასის თავდასხმა დაგმო თუმცა აღნიშნა, რომ ომის არცერთი მხარე არ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე:

„ფაქტები თავად მეტყველებს. მესმის, რომ ამას კონტროლი სჭირდება, მაგრამ შეუძლებელია დღეები სჭირდებოდეს,“ — აცხადებს გაეროს წარმომადგენელი.

7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ თავდასხმისა და მშვიდობიანი მოქალაქეების განურჩეველი მკვლელობის შემდეგ, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო. „ჰამასის“ თავდასხმას 1400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა, ღაზის მიმართულებით გატაცებულად მიიჩნევა 132 ადამიანი. ისრაელი დღემდე აგრძელებს ღაზის სექტორის დაბომბვასა და სახმელეთო ოპერაციას, რასაც ასევე ეწირებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.

გაერო სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას კატასტროფულად მიიჩნევს. ასეთივე შეფასებები აქვთ ადგილზე მომუშავე ჰუმანიტარულ და უფლებადაცვით ორგანიზაციებს. „ჰამასის“ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ღაზაში 30 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული, მათგან 12 ათასზე მეტი ბავშვია.

სრულად წაკითხვა