მეუღლის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი მშრალ შიმშილობაზე გადავიდა. სადიგოვი 136 დღეა, რაც შიმშილობს.
სევინჩ სადიგოვა პასუხისმგებლობას ილჰამ ალიევსა და ბიძინა ივანიშივლს აკისრებს.
“ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ასრულებს ილჰამ ალიევის პოლიტიკურ დაკვეთას! ორივე რეჟიმი ხალხის მტერი და მკვლელია,” – წერს სადიგოვის მეუღლე ფეისბუკზე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, 31 იანვარს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აფგან სადიგოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის კიდევ 3 თვით გაგრძელება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, პროკურატურის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დღესვე დააკმაყოფილა და სადიგოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა 3 მაისამდე გაგრძელდა.
აფგან სადიგოვი თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს. თბილისის იზოლატორში შიმშილობის მე-17 დღეს სადიგოვი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. ქართული მხარის განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, მის დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.