11.06.202611.06.2026
აფგან სადიგოვის ცოლი პრეზიდენტ ილჰამ ალიევისადმი მიმართვის შემდეგ დახმარების თხოვნით საქართველოში ხალხს, დამოუკიდებელ ქართულ მედიასა და პოლიტიკურ აქტივისტებს მიმართავს”
“ძვირფასო საქართველოს ხალხო, ამ მიმართვას დიდი ტკივილითა და უიმედობით გწერთ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ჩემი ოჯახის ცხოვრება თავდაყირა დააყენა. აფგან სადიგოვის ილჰამ ალიევის რეჟიმისთვის გადაცემა გახდა გადაწყვეტილება, რომელმაც არა მხოლოდ აფგანის, არამედ მთელი ოჯახის ბედი გაანადგურა. ეს მოვლენა მიუღებელია როგორც სამართლის, ისე სამართლიანობისა და ადამიანურობის თვალსაზრისით.
აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისთვის გადაცემით მათ მხოლოდ ერთი ადამიანი არ დააყენეს საფრთხის წინაშე. მათ მისი ოჯახიც მძიმე ტრაგედიის შუაგულში მოაქციეს. ამ გადაწყვეტილებამ სერიოზული კითხვები გააჩინა საქართველოს სამართლებრივ პრინციპებთან, ადამიანის უფლებებთან და საერთაშორისო ვალდებულებებთან დაკავშირებით.
დღეს მე საკუთარ თავსა და მთელ მსოფლიოს ერთ კითხვას ვუსვამ: ვინ მართავს სინამდვილეში საქართველოს? გადაწყვეტილებები საქართველოს ეროვნული ინტერესების, კანონებისა და დემოკრატიული ღირებულებების საფუძველზე მიიღება, თუ სხვა პოლიტიკური და პირადი ინტერესები განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს? თუ საქართველო დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოა, მაშინ რატომ გახდა ერთი ჟურნალისტისა და მისი ოჯახის ბედი პოლიტიკური გარიგებების მსხვერპლი?
4 აპრილს დეპორტირებული აფგან სადიგოვი მხოლოდ 65 დღის შემდეგ კვლავ დააკავეს აზერბაიჯანში. ჩვენ არანაირი ეჭვი არ გვაქვს, რომ ეს დაკავება შეკვეთილია. სამწუხაროდ, ყველაფერი მოხდა, რისიც გვეშინოდა.
დღეს ჩემი მეუღლე პატიმრობაშია. ის ქურდახანის (Kürdəxanı) წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მე არ ვიცი, რა მდგომარეობაშია იგი და როგორ ექცევიან მას. ეს გაურკვევლობა და შფოთვა ყოველდღიურად უფრო მეტად გვანგრევს.
როგორც ოჯახი, ჩვენ ძალიან მძიმე დღეებს გავდივართ. ჩვენი შვილები მშობლებისგან არიან დაშორებულნი, ჩვენი ოჯახი კი დაშლილია. ყოველივე ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგია.
მე მჯერა, რომ საქართველოს ხალხი სიმართლის მხარეს დადგება. მჯერა, რომ არც ქართული საზოგადოება და არც ისტორია არ დაივიწყებს ამ უსამართლობას.
ჩვენ, როგორც ორი რეჟიმის მსხვერპლად ქცეული ოჯახი, გთხოვთ, მოისმინოთ ჩვენი ხმა. დაგვეხმარეთ, რომ ეს მოვლენები მსოფლიოს გავაგებინოთ. ჩვენ მხოლოდ სამართლიანობას, ადამიანის უფლებების პატივისცემასა და სიმართლის აღდგენას ვითხოვთ. ბიძინა ივანიშვილმა აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისთვის გადაცემით ჩვენი უკანასკნელი იმედიც წაგვართვა”, – წერს სევინჩ სადიგოვა.
საქართველოდან დაახლოებით 2 თვის წინ დეპორტირებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანში, უკვე შეწყვეტილ საქმეზე კვლავ დააპატიმრეს.
აფგან სადიგოვის ადვოკატის ცნობით, 2024 წელს აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურაში აღძრული აფგან სადიგოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხელახლა განიხილება:
„გენერალურმა პროკურატურამ 2024 წელს აფგან სადიგოვის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყვიტა. ამ საქმის დაზარალებულებმა ბინაგადის რაიონულ სასამართლოს მიმართეს გენერალური პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. დღეს სასამართლომ საჩივარი განიხილა, გააუქმა გენერალური პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილება და დაზარალებულთა მოთხოვნა დააკმაყოფილა. შედეგად, 2024 წელს აფგან სადიგოვის წინააღმდეგ აღძრული საქმე კვლავ გამოძიებას დაექვემდებარა. ამავე დღეს ბინაგადის რაიონულმა სასამართლომ აფგან სადიგოვს 30 ივლისამდე პატიმრობა შეუფარდა.“
2024 წელს Azel TV-ის ინტერნეტარხის დამფუძნებლის, აფგან სადიგოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით (გამოძალვა მუქარით).
2024 წლის 4 აგვისტოს აფგან სადიგოვი საქართველოში აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი დაკავებისა და აზერბაიჯანში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჟურნალისტის ექსტრადიცია აკრძალა.
აფგან სადიგოვი 2025 წლის აპრილში გათავისუფლდა. 2026 წლის 1 აპრილს აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყვიტა. 3 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ, გენერალური პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე, გააუქმა აფგან სადიგოვისთვის საქართველოს დატოვების აკრძალვა.
თუმცა 2026 წლის 4 აპრილს, ღამით აფგან სადიგოვი თბილისში მდებარე სახლიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს და აზერბაიჯანში გააძევეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მხარის მიერ კანონის უხეში დარღვევის შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
აზერბაიჯანში დეპორტაციის შემდეგ ჟურნალისტთან საუბარში აფგან სადიგოვმა განაცხადა:
„აზერბაიჯანის ხელისუფლება სამშობლოში დაბრუნებულ ოპონენტებს დაუყოვნებლივ არ აკავებს – ამას მოგვიანებით აკეთებს.“
აფგან სადიგოვი მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საქმე მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.
საერთაშორისო უფლებადამცველმა და ჟურნალისტურმა ორგანიზაციებმა საქართველოში აფგან სადიგოვის დაკავება და აზერბაიჯანში მისი გადაცემა მკაცრად დაგმეს.

6 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·