27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, თბილისში მსვლელობა გაიმართება.
მსვლელობის შესახებ დღეს გმირთა მემორიალთან „აფხაზთა კრებამ“ განაცხადა. მსვლელობას უერთდებიან პოლიტიკური პარტიები: „ახალი“, „დროა“, „გირჩი — მეტი თავისუფლება“, „ევროპული საქართველო“, „თავისუფლების მოედანი“, „ჯერ საქართველო“, „ფედერალისტები“ და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, ასევე, საპროტესტო ჯგუფები: „კულტურა დემოკრატიისთვის“, „დამკვირვებლები“, „მთა თავისუფლებისთვის“, „დაიცავი განათლება — სსუ“, „300 ქალი“, „თავისუფალი აუდიტორია“, „ერთი ხალხი — ერთი საქართველო” და „საფიხვნო”.
მსვლელობა სლოგანით „აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს!” 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გმირთა მემორიალის მიმართულებით გაიმართება.
„27 სექტემბერი შეგვახსენებს, ვინ არის საქართველოს საუკუნოვანი მტერი, რომელმაც 1992 წელს ქართული სახელმწიფოებრიობის ჩანასახშივე გასანადგურებლად აფხაზეთში 1-წლიანი სისხლიანი ომი წამოიწყო და ქართველებს გენოციდი მოგვიწყო. საქართველოს დღესაც იგივე მტერი ჰყავს, თუმცა ამავდროულად ქვეყანას ამ მტრის ბუნებრივი მოკავშირე, ივანიშვილის რეჟიმი მართავს, რომელიც ცდილობს საქართველოს უახლესი ისტორია გადაწეროს, მტერი და მოყვარე ერთმანეთში აგვირიოს, საზოგადოების დემორალიზებასა და დეზორიენტირებას მიაღწიოს, ქვეყანას მოკავშირეები ჩამოაშოროს და 90-იანი წლების მსგავსად, საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო დატოვოს. ამ ომში დაღუპული გმირებისა და გენოციდის მსხვერპლთა წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ ხსოვნა არ არის. მათი მსხვერპლი გვავალდებულებს, სისხლიანი ომიდან 33 წლის თავზე, ვასალი რეჟიმის გამოყენებით, რუსეთშ თავისი ამოცანების შესრულების, საქართველოს თავისუფალი სამყაროდან ჩამოშორებისა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის განადგურების შესაძლებლობა არ მივცეთ“, — ნათქვამია „აფხაზთა კრების“ განცხადებაში.
netgazeti