აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს მიმართავს, გააუქმოს „ოკუპირებული ტერიტორიების კანონი"

4 hours ago 2

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, გააუქმოს „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.

დე ფაქტო მინისტრი რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში, რომელიც დღეს, 22 აპრილს გამოქვეყნდა, ამბობს, რომ ყურადღების მიღმა არ რჩებათ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, ბარციცის სიტყვებით, „ძირითად მეზობლებთან - აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების გაჯანსაღების შესახებ“.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საჭიროა ამის პრაქტიკულად დადასტურება და რეალური ნაბიჯები, მათ შორის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ გაუქმება, რადგან ის „ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“.

საქართველომ ეს კანონი 2008 წლის აგვისტოს ომის და რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ მიიღო.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ ოლეგ ბარციცი „საგარეო საქმეთა მინისტრად" 2025 წლის 18 აპრილს დანიშნა. მან სერგეი შამბა შეცვალა.

„ტასის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბარციცი იმეორებს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ არაერთხელ გამოთქმულ პოზიციას, რომ საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებასაც.

სრულად წაკითხვა