აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებამ გუდაუთის რაიონში, რიწის ტბასთან მდებარე კაფე „გროტში“ 26 აგვისტოს მომხდარ მასობრივ ჩხუბზე პროცესუალური შემოწმება დაიწყო. უწყების ცნობითვე, ინციდენტის შედეგად მოსკოვიდან ჩასული ორი ტურისტი დაშავდა, სამართალდამველები კი, ჩხუბში მონაწილე პირების დადგენასა და დაკავებას ცდილობენ.
დე ფაქტო შსს-ის ინფორმაციით, პოლიციას მიმართა მოსკოვის მცხოვრებმა, 1988 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, რომელიც ოჯახთან ერთად დროებით იმყოფებოდა აფხაზეთში. უწყების ცნობით, 26 აგვისტოს ის ოჯახის წევრებთან ერთად რიწის ტბაზე ექსკურსიის ჯგუფში იმყოფებოდა.
უწყება აცხადებს, რომ კაფე „გროტში“ მომხდარი ჩხუბის შედეგად მამაკაცმა და მისმა ძმამ მიიღეს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა და ტვინის შერყევა, რაც გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში დაფიქსირდა.
დე ფაქტო შსს-ს განცხადებით, მიმდინარეობს თვითმხილველების გამოკითხვა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლები ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ ჩხუბის ყველა მონაწილის დასადგენად და დასაკავებლად. ამ ეტაპზე დაკავებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
დაზარალებულის ვერსია
ინციდენტის შესახებ განსხვავებულ და გაცილებით დეტალურ ვერსიას ავრცელებს Telegram არხი „Осторожно, новости“. არხთან საუბრისას ერთ-ერთმა დაზარალებულმა, ვადიმმა, განაცხადა, რომ ჯგუფში სულ რვა ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ქალები და 8 წლის ბავშვი.
მისი თქმით, კონფლიქტი ჯერ კიდევ ექსკურსიის დროს დაიწყო. ვადიმის განცხადებით, ჯიპის მძღოლმა წინასწარ შეუთანხმებლად მარშრუტს დამატებითი ლოკაცია დაამატა და შემდეგ ტურისტებს დამატებით 1000 რუბლის გადახდა მოსთხოვა თითოეულზე. მისი თქმით, ამ საკითხზე კამათი მოგვარდა.
შემდეგ ჯგუფი კაფე „გროტში“ სადილზე მივიდა. ვადიმის განცხადებით, ერთ-ერთმა ტურისტმა საკვების ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზია გამოთქვა. მისი თქმით, ეს კონფლიქტიც თავდაპირველად მოგვარდა და ტურისტებმა ანგარიში გადაიხადეს.
დაზარალებულია მონაყოლის მიხედვით, რამდენიმე წუთის შემდეგ ერთ-ერთმა ჯიპის მძღოლმა ერთ-ერთ ტურისტს სახეში დაარტყა, რის შემდეგაც ჩხუბში სხვა მძღოლები და კაფის თანამშრომლები ჩაერთნენ. მისი შეფასებით, თავდამსხმელთა რაოდენობა დაახლოებით 30 ადამიანს შეადგენდა.
დაზარალებული ასევე ამტკიცებს, რომ ტურისტები კაფეში შეათრიეს და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, თავდასხმის დროს გაისმა ფრაზა „მოკალით რუსები“. მისი მონაყოლით, ადგილზე მისული სამართალდამცველების ყოფნის დროსაც გაგრძელდა დაპირისპირება.
netgazeti