ამის გამო მას 2000-დან 5000 ლარამდე ჯარიმა ან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება. მისი საქმის განხილვა 11 აპრილს დაინიშნა.
ჯიოშვილი, - რომელიც ამავე დროს ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორია, - აცხადებს, რომ დღეს, 8 აპრილს, დაურეკეს საპატრულო პოლიციიდან და მოახსენეს, რომ მის მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილით.
ეს მუხლი „პოლიციის სიტყვიერი შეურაცხყოფას“ ითვალისწინებს.
ჯიოშვილი, რომელიც ამჟამად გორში იმყოფება, პოლიციამ გორის სასამართლოსთან დაიბარა და იქვე გააცნო სამართალდარღვევის ოქმი, თუმცა მას ჯიოშვილმა ხელი არ მოაწერა. პოლიციელმა წაუკითხა ოქმის შინაარსი:
„მოქალაქე ლაშა ჯიოშვილმა 2025 წლის 6 აპრილს სოციალურ ქსელ ფეისბუკზე გამოაქვეყნდა ვიდეორგოლი, სადაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამასთან, ვიდეოზე თანდართულ ტექსტში ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს“.
ჯიოშვილი ამბობს, რომ 6 აპრილს შეესწრო პოლიციის ეკიპაჟის მიერ სამართალდარღვევას და შესაბამისი პოსტი გამოქვეყნა.
6 აპრილით დათარიღებულ პოსტში ის ნიშნავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდს და სამინისტროს აგინებს, ვიდეოში კი ამბობს, რომ:
- გორის საკრებულოსთან „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო მორიგი აქციისას დემონსტრანტებს გამვლელი მანქანიდან „რაღაცა მიაძახა“, პოლიციის ეკიპაჟი თავდაპირველად აედევნა, თუმცა მოვლენები ასე განვითარდა:
- „გავყევით მანქანით და გადავიღეთ, როგორ ტკბილად საუბრობენ, შემდეგ მხარზე ხელის დარტყმით, ხელის ჩამორთმევით ემშვიდობებიან ერთმანეთს“;
- მისი თქმითვე, 6 აპრილს აღმოაჩინეს, რომ იგივე მანქანა გადაადგილდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საშვით.
ჯიოშვილი ამბობს, რომ პოსტისა და ვიდეოს წაშლას არ აპირებს: „[პოსტში] შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვიხსენიებ ისე როგორც ეკუთვნოდათ. ისევ მაგ აზრზე ვარ“, - ამბობს ის 8 აპრილს გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ლაშა ჯიოშვილი 20 თებერვალს 2500 ლარით ერთხელ უკვე დააჯარიმეს. საქმე ეხებოდა 18 თებერვალს - მილიარდერი ექსპრემიერის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს საპროტესტო აქციისას მის დაკავებას.
ჯიოშვილს იმ დღეს აქციაზე მიტანილი ჰქონდა ბანერი წარწერით: „დღეს ყველა ვთანხმდებით პრეზერვატივის მნიშვნელობაზე“.
მოგვიანებით, რუსთაველის მიმდებარედ, ჯავახიშვილის ქუჩაზე ის სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა პოლიციელებმა დააკავეს. ჯიოშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პოლიციელებს, რომლებიც მაშინ „ტიტუშკები“ ეგონა, მისი ფოტო ჰქონდათ:
„ტელეფონში უყურებდნენ ჩემს ფოტოს, ნამდვილად მე ვიყავი თუ არა. მელოდებოდნენ და როგორც კი ჩამოვედი [მესხიას ქუჩიდან], მაშინვე მომვარდნენ“.