აქციის მონაწილეები დღეს 12:00 საათიდან აპროტესტებდნენ აღდგომის ღამეს, 20 აპრილს ამავე ადგილას დემონსტრანტების დაკავებას.
მოგვიანებით, დაახლოებით 13:40 საათისთვის ისინი გზის სავალ ნაწილზე გადავიდენ.
14:13 საათზე მათთან პოლიციელები მივიდნენ და მოუწოდეს, გადავიდნენ სავალი ნაწილიდან, შემდეგ კი, 14:14 საათზე, ძალის გამოყენებით დაიწყეს დემონსტრანტების განდევნა ზგის სავალი ნაწილიდან.
რადიო თავისუფლების რეპორტიორის ცნობით, მალევე პოლიციის თანამშრომლებმა სავარაუდოდ, სამი ადამიანი დააკავეს. ისინი პოლიციის მანქანებით გადაიყვანეს.
პარლამენტის მხარეს, ტროტუართან პოლიციელების ერთზოლიანი კორდონი ჩადგა.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს დაკავებულთა რაოდენობისა და მათზე ინფორმაციის დასაზუსტებლად. უწყების პასუხის მიღების შემდეგ ინფორმაცია განახლდება.
მანამდე დემონსტრანტები სკანდირებდნენ: „ძირს რუსული რეჟიმი“, „ბრძოლა, ბრძოლა ბოლომდე“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ძირს რუსული რეჟიმი“.
აღდგომის დღეს, გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, პოლიციამ მიხეილ სამხარაძე და გიორგი ორთოიძე ადმინისტრაციული წესით დააკავა.ორივე მათგანი ამ დრომდე იზოლატორში რჩება.
დღევანდელ აქცია სწორედ მათდამი სოლიდარობის ნიშნად ტარდება.