აქციის დაშლის საფუძველი არ არსებობდა - ომბუდსმენი

2 weeks ago 8

სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (00:34), როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დაშლა დაიწყეს, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.

„სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები და სპეციალური საშუალებების გამოყენება, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მიეცეს საშუალება განაგრძონ აქცია“, - წერია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმი, გარდა პარლამენტის მიმდინარედ, რუსთაველის გამზირისა, მობილიზებულია რესპუბლიკის მოედანზე, - დემონსტრაციის ძირითადი კერისაგან დაახლოებით 600 მეტრის დაშორებით.

იქვეა წყლის ჭავლის მანქანაც.

რესპუბლიკის მოედანზე სპეცრაზმელებმა უკვე დააკავეს რამდენიმე ადამიანი 01:30 საათისათვის.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო დემონსტრაციების მე-9 ღამეს სპეცრაზმმა კვლავ დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა. დააკავეს არაერთი ადამიანი - მათი რაოდენობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია.

დაკავებულთა შორისაა ცოტნე კობერიძე, თბილისის საკრებულოს წევრი ოპოზიციური პარტიიდან „გირჩი - მეტი თავისუფლებიდან“.

დააკავეს ასევე ახალგაზრდა ქალი, რომელიც კორდონის წინ რამდენიმე წუთის განმავლობაში იდგა.

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა დაახლოებით 00:30-ზე დაიწყო.

თავისუფლების მოედანზე განლაგებული სპეცრაზმელები, სპეცტექნიკის თანხლებით დაიძრნენ.

ამჟამად კვლავ ისმის გამაფრთხილებელი შეტყობინებაც, რომელიც მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებს.

სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისგან ათავისუფლებს რუსთაველის გამზირს. დემონსტრანტებმა „ცისფერი გალერეისკენ“ გადაინაცვლეს, თუმცა არ იშლებიან.

სრულად წაკითხვა