19 მარტს, თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გმირთა მემორიალთან ახალგაზრდების მიერ ერთი წლის დადებული ფიცის ტექსტი ისევ გაიმეორეს. ფიცის ტექსტი, რომელსაც შარშან, დღეს პატიმრობაში მყოფი ზვიად ცეცხლაძე კითხულობდა, წელს მისმა მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ წაიკითხა.
ფიცის ტესტი წელსაც უცვლელია:
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები, შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი მათი სულების წინაშე. ვფიცავთ, რომ არასდროს დავთმობთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას! ვფიცავთ, რომ არასდროს შევეგებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის დათმობას ცდილობს! ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს, სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს, ჩვენს ერთობას და ჩვენს რწმენას. ვფიცავ! ვფიცავ! ვფიცავ! გაუმარჯოს დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს!“
ზვიად ცეცხლაძის მამამ მიმართა გმირთა მოედანზე შეკრებულ ახალგაზრდებს, პატიმართა ოჯახსი წევრებს და მეგობრებს, რომ ამიერიდან ის მათი წინამძღოლი იქნება ყველა ბრძოლაში, სადაც ეს ბრძოლა გაიმართება საქართველოს კეთილდღეობისათვის:
„ამ ბრძოლაში პირველი ტყვია მე უნდა მომხვდეს და თქვენ იქნებით აბსოლუტურად დაცული, ყელა ტყვია ჩემზე იქნება ამ ქვეყნის და თქვენ უვნებელი ჩაიბარებს ამ ქვეყანას" - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ ფიცის დადების წინ მიმართვაში.
გმირთა მემორიალთან, ფიცის დადების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა ზვიად ცეცხლაძის სატელეფონო მიმართვა ჩართეს, რომელიც მან საპატიმროდან გამოგზავნა:
„თუ გსურთ მშვიდობა, დათმეთ ძალაუფლება! თქვენ ჩვენთან ბრძოლას ვერ მოიგებთ - ამ სიტყვებით მიმართა ზვიად ცეცხლაძემ "ქართულ ოცნებას".
19 წლის ზვიად ცეცხლაძე ციხიდან უთვლის მოქალაქეებს, რომ ახლა დანებების დრო არაა, რადგან არჩევანი მარტივი გასაკეთებელია - "ან ვიქცევით რუსეთის გუბერდნიად, ან ვიბრძოლებთ ტავისუფლებისთვის, თუნდაც სიცოცხლის ფასად" - ამბობს ზვიად ცეცხლაძე:
"თანამებრძოლებო, ამ წუთებში ციხეებიდან ათობით აღელვებული გული შემოგცქერით და ნატრობს, რომ თქვენთან ერთად დებდეს ფიცს გმირების წინაშე. თანამებრძოლებო, უკვე დიდი ხანია ითხოვთ სამართალს, ითხოვთ ახალ არჩევნებს, ითხოვთ პატიმრების გათავისუფლებას, მაგრამ არსებობს ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც გამარჯვებას მოგიტანთ - გადადგეს ქართული ოცნება. როდესაც ურიცხვი ბოროტი ქმედება ხდება მთავრობის მთავარი იარაღი, მაშინ ხალხის მოვალეობაა დაამხოს ესეთი მთავრობა და დაიცვას დემოკრატია, ჩვენ დიდი ხანია ვითმინეთ, ვითმინეთ ოჯახის წევრების დასისხლიანება, გატაცება, გაგუდვა, დაპატიმრება, ციხეებში წამება, ღირსების შელახვა, ამან რეჟიმი მხოლოდ გაათამამა. მათ მოთმინება და მიმტევებლობა სისუსტედ ჩაგვითვალეს ... ნათელია, ოლიგარქი თავის მიზანს არ დათმობს , რუსეთს არ შეელევა, ეს მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია და იგი დათმობაზე მხოლოდ მაშინ წავა , თუ იძულებულს გავხდით“, - აცხადებს ზვიად ცეცხლაძე.
აქციის მონაწილეებმა გმირთა მემორიალთან საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და კვლავ მსვლელობით გაემართნენ ქაშვეთის ეკლესიისკენ, სადაც აღდგომის დღესასწაულს ერთად შეხვდებიან.