აღდგომის ღამეს დაკავებულ ერთ-ერთ დემონსტრანტს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

4 hours ago 2

აღდგომის ღამეს, კვირას, 20 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დაკავებულ ერთ-ერთ დემონსტრანტს, გიორგი ორთოიძეს, 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე ნათია ბუკია ავრცელებს.

„5 დღე მიუსაჯეს ჩემს უპატიოსნეს და უწესიერეს ქმარს ტროტუარზე დგომისთვის“, - წერს ნათია ბუკია ფეისბუკზე.

გიორგი ორთოიძე და კიდევ ერთი დემონსტრანტი, მიხეილ სამხარაძე, 20 აპრილს, გვიან ღამით დააკავეს, როდესაც საპროტესტო აქცია დიდი ხნის დაწყებული და გზა გადაკეტილი იყო.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ფეისბუკზე დაკავების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ახალგაზრდები ე.წ. სამართალდამცველებმა მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მათ აღდგომას ულოცავდნენ.

მათ დაკავებას მეორე დღეს მთელი დღის განმავლობაში მსვლელობით აპროტესტებდა დემონსტრანტების შედარებით მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში დაჰყვებოდა პოლიციელთა კორდონი.

მიხეილ სამხარაძის სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.

როგორც მისმა ადვოკატმა მარიამ მაღრაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, დღეს, 22 აპრილს, დაახლოებით 23:00 საათზე გადის დაკავების 48-საათიანი ვადა.

ამის შემდეგ სამხარაძეს, სავარაუდოდ, განყოფილებიდან გამოუშვებენ, სასამართლო კი მოგვიანებით გაიმართება. მას კვლავ შეიძლება ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდონ.

სრულად წაკითხვა