აშშ აცხადებს, რომ იემენში ჰუთებს პორტი გაუნადგურა

3 days ago 7

ამერიკელმა სამხედროებმა იემენში დაარტყეს წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე პორტ რას-ისას და ნავთობტერმინალს, რომელსაც მეამბოხე ჰუთები აკონტროლებენ.

შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მიერ 17 აპრილს, გვიან ღამით გავრცელებული ინფორმაციით, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების საწვავის და უკანონო შემოსავლის წყარო, რას-ისას პორტი განადგურებულია

ამერიკული სარდლობის განცხადებით, ტერორისტული ორგანიზაცია ეკონომიკურ და სამხედრო სარგებელს იღებს მხარდამჭერი ქვეყნებისა და კომპანიების მეშვეობით მაშინ, როცა საწვავი კანონიერად უნდა მიეწოდებოდეს იემენელ ხალხს, ამიტომ შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა მიმართეს ზომებს ჰუთების უკანონო შემოსავლის წყაროს ლიკვიდაციისთვის.

ჰუთების მიერ კონტროლირებული ტელეარხის, Al Masirah-ის ცნობით, ამერიკელების ავიადარტყმების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 38 და დაიჭრა 102 ადამიანი. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია გადამოწმებული არ არის.

ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების შიიტური გასამხედროებული დაჯგუფება, რომელიც თავს „ანსარ ალაჰს“ უწოდებს, იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანას აკონტროლებს. ჰუთები მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-სა და საუდის არაბეთს.

2023 წლის შემოდგომიდან, ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ, ჰუთებმა არაერთხელ სცადეს ისრაელზე სარაკეტო შეტევა და წითელ ზღვასა და ადენის სრუტეში დაიწყეს სხვადასხვა ქვეყნის გემებზე დრონებით და რაკეტებით თავდასხმები.

გემებზე ჰუთების თავდასხმების აღსაკვეთად საერთაშორისო კოალიცია შეიქმნა. იემენში ჰუთების ობიექტებს ხშირად უტევენ აშშ და ისრაელი.

სრულად წაკითხვა