WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს შეატყობინა, რომ აპირებს 725 მილიონი დოლარის გადახდას გაეროსთვის - შეტყობინების დოკუმენტს გაეცნო სააგენტო Reuters-ი. სააგენტოს მოაქვს ჰუმანიტარული სექტორის ექსპერტთა შეფასება - რომ ეს დადებითი ნაბიჯია მილიარდობით დოლარის ოდენობის ვალის დაფარვის გზაზე.

აშშ-ის ადმინისტრაცია გაეროს მიმართ გამოთქვამდა კრიტიკას, რომ ეს გლობალური ორგანიზაცია საკუთარ პოტენციალს ვერ პასუხობს. აშშ-მა შეწყვიტა გაეროს რამდენიმე სააგენტოს დაფინანსება. თანხის დაგეგმილ გადახდაზე კითხვას აშშ-ის ოფიციალურმა პირმა უპასუხა, რომ ნებისმიერი თანხა დამოკიდებული იქნება ორგანიზაციაში რეფორმების გაგრძელებაზე და დასძინა, რომ პარასკევის მონაცემებით აშშ-ს ჯერ არაფერი ჰქონდა გადარიცხული - წერს Reuters-ი.

გაეროს მონაცემებით, აშშ-ს ვალი აქვს ორგანიზაციის წევრობასთან დაკავშირებული საწევრო გადასახადის გამო, და საერთო ანგარიშით ის ოთხ მილიარდ დოლარს აჭარბებს. ვალის ნაწილი უნდა დაბრუნდეს რეგულარული ბიუჯეტის ანგარიშზე, ნაწილი - სამშვიდობო ოპერაციებისთვის. ვაშინგტონი აცხადებს, რომ მისი ვალის საერთო მოცულობა გაცილებით ნაკლებია.

გაეროს ქარტიის მე-19-ე მუხლის თანახმად, წევრი სახელმწიფო გენერალურ ასამბლეაზე ხმის მიცემის უფლებას კარგავს, თუ ყოველწლიური გადასახადით დაგროვილი მისი ვალი ორ წელიწადს გადააჭარბებს - თუმცა შეღავათების გაწევის პერიოდები დასაშვებია.

გამოცემა The Wall Street Journal-ი 2026 წლის მაისში წერდა, რომ გაეროს ღრმა ფინანსური კრიზისი შეექმნა აშშ-ის და ჩინეთის მხრიდან გადასახადების შეკავების გამო. ეს ორი ქვეყანა გაეროს უმსხვილესი დონორია, მათზე მოდის ორგანიზაციის საბაზო ბიუჯეტის 42 პროცენტამდე. ფინანსების დეფიციტის გამო გაერომ დაიწყო ხარჯების მასშტაბური შეკვეცა.