აშშ-ისა და ირანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მიაღწიეს შეთანხმებას ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ.
როგორც Reuters წერს, ეს არის წინასწარი შეთანხმება, რომელმაც ნავთობზე ფასების კლება გამოიწვია, თუმცა თეირანის ბირთვული პროგრამის საკითხს შემდგომი მოლაპარაკებების საგნად ტოვებს.
„ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმება უკვე დასრულებულია“, — დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის პლატფორმა Truth Social-ზე.
ტრამპის ეს პოსტი მალევე გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც რაც პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, რომლის ქვეყანაც მედიატორის როლს ასრულებდა, განაცხადა, რომ შეთანხმებას ორშაბათს, 15 ივნისს, დილის საათებში მიაღწიეს.
ურთიერთგაგების მემორანდუმის ოფიციალური ხელმოწერა პარასკევს, 19 ივნისს, შვეიცარიაში იგეგმება.
შეთანხმების ზუსტი პირობები ცნობილი არ გამხდარა. პაკისტანის პრემიერმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ შეთანხმება ითვალისწინებს „სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ და მუდმივ შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში“.
„ლიბანი უთანხმოების მთავარი საგანი იყო“
კონფლიქტის ყველაზე მძიმე შედეგები ლიბანს შეეხო, სადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 1.2 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა ისრაელის შეტევის გამო ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ. ამ უკანასკნელმა ისრაელს ცეცხლი 2 მარტს, თეირანის მხარდასაჭერად გაუხსნა.
ეს ქვეყანა მოლაპარაკებებში უთანხმოების მთავარ საგანს წარმოადგენდა, რადგან ისრაელმა და „ჰეზბოლამ“ უგულებელყვეს ტრამპისა და სხვების მოწოდებები, ბოლო კვირებში ერთმანეთზე თავდასხმები შეეწყვიტათ.
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს სამდივნომ განაცხადა, რომ ომი და სამხედრო ოპერაციები ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, მუდმივად შეწყდებოდა ორშაბათი ღამიდან.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ აღნიშნა, რომ ლიბანზე ისრაელის თავდასხმები სრულად უნდა შეწყდეს და Telegram-ზე დაწერა, რომ ჩარჩო შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება. ნაბიჰ ბერიმ, ლიბანის პარლამენტის სპიკერმა და „ჰეზბოლას“ მოკავშირემ, განაცხადა, რომ ეს შეთანხმება საფუძველს უყრის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას რეგიონში, მათ შორის ლიბანში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, აშშ-ირანის შეთანხმებაზე საჯარო გამოხმაურება ჯერ არ ჰქონია.
თუმცა, თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელი შეეწინააღმდეგება ნებისმიერ ზეწოლას სამხრეთ ლიბანის იმ ტერიტორიებიდან ძალების გაყვანის შესახებ, რომლებიც მას დაკავებული აქვს.
„ეს არის 7 ოქტომბრის მოვლენების მთავარი გაკვეთილი. პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ეს ნათლად განუმარტა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკელ სხვა მაღალჩინოსნებს, მე კი გუშინ ასევე განვუმარტე აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს“, – განაცხადა კაცმა.
სრუტე ხელახლა გაიხსნება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ უფრო ყოვლისმომცველი შეთანხმება 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში განიხილება, რაც ირანისთვის სანქციების შემსუბუქებასაც მოიცავს.
როგორც წყაროებმა ადრე განუცხადეს სააგენტო Reuters-ს, ირანის ბირთვული პროგრამის ბედი, რომელიც კიდევ ერთი მწვავე საკითხია, ასევე ამ შემდგომ მოლაპარაკებებზე გადაწყდება.
ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე — გლობალური ნავთობისა და გაზის მიწოდების უმნიშვნელოვანესი საზღვაო გზა, რომელიც ირანმა თვეების განმავლობაში ფაქტობრივად ჩაკეტა, პარასკევს გაიხსნებოდა და მან გასცა ბრძანება ირანის პორტების აშშ-ის მიერ ბლოკადის დასრულების შესახებ.
„მსოფლიოს ხომალდებო, აამუშავეთ თქვენი ძრავები. მიეცით ნავთობს დინების უფლება!“ — დაწერა ტრამპმა.
Reuters წერს, რომ ამ ამბის ფონზე ნავთობის ფასები დაეცა.
„ეს ომი ტრამპისა და კონგრესში მისი თანაპარტიელი რესპუბლიკელებისთვის შიდაპოლიტიკურ ტვირთად იქცა, რადგან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებდა ამერიკელების დიდ უკმაყოფილებას საწვავის ფასების ზრდის გამო ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ. თუმცა ტრამპი ასევე განიცდიდა ზეწოლას საკუთარი პარტიის წევრებისგან, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ ირანის ბირთვული პროგრამის სრულ ლიკვიდაციას.
თავისი პირველი ვადის განმავლობაში, ტრამპმა აშშ გამოიყვანა 2015 წლის მრავალმხრივი ირანის ბირთვული შეთანხმებიდან, რომელიც დემოკრატი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას დროს იყო მიღწეული და რომელიც თეირანს სანქციებს უხსნიდა მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვისა და საერთაშორისო ინსპექტირების სანაცვლოდ.
ირანმა ამას ურანის გამდიდრების დაჩქარებით უპასუხა“, – წერს Reuters.
შეთანხმების შესახებ განცხადებას ეხმაურებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. ერთობლივ განცხადებაში დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ აღნიშნეს, რომ მზად არიან გააუქმონ სანქციები ირანის წინააღმდეგ მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვისკენ გადადგმული „ნათელი და შემოწმებადი ნაბიჯების“ საპასუხოდ.
შეთანხმებას ჩინეთიც მიესალმა.
სანამ შეთანხმება გამოცხადდებოდა, ირანის მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, რომ პროექტის პირობების თანახმად, აშშ დათანხმდებოდა ირანის 25 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინული აქტივების გათავისუფლებას. ტრამპის ადმინისტრაციამ მანამდე განაცხადა, რომ ირანული ფულის ნებისმიერი გათავისუფლება მოხდებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ირანი სამშვიდობო შეთანხმებით გათვალისწინებულ გარკვეულ პირობებს შეასრულებდა.
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა, რომელიც ასევე შეთანხმების გამოცხადებამდე საუბრობდა, აღნიშნა, რომ შეთანხმება საბოლოოდ ირანის ბირთვული პროგრამის დემონტაჟამდე მიიყვანდა პროცესს, ხოლო მისი გამდიდრებული ურანის მარაგი განადგურდებოდა და გატანილი იქნებოდა. ირანის მაღალჩინოსანმა კი განაცხადა, რომ შეთანხმების პროექტი ირანს, რომელიც უარყოფს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობას, ქვეყნის შიგნით გამდიდრებული ურანის კონცენტრაციის შემცირების საშუალებას მისცემდა.

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·