აშშ-ის კონგრესში დღეს წარადგენენ “ქართული ოცნების” მთავრობის არაღიარების აქტს - FOX News

1 week ago 4

ამერიკული FOX News-ის ცნობით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მოკავშირეების მთავრობის აღიარებაზე უარის თქმას, საქართველოს ლეგიტიმურ ლიდერად სალომე ზურაბიშვილის ცნობას და ახალი არჩევნების მოთხოვნას.

„ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაა, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის მიმდინარე დანაშაულების გამო არ აღიაროს ან არ მოახდინოს ურთიერთობის ნორმალიზება საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც უძღვება ბიძინა ივანიშვილი ან მისი ნებისმიერი მოკავშირე (proxies)“- წერია "ქართული კოშმარის არაღიარების აქტში" რომლის ავტორები არიან რესპუბლიკელი კონგრესმენი სამხრეთ კაროლინიდან ჯო უილსონი და დემოკრატი კონგრესმენი ტენესიდან სტივ კოენი, წერია.

FOX-ის თანახმად, გარდა ამისა კანონპროექტი „საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად“ აღიარებს სალომე ზურაბიშვილს, 26 ოქტომბრის არჩევნებს კი „გაყალბებულს“ უწოდებს.

საკანონმდებლო აქტის კიდევ ერთი პუნქტი უკავშირდება „საქართველოს კონსტიტუციის აღდგენას“, რაც გულისხმობს „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას“, რომელიც, თავის მხრივ, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და თანათავმჯდომარემ უნდა დაამტკიცონ.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ამჟამად „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკულად განწყობილი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია, თანათავმჯდომარე კი დემოკრატი სენატორი ბენ კარდინი.

ამერიკული გამოცემა იუწყება, რომ კანონპროექტს დღეს, 8 იანვარს წარადგენენ კონგრესში.

კანონპროექტის დამტკიცებას დასჭირდება ჯერ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის, შემდეგ კი სენატის თანხმობა. მომდევნო ეტაპზე, მას ხელი უნდა მოაწეროს აშშ-ის პრეზიდენტმა. ამ თანამდებობას 20 იანვარს მეორედ დაიკავებს დონალდ ტრამპი.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მას სამართლებრივი ძალა ექნება და შესაბამისად, აშშ-ის მთავრობის პოლიტიკად იქცევა.

“სანქცირებული ოლიგარქი ივანიშვილის “ქართული ოცნების” პარტია პუტინის ხელსაწყო გახდა. მათ გააყალბეს ოქტომბრის არჩევნები და უკანონოდ აირჩიეს სუსტი პრეზიდენტი. აშშ ვერ და არ აღიარებს ამ არალეგიტიმურ მთავრობას“, - უთხრა კონგრესმენმა კოენმა FOX-ს და დასძინა:

„იქამდე, სანამ ივანიშვილის რეჟიმი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს დათანხმდება, მთლიანად იზოლირებული უნდა იყოს დემოკრატიული მთავრობებისგან“.

„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ იმასაც ითვალისწინებს, რომ აშშ-ის მთავრობა „აქტიურად შეეწინააღმდეგოს სხვა მთავრობების მიერ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცნობას.

კონგრესმენმა უილსონმა 5 იანვარს დაწერა X-ზე, რომ „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ კონგრესში წარსადგენად მზად იყო.

"ქართული კოშმარის არაღიარების აქტი შემუშავებულია და მზადაა წარსადგენად! ქართველი ხალხი ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. აშშ არ აღიარებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მომხრე, პროირანულ ივანიშვილის რეჟიმს!" - დაწერა უილსონმა.

წინა დღით, 4 იანვარს, უილსონმა X-ზე დაწერა, რომ კონგრესმენებთან, სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონსა და მარკ ვეზისთან ერთად ხელახლა წარადგინა MEGOBARI აქტი 119-ე მოწვევის კონგრესში.

„მეგობარი აქტი“, რომლის განახლებული ვერსიაც ხელახლა დარეგისტრირდა შეერთებული შტატების განახლებულ წარმომადგენელთა პალატაში, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან ერთად, მათი ოჯახის წევრებისთვისაც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას.

კანონპროექტი ერთდროულად ორ სცენარზეა გათვლილი და „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს „თაფლაკვერსა და მათრახს“ - ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში, ითვალისწინებს სამხედრო დახმარებას, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ხოლო კურსის შენარჩუნების შემთხვევაში - კიდევ უფრო მკაცრ სანქციებს.

ოჯახის წევრებს სანქციები შეეხებათ იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების შესახებ შემოწმებისას - რასაც ამ კანონპროექტით კონგრესი ავალდებულებს აღმასრულებელ ხელისუფლებას - დადასტურდება, რომ ისინი მონაწილეობდნენ კორუფციასა თუ ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვაში.

„მეგობარი აქტი“ თავდაპირველად 2024 წლის 20 მაისს - საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე - დარეგისტრირდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში. მსგავსი შინაარსის აქტი - „ქართველი ხალხის აქტი“ - შეიტანეს კონგრესის ზედა პალატაში, სენატშიც.

სრულად წაკითხვა