აშშ-ის პრეზიდენტის ახლო აღმოსავლეთის ტურნე: ტრამპმა მონაწილეობა მიიღო GCC-ს სამიტში და სირიის ახალ პრეზიდენტს შეხვდა

6 hours ago 1

14 მაისს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კატარში ჩავიდა. მანამდე ის საუდის არაბეთში იმყოფებოდა.

საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში დონალდ ტრამპი სირიის ახალ პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შეხვდა - ყოფილ მეამბოხეს, რომელიც აბუ მოჰამედ ალ-ჯოლანის სახელით იყო ცნობილი. ეს არის ორი ქვეყნის ლიდერების პირველი შეხვედრა ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში.

დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთის დედაქალაქში განაცხადა, რომ სანქციების მოხსნაზე მისი 13 მაისის განცხადება გულისხმობს სირიისთვის „სიდიადის შესაძლებლობის“ მიცემას. ტრამპის ამ გადაწყვეტილების შემდეგ სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სანქციები, რომლებიც თავის დროზე სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას დაუწესეს „ახლა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს სირიის ხალხზე და ხელს უშლის აღდგენისა და რეკონსტრუქციის პროცესს“. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციებმა „ხელი შეუწყო ასადის დამხობას“ და რომ სირიელები „მოუთმენლად ელიან სანქციების სრულად მოხსნას, როგორც სირიასა და მთელ რეგიონში მშვიდობისა და აყვავების მხარდაჭერისკენ გადადგმულ ნაბიჯს“.

„სირიას ახლა აქვს რეალური შესაძლებლობა დაუბრუნდეს გლობალურ ეკონომიკურ სისტემას“ - განუცხადა რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას Soufan Center-ის მკვლევარმა კლარა ბროკერტმა, რომელიც აგრეთვე აღნიშნავს, რომ „ეს არ ნიშნავს, რომ აშშ-მა ყველა ბერკეტი უნდა გააუქმოს - განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება, მაგალითად, უმცირესობათა უფლებების დაცვის უზრუნველყოფას. თუმცა, არსებული სანქციები ამას ვერ უზრუნველჰყოფს და ამის ნაცვლად რიგით სირიელებს სჯის“.

დონადლ ტრამპი და აჰმედ ალ-შარაა ერთმანეთს „სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს“ (GCC) კულუარებში შეხვდნენ. თეთრი სახლის თანახმად, ტრამპმა სირიის ლიდერს ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაცია სთხოვა ე.წ. აბრაამის შეთანხმებებთან მიერთების გზით. მან ასევე მოუწოდა ალ-შარაას პალესტინელი მეამბოხეების დეპორტაციისა და იმ ბანაკებზე კონტროლის დამყარებისკენ, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრები იმყოფებიან და რომლებსაც ამჟამად ქურთი მეამბოხეები აკონტროლებენ.

აშშ-ისა და სირიის ლიდერების ბოლო შეხვედრა 2000 წელს შედგა, როცა პრეზიდენტი ბილ კლინტონი სირიის პრეზიდენტ ჰაფეზ ალ-ასადს შეხვდა ჟენევაში.

ტრამპის ალ-შარაასთან შეხვედრა აჩვენებს აშშ-სირიის ურთიერთობების შერბილებას და სირიის ახალი ხელისუფლების დე ფაქტო აღიარებას, რაც თვეების წინ წარმოუდგენელი იყო.

სირიის ახლანდელი პრეზიდენტი აშშ-ის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა ერაყში, მოგვიანებით, სირიის სამოქალაქო ომის დროს დააფუძნა ალ-ყაიდასთნ დაკავშირებული ჯაბათ ალ-ნუსრა, იგივე ნუსრას ფრონტი.

14 მაისს დონალდ ტრამპმა მონაწილეობა მიიღო „სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) სამიტში, რომელიც საუდის არაბეთის დედაქალაქში გაიმართა. ტრამპმა სამიტზე გამოსვლისას განაცხადა:

„როგორც წუხელ განვაცხადე, სპარსეთის ყურის ქვეყნები არიან სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული შუა აღმოსავლეთის შექმნის ავანგარდში. უნდა ვთქვა, რომ ისეთ პროგრესს ვხედავ, ეს მართლაც დაუჯერებელია. მე ასევე ვხედავ დიდ ერთიანობასა და მეგობრობას, გარკვეული ხანი დავყავი თქვენთან ერთად - უდიდეს ერთიანობას, უდიდეს მეგობრობას ვხედავ. მთელი მსოფლიო აკვირდება შუა აღმოსავლეთს და ბევრი შურითაც უყურებს, თქვენთან რაღაც განსაკუთრებული ხდება. წარმოუდგენელი შესაძლებლობები არის ხელის გაწვდენაზე ამ რეგიონისთვის, თუკი უბრალოდ შევაჩერებთ ერთობ ცუდი აქტორების მცირე ჯგუფისგან მომდინარე აგრესიას. ბაიდენის ადმინისტრაციამ შექმნა ქაოსი და არეულობა, ძირითადად არაკომპეტენტურობის გამო, ირანისა და მისი სატელიტების გაძლიერებით, უგზავნიდნენ მათ მილიარდობით-მილიარდობით დოლარს, უაზროდ. დაუჯერებლად მოჩანდა ჩემთვის.

ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ვთქვი, მოდით კვლავ ვცადოთ. ძალიან ცუდი იყო მის მიერ ზურგის შექცევა სპარსეთის ყურის მოკავშირეებისთვის. ის დღეები ჩავლილია. ყველამ, ვინც ამ მაგიდას უზის, იცის საითაც არის მიმართული ჩემი ერთგულება და ყოველთვის ასე იქნება, არასდროს შევიცვლი ამ დამოკიდებულებას. ჩვენ ვიდგებით ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების გვერდით და შევეწინააღმდეგებით აგრესიას, რომელიც ყველას გვემუქრება".

სრულად წაკითხვა