აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაიცვა კონსტიტუციის მე-14 შესწორება - დაბადებისთანავე მოქალაქეობის უფლებაზე. პრეზიდენტი ტრამპი უკმაყოფილოა

2 hours ago 5

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ აშშ-ში დაბადებულ ბავშვებს აქვთ მოქალაქეობის კონსტიტუციური უფლება, რითაც უარყო დონალდ ტრამპის მცდელობა გაეუქმებინა აშშ-ის 150-წლიანი პოლიტიკა მის ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვებისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე.

9-დან 6-მა მსაჯულმა დაუჭირა მხარი გადაწყვეტილებას, რომ, კონსტიტუციის მე-14 შესწორების თანახმად, აშშ-ში „უკანონოდ ან დროებით მყოფი მშობლების“ შვილები, რომლებიც დაიბადნენ აშშ-ის ტერიტორიაზე, „დაბადებისთანავე მოქალაქეები არიან“.

პრეზიდენტ ტრამპს სურდა შეეზღუდა აშშ-ში დაბადებისთანავე მოქალაქეობის უფლება შეეზღუდა განკარგულებით, რომლის თანახმადაც, დოკუმენტების არმქონე ემიგრანტების ან დროებითი ვიზიტორების შვილებზე არ გავრცელებულიყო ეს კონსტიტუციური უფლება.

აშშ-ის პრეზიდენტმა სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილება სოციალურ ქსელში გამოხატა - “ძალიან ცუდია“, - დაწერა მან და დაბადებისთანავე მოქალაქეობის უფლების კანონმდებლობის გზით შეცვლის დაპირება დადო:

„აუცილებელი არ არის გრძელი და მოუქნელი საკონსტიტუციო ცვლილება. კონგრესმა დღეს უნდა დაიწყოს მუშაობა ჩვენი ქვეყნისთვის ძვირი და უსამართლო - დაბადებისთანავე მოქალაქეობის უფლების გასაუქმებლად“.

1868 წლიდან აშშ-ის მოქალაქეობა ენიჭება ყველას, ვინც ამ ქვეყანაში დაიბადება. ეს უფლება განისაზღვრა აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორებით და მოგვიანებით გამყარდა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებით.

მე-14 შესწორება მიიღეს სამოქალაქო ომის შემდეგ და თავდაპირველად ის ახალგათავისუფლებული მონებისთვის იყო გათვალისწინებული - „ყველა პირი დაბადებული ან მოქალაქეობამინიჭებული, შედეგად იურისდიქციის ქვეშ მოქცეული, არის აშშ-ის მოქალაქე“.

მთავარმა მსაჯულმა ჯონ რობერტსმა უმრავლესობის მოსაზრებაში დაწერა - „მაშინაც და ახლაც, მოქალაქეობა იყო უფლება, რომ გქონოდა უფლებები - თავისუფლად მიგეღო მონაწილეობა ჩვენს პოლიტიკურ თანამეგობრობაში. მეთოთხმეტე შესწორების ავტორებმა ეს დაპირება განავრცეს „ამ მიწაზე თავისუფლად დაბადებულ ყველა პირზე. ჩვენ დღეს ვასრულებთ ამ დაპირებას“.

სამი მოსამართლე, რომელიც არ დაეთანხმა გადაწყვეტილებას მიიჩნევს, რომ მე-14 შესწორება ბოროტად არის გამოყენებული და „მოქალაქეობას ანიჭებს პრაქტიკულად ყველას, რომელიც ამ ქვეყანაში დაიბადება“ - ვრცელდება იმათ შვილებზეც, ვინვ აშშ-ში ჩადის იმ მიზნით, რომ ბავშვი გააჩინოს და შემდეგ დაბრუნდეს წარმოშობის ქვეყანაში.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსმა სტივენ მილერმა პლატფორმა X-ზე სასამართლოს გადაწყვეტილებას უწოდა „ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს ხანგრძლივ ისტორიაში“. მილერის სიტყვებით: „ამერიკის მოქალაქეობა არ არის მსოფლიოს თანდაყოლილი უფლება. ის ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ამერიკელებს. არ შეიძლება საკონსტიტუციო შესწორების იმგვარად წაკითხვა, რომ ის მოითხოვდეს ჩვენს ეროვნულ თვითგანადგურებას“.

სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან იმიგრაციის მომხრეები და უფლებადამცველები.

2025 წლის 20 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი განკარგულება N 14160, სახელწოდებით - „ამერიკის მოქალაქეობის შინაარსისა და ღირებულების დაცვის“ შესახებ. რამდენიმე მშობელმა გაასაჩივრა ეს განკარგულება - ზოგიერთმა თავისი სახელით, ზოგიერთმა კი შვილების სახელით. მათ მიიჩნიეს, რომ განკარგულება ეწინააღმდგებოდა კონსტიტუციის მე-14 შესწორებას.

სრულად წაკითხვა