პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა შესაძლოა პოლონეთში თავისი პირველი სახმელეთო სამხედრო ბაზა შექმნას.
Politico-ს ცნობით, ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა წლის დასაწყისში არსებული ვითარებისგან, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ქვეყნიდან ჯარების გაყვანას ცდილობდა.
ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს პოლონეთის მთავრობა გამოვიდა „ფორტ ტრამპის“ შექმნის ინიციატივით, რათა ორ ქვეყანას შორის კავშირები განმტკიცებულიყო და ამერიკული ჯარები მეზობელი რუსეთის შესაკავებლად გამოეყენებინათ. თუმცა, როგორც ჩანს, ეს გეგმები მას შემდეგ დაპაუზდა, რაც ტრამპმა ნატოს ალიანსი და უფრო ფართოდ, ევროპა თავდაცვაზე არასაკმარისი ხარჯების გამო გააკრიტიკა.
მაისში, ირანის ომთან დაკავშირებით ტრამპსა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, პენტაგონმა პოლონეთში 4000 ჯარისკაცის როტაცია გააუქმა, თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეცვალა.
„ჩემი მეგობრის, პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის თამამი ლიდერობის წყალობით, პოლონეთში აშშ-ის არმიის ბაზის შექმნის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი მიიღწევა“, – დაწერა ტრამპმა დღეს სოციალურ ქსელში. „თუ ეს მოხდება, ლოკაცია ძალიან მალე გამოცხადდება. ეს იქნება ისტორიული ნაბიჯი ჩვენი დიადი აშშ-პოლონური ალიანსისთვის“.
Politico-ს ცნობით, პოლონეთის საელჩოს კომენტარის თხოვნაზე არ უპასუხია და ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ეტაპზეა პროცესი ორ ქვეყანას შორის.
პოლონეთში დაახლოებით 10 000 ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული. აშშ-ს იქ 2017 წლიდან ჰყავს როტაციული ჯარები და აქვს ორი მუდმივი სამხედრო ობიექტი, თუმცა ორივე მათგანი შედარებით მცირე ქვედანაყოფების მხარდასაჭერადაა გათვლილი.
“ტრამპმა ეს შესაძლებლობა მაშინ გაახმოვანა, როდესაც პენტაგონი საზღვარგარეთ დისლოცირებული აშშ-ის ჯარების განლაგების საკითხს სწავლობს. ამ იშვიათმა განხილვამ ევროპელი ლიდერების შეშფოთება გამოიწვია. ისინი შიშობენ, რომ დაკარგავენ ამერიკულ დახმარებას, რომელიც ნატოზე რუსეთის ნებისმიერი თავდასხმის მოსაგერიებლადაა საჭირო.
თუმცა, აღნიშნული განცხადება ურთიერთობების დათბობაზე მიანიშნებს. მაისში ტრამპი პოლონეთში 5000 ამერიკელი სამხედროს გაგზავნის პირობას დადო, მას შემდეგ, რაც ვარშავამ გაუქმებული როტაციის გამო უკმაყოფილება გამოთქვა”, – წერს Politico.
„ამაზე მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა“, – განაცხადა ნატოს მაღალჩინოსანმა, რომელმაც ამ სენსიტიურ თემაზე საუბრისას ანონიმურობის შენარჩუნება ითხოვა.
მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-მა პოლონეთს 4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, პაველ ბეიდამ, პოლონურ საინფორმაციო არხ TVP-ს განუცხადა, რომ ამერიკული დელეგაცია, პენტაგონის პოლიტიკის ხელმძღვანელ ელბრიჯ კოლბის ჩათვლით, ამ თვეში ქვეყანას ეწვია შესაძლო ბაზისთვის ლოკაციების შესარჩევად.
ევროპაში აშშ-ის მუდმივი სამხედრო ბაზები მხოლოდ ექვს ქვეყანაში მდებარეობს: გერმანიაში, იტალიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ესპანეთში, თურქეთსა და ბელგიაში.
netgazeti