აშშ-მა ხელი მოაწერა ისტორიულ შეთანხმებას უკრაინასთან წიაღისეულთან დაკავშირებით

1 week ago 8

აშშ-მა და უკრაინამ 30 აპრილს ხელი მოაწერეს წიაღისეულის შეთანხმებას და საინვესტიციო ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი იუწყება.

„30 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდის შექმნას. … როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები ვალდებულებას იღებს, ხელი შეუწყოს ამ სასტიკი და უაზრო ომის დასრულებას. ეს შეთანხმება მკაფიოდ მიანიშნებს რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს, მშვიდობის პროცესი დაფუძნებული იყოს თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიან პერიოდში. პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა ეს პარტნიორობა ამერიკელ ხალხსა და უკრაინელ ხალხს შორის, რათა ნაჩვენები იყოს ორივე მხარის ვალდებულება უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუველსაყოფად“, – აღნიშნა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სკოტ ბესენტმა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც და უკრაინის მთავრობაც მოუთმენლად ელოდებიან ამ ისტორიული ეკონომიკური პარტნიორობის სწრაფად ამოქმედებას როგორც უკრაინის, ისე ამერიკელი ხალხისთვის.

თავის მხრივ, უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა იულია სვირიდენკომ დაადასტურა შეერთებულ შტატებთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.

„აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, სკოტ ბესენტთან ერთად ხელი მოვაწერე შეთანხმებას აშშ – უკრაინის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ“, – წერს სვირიდენკო.

მისივე ინფორმაციით, შეთანხმების მთავარი პუნქტებია:

„1. სრული საკუთრება და კონტროლი რჩება უკრაინას. სწორედ უკრაინის სახელმწიფო განსაზღვრავს, სად და რა უნდა მოიპოვოს. წიაღისეული რჩება უკრაინის საკუთრებაში;

2. აშშ-ისა და უკრაინის თანასწორუფლებიანი პარტნიორობა. ფონდი იქმნება 50/50 პრინციპით;

3. ეროვნული საკუთრება დაცულია. ხელმოწერილი შეთანხმება არ ითვალისწინებს ცვლილებებს პრივატიზაციის პროცესებში ან სახელმწიფო კომპანიების მართვაში. ისეთი კომპანიები, როგორიცაა „უკრნაფტა“ ან „ენერგოატომი“, რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში;

4. არავითარი ვალები. ხელმოწერილ შეთანხმებაში არ არის ნახსენები უკრაინის რაიმე ვალდებულებები აშშ-ის მიმართ.

შეთანხმების განხორციელება საშუალებას მისცემს ორივე ქვეყანას, გაზარდოს თავისი ეკონომიკური პოტენციალი თანასწორუფლებიანი თანამშრომლობისა და ინვესტიციების წყალობით“.

ამასთან, სვირიდენკოს თქმით, შეთანხმება შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციას და არ ცვლის უკრაინის ევროინტეგრაციის კურსს.

„ასევე ეს იქნება სიგნალი საერთაშორისო მოთამაშეებისთვის, რომ ჩვენს სახელმწიფოსთან გრძელვადიანი თანამშრომლობა საიმედოა“, – აღნიშნა სვირიდენკომ.

თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით თეორიულად აშშ იღებს „გაცილებით მეტს, ვიდრე 350 მილიარდი დოლარია“.

„მინდოდა, დაცული ვყოფილიყავი“, – აღნიშნა ტრამპმა.

ახლა საჭიროა შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც უკრაინის უმაღლესმა რადამ უნდა მოახდინოს.

სრულად წაკითხვა