WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აშშ-ის სამხედროებმა ომანისა და სპარსეთის ყურეში, ირანის კუნძულ ხარგის მახლობლად, ნავთობის გადამზიდავი ხუთი ირანული ტანკერი გაანადგურეს. ამის შესახებ 9 სექტემბრის დილით აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა.

CENTCOM-ის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი ირანის მიერ ამერიკული სამხედრო ხომალდებისა და იორდანიაში განთავსებული აშშ-ის ძალების ობიექტებზე თავდასხმებს მოჰყვა.

CENTCOM-ის განცხადებაში ჩამოთვლილია ტანკერების სახელები, რომლებზეც აშშ-ის სამხედროებმა იერიში მიიტანეს - Kaviz, Charminar, Horizon 1, Riesco და Derya.

ამერიკელი სამხედროები ირწმუნებიან, ეს ტანკერები ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მომარაგების ქსელში მონაწილეობდნენ.

უწყების ინფორმაციით, ტანკერების ეკიპაჟები თავდასხმებამდე გააფრთხილეს და მათ გემების დატოვება შეძლეს. ინციდენტების შედეგად არავინ დაშავებულა. მათ შორის მსხვერპლი არ არის არც აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებს შორისაც.

განცხადების თანახმად, ტანკერებზე დარტყმები ირანის მიერ ამერიკულ სამხედრო ხომალდზე თავდასხმის წარუმატებელ მცდელობას მოჰყვა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მანამდე განაცხადა, რომ ირანი „ტანკერებს დაკარგავს“ ყოველ ჯერზე, როდესაც ჰორმუზის სრუტის ან ომანის ყურის მიმდებარე ტერიტორიაზე ამერიკულ გემებზე თავდასხმას შეეცდება.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სამხედროებმა სამი ირანული ტანკერი ჩაძირეს, რასაც ამერიკული მხარე ირანის მიერ თავდასხმის მცდელობაზე საპასუხო მოქმედებად აფასებს.

9 სექტემბრის ღამეს ირანულმა ძალებმა იორდანიის მიმართულებით 20 რაკეტა გაუშვეს. გავრცელებული ცნობით, მათგან 18 ჩამოაგდეს, ხოლო ორს სამიზნე არ დაუზიანებია.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ იერიში მიიტანა ორ ამერიკულ სამხედრო ხომალდსა და ნავთობის რვა ტანკერზე და როგორც ირწმუნებიან მათ „მნიშვნელოვანი ზიანი“ მიაყენეს. ამ განცხადების დამოუკიდებლად დადასტურება ამ დროისთვის შეუძლებელია.

ბოლო ესკალაციამ ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ მკვეთრად შეამცირა.