აშშ „მწვანე ბარათის“ წესებს ამკაცრებს – უცხოელები განაცხადის შესატანად სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ

4 hours ago 1

აშშ-ის ხელისუფლება მიგრაციის პოლიტიკის გასამკაცრებლად კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. ახალი წესის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ამერიკაში დროებითი სტატუსით იმყოფებიან და მუდმივი ბინადრობის უფლების (ე. წ. „მწვანე ბარათი“ – Green Card) მიღებას ცდილობენ, განაცხადის შესატანად საკუთარ ქვეყანაში მოუწევთ დაბრუნება, სადაც შეუძლიათ განაცხადი აშშ-ის საკონსულოში შეიტანონ. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

შესაბამისი ცვლილება აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურმა – U.S. Citizenship and Immigration Services (USCIS) – სპეციალური პოლიტიკის მემორანდუმით გამოაცხადა. უწყების განმარტებით, ახალი მიდგომა მიზნად ისახავს საიმიგრაციო სისტემის „კანონის თავდაპირველი დანიშნულებით“ ფუნქციონირებას და იმ პრაქტიკის შეზღუდვას, რომელსაც ადმინისტრაცია „სისტემური ხარვეზების გამოყენებად“ მიიჩნევს.

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის (United States Homeland Security) განცხადებით, „უცხოელი, რომელიც აშშ-ში დროებით იმყოფება და „მწვანე ბარათის“ მიღება სურს, საკუთარ ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს განაცხადის შესატანად“.

რას ცვლის ახალი პოლიტიკა

აქამდე გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელი იყო სტატუსის ცვლილების პროცედურის აშშ-ის ტერიტორიაზე გავლა – განსაკუთრებით მათთვის, ვინც ქვეყანაში უკვე ლეგალურად იმყოფებოდა. ახალი ინსტრუქციის მიხედვით კი, USCIS-ის ოფიცრები თითოეულ საქმეს ინდივიდუალურად განიხილავენ და მხოლოდ „განსაკუთრებულ გარემოებებში“ დაუშვებენ გამონაკლისს.

იმიგრაციის სამსახური ამტკიცებს, რომ ცვლილება ადმინისტრაციულ რესურსს გამოათავისუფლებს და სხვა საიმიგრაციო საქმეების უფრო სწრაფად დამუშავების საშუალებას შექმნის.

თუმცა გადაწყვეტილებამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია უფლებადამცველ და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში.

ლტოლვილთა და მიგრანტთა მხარდამჭერმა ორგანიზაციამ – HIAS-მა განაცხადა, რომ ახალი პოლიტიკა განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ტრეფიკინგის მსხვერპლთ, ძალადობას გამოქცეულ ადამიანებსა და დაუცველ არასრულწლოვანებს.

ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლება ასეთ პირებს აიძულებს, დაბრუნდნენ იმ ქვეყნებში, საიდანაც უსაფრთხოების მიზეზებით გაიქცნენ, რათა იქიდან გააგრძელონ მუდმივი ბინადრობის უფლების მიღების პროცედურა.

ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ მსგავსი მოთხოვნა შესაძლოა ბევრისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდეს როგორც უსაფრთხოების, ისე ფინანსური და ბიუროკრატიული ბარიერების გამო.

ტრამპის ადმინისტრაციის მიგრაციული კურსი

ახალი რეგულაცია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უფრო ფართო საიმიგრაციო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად მკაცრდება.

გასულ წელს ადმინისტრაციამ სტუდენტური, კულტურული გაცვლითი და მედიის ვიზების მოქმედების ვადების შემცირების ინიციატივაც წამოაყენა. მიმდინარე წლის იანვარში კი სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ 100 000-ზე მეტი ვიზა გაუქმდა.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ვაშინგტონი მიგრაციული სისტემის კონტროლის გამკაცრებას და დროებითი ვიზებით ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობების შემცირებას ცდილობს.

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ცვლილებას

ახალი წესები განსაკუთრებით შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც აშშ-ში უკვე იმყოფებიან სამუშაო, სასწავლო ან ჰუმანიტარული სტატუსით და მომავალში მუდმივი ბინადრობის უფლების მიღებას გეგმავდნენ.

იმიგრაციის სფეროს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ცვლილებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს საკონსულო პროცესების დატვირთვა, გაახანგრძლივოს განხილვის ვადები და დამატებითი გაურკვევლობა შექმნას იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ამერიკაში ცხოვრების გაგრძელება სურთ.

ნანა ძნელაძე

სრულად წაკითხვა